ახალი ამბებიეკონომიკა

აუნაზღაურდებათ თუ არა ზეგანაკვეთური მათ, ვინც 3-15 იანვარს იმუშავა?

20 იანვარი, 2021 •
აუნაზღაურდებათ თუ არა ზეგანაკვეთური მათ, ვინც 3-15 იანვარს იმუშავა?

მთავრობის მიერ 3-15 იანვრის პერიოდის უქმე დღეებად გამოცხადებამ არაერთი თავსატეხი გააჩინა: ვისზე ვრცელდება უქმე დღეები? როგორ ანაზღაურდება შრომა? მოუწევს ვინმეს ამ დასვენების ხარჯზე შაბათობით მუშაობა?

პროფკავშირების თანახმად, მთავრობის ამ ნაბიჯმა, აზრთა სხვადასხვაობასთან ერთად, მანკიერი პრაქტიკა და დასაქმებულთა უფლებების ხელყოფა გამოიწვია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. „ნეტგაზეთმა“ ამ საკითხის გარკვევა სცადა.

უქმე დღეები – ვისთვის?

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის შემოდგომაზე მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით სხვადასხვა შეზღუდვა დააწესა.

26 ნოემბერს მთავრობამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით პერიოდი უქმე დღეებად გამოცხადებულიყო.

საქართველოს კანონმდებობაში უქმე დღეებს შრომის კოდექსი, კერძოდ კი კოდექსის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს. ეს დღეებია მარიამობა, ქალთა საერთაშორისო დღე და ა.შ.

ამასთან, ამავე კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი მთავრობას აძლევს შესაძლებლობას, დადგენილებით განსაზღვროს სხვა უქმე დღეებიც. 26 ნოემბერსვე მთავრობამ შესაბამისი დადგენილება (#698) გამოსცა.

იმის გამო, რომ 7 იანვარი (მართლმადიდებლური შობა) კოდექსით უკვე უქმე დღე იყო, მთავრობის დადგენილებაში ჩაიწერა, რომ უქმე დღეებად განისაზღვრება 3-6 და 8-15 იანვარის პერიოდები.

გადაწყვეტილების მიღების არგუმენტად მობილობის შემცირება დასახელდა.

მინისტრების დაზუსტება

31 დეკემბერს ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა გამოსცეს ერთობლივი ბრძანება, სადაც განისაზღვრა 12 სექტორი/საქმიანობა, რომელსაც აღნიშნული დადგენილება არ შეეხებოდა.

შესაბამისად, აღნიშნულ სექტორებში უქმე დღეები არ გამოცხადებულა. ეს სექტორები იყო პირველადი ჯანდაცვა, აფთიაქები, სურსათის მაღაზიები, ყველა სახის გადაზიდვა, საფოსტო-საკურიორო მომსახურება, ნავთობის და გაზის მოპოვება და ა.შ.

სექტორები სრულად
მეწარმე სუბიექტები ან/და საქმიანობები, რომლებზეც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება და რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის

  1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.
  2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.
  3. ფარმაცევტული საქმიანობა.
  4. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.
  5. საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება.
  6. ელექტროენერგის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.
  7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება.
  8. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები.
  9. სამაშველო საქმიანობა.
  10. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
  11. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).
  12. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.

მოგვიანებით, 5 იანვარს, ამ ბრძანებაშიც შევიდა ცვლილებები და აღნიშნულ სექტორებს დაემატა მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები და მათთან დაკავშირებული საქმიანობები.

ამასთან, ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ მთავრობის 2020 წლის დადგენილებაში და დაადგინა, რომ უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ 26 ნოემბრის №698 დადგენილება არ გავრცელდებოდა არც ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებზე (ანუ ბანკებზე).

უქმე დღეებში დაისვენა საჯარო სექტორის ნაწილმა. კერძოდ, საჯარო დაწესებულებებმა თავად განსაზღვრეს, მათ დაქვემდებარებაში მყოფ რომელ სამსახურებზე/მოსამსახურეებზე, არ გავრცელდებოდა უქმე დღეები.

აღნიშნული ბრძანებებით შეიქმნა საკმაოდ ფართო სია იმ საწარმოებისა/საქმიანობებისა და, შესაბამისად, დასაქმებულებისა, ვისზეც უქმე დღეები არ გავრცელდა. მათ ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძეს მუშაობა.

ვინ იმუშავა?

3-15 იანვრის პერიოდის გასვლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრძანებებში ჩამოთვლილმა სექტორებმა ჩვეულებრივად განაგრძეს მუშაობა. შესაბამისად, მათი ანაზღაურების ტარიფთან თუ სხვა საკითხებთან კითხვნის ნიშანი არ დგას — შრომა ჩვეულებრივი ტარიფით უნდა ანაზღაურდეს.

რაც შეეხება მათ, ვისაც შეეხო უქმე დღეები: უქმე დღის შინაარსიდან გამომდინარე, განკარგულება ან სხვა რომელიმე სამართლებრივი დოკუმენტი ვერ დააწესებდა აუცილებლობას, რომ ამ დღეებში ყველა სხვა სექტორს დაესვენა; არ არსებობს სანქცია, რაც შესაძლოა დაკისრებოდა საწარმოს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ჩამონათვალში არ შედიოდა და უქმე დღეებში იმუშავებდა.

ეს გარემოება კი კითხვნის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ გადაწყვეტილების — უქმე დღეების გამოცხადების — მიზანშეწონილობას. იმის ფონზე, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა [დაახლოებით 300 000 ადამიანის] უმრავლესობა ისედაც დისტანციურად მუშაობდა, ამ ნაბიჯმა მობილობაზე სავარაუდოდ მინიმალური გავლენა მოახდინა.

მუშაობა შაბათს?

ამ ყველაფრის პარალელურად, 3-15 იანვრის უქმე დღეებად გამოცხადებამ ბუნდოვანება შემოიტანა ანაზღაურების საკითხში: ვინც დაისვენა, ის მიიღებს ანაზღაურებას, როგორც, მაგალითად, 1-2 იანვრისთვის მიიღებდა? ვისზეც უქმე დღეები გავრცელდა, მაგრამ მაინც ამუშავეს, ზეგანაკვეთურს მიიღებს?

აქ საყურადღებოა, რომ შრომის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი დამსაქმებელს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დასაქმებულს, რომ მან სამუშაო, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღის ნაცვლად, მის მომდევნო დასვენების დღეს (მაგალითად, საჯარო სამსახურის შემთხვევაში, შაბათს ან კვირას) შეასრულოს.

გამოდის, რომ კოდექსი შესაძლებლობას ტოვებს, რომ იმ ადამიანებს სხვადასხვა, მათ შორის საჯარო სექტორში, ვისაც უქმე დღეები შეეხო, დამსაქმებელმა მოსთხოვოს, 12 დასვენების დღე (შაბათი/კვირა) იმუშავოს.

ჩვენთვის ცნობილია სულ მცირე, ერთი ასეთი შემთხვევა: დასაქმებულმა, რომლის სამუშაო სფეროსაც შეეხო უქმე დღეებად გამოცხადება, დამსაქმებელს ჰკითხა, რის გამო არ ისვენებდნენ ამ პერიოდში, რაზეც დამსაქმებელმა უპასუხა, რომ 3-15 იანვარს დასვენების სანაცვლოდ შემდეგ პერიოდში შაბათ-კვირა მუშაობა მოუწევდა. ამასთან, ის არ იღებს ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას [დასაქმებულმა არ ისურვა საჯაროდ იდენტიფიცირება]. რჩება შესაძლებლობა, რომ ეს [გადავადებული] შრომა გაზრდილი ტარიფით არ ანაზღაურდეს.

ანაზღაურების საკითხი

ისეთ უქმე დღეებში მუშაობის ზეგანაკვეთურად ანაზღაურებაზე, რომელიც მთავრობამ განკარგულებით გამოაცხადა, კოდექსი არაფერს ამბობს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება (GTUC) აცხადებს, რომ იგივე სტანდარტი უნდა გავრცელდეს მთავრობის დადგენილ უქმე დღეებზეც, რაც შრომის კოდექსში გაწერილ უქმე დღეებზე ვრცელდება; მათი ინტერპრეტაციით, მთავრობის დადგენილ უქმე დღეებში მუშაობაც ზეგანაკვეთურად უნდა ანაზღაურდეს:

„მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელი, ისედაც არათანაბარ და მოწყვლად მდგომარეობაში ამყოფებს დასაქმებულს, რამდენადაც ის დამსაქმებელს უფლებას აძლევს მოთხოვოს დასაქმებულს, რომ მან სამუშაო მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღის ნაცვლად, მის მომდევნო დასვენების დღეს შეასრულოს“, – აცხადებს პროფკავშირი.

მოსაზრებას, რომ თუკი ადამიანებს ამ უქმე დღეებში დასვენების სანავლოდ მომდევნო შაბათ-კვირაობით ამუშავებენ, ეს ზეგანაკვეთურ შრომად უნდა ჩაითვალოს და გაზრდილი ტარიფით ანაზღაურდეს, იზიარებს იურისტი გიორგი ლანჩავა, შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია EMC-ის მკვლევარი.

ამ მოსაზრებას ის არგუმენტი უმაგრებს ზურგს, რომ დასაქმებულის არჩევანი არ ყოფილა არც ახლა დასვენება და არც მომდევნო შაბათ-კვირას — ანუ მისთვის რეალურად არასამუშაო პერიოდში — მუშაობა; მისი თქმითვე, „დასვენების დღეებში [შაბათ-კვირას] მუშაობა ცალსახად მეტი დატვირთვაა“;

შრომის რეფორმის ავტორი, ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ თუკი მსგავსი საქმე სასამართლომდე მივა, საკითხი იქ გადაწყდება; ისიც ამბობს, რომ კოდექსის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ასეთი შრომა ზეგანაკვეთურად უნდა ანაზღაურდეს;

[ამავე დროს, ისიც კითხვნის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის გამოცხადებული უქმეების მიზანშეწონილობას და ამბობს, რომ ჩანაწერი მომდევნო დასვენების დღეებში მუშაობასთან დაკავშირებით სხვა მიზნით იყო კოდექსში ჩაწერილი].

რას ამბობს შრომის ინსპექცია

მთავარი შრომის ინსპექტორთან, ბექა ფერაძესთან „ნეტგაზეთის“ ინტერვიუდან ვიგებთ, რომ შრომის ინსპექციის ხედვით:

  1. იმ ადამიანს, ვისაც შეეხო უქმე დღეები და დაისვენა კიდეც, ორი შესაძლო სცენარი ელის:
    • ხელფასიც ჩვეულებრივად მიიღოს და არც სანაცვლოდ იმუშავოს წლის განმავლობაში; სავარაუდოდ, ასე მოხდება საჯარო სექტორის იმ ნაწილში, ვისაც შეეხო უქმე დღეები;
    • თუმცა დამსაქმებელს იმის უფლებაც აქვს, რომ ამ უქმეებზე დასვენების სანაცვლოდ დასაქმებულს მომდევო დასვენების დღეებში მოსთხოვოს მუშაობა.

„ნეტგაზეთმა“ მთავარ შრომის ინსპექტორს ასეთი კითხვა დაუსვა: აღნიშნული 12 დღის გადანაწილება მომდევნო დასვენების დღეებზე (შაბათ-კვირას) ხომ არ გამოიწვევს დასვენების უფლების ხელყოფას — კერძოდ, 40-საათიანი სამუშაო კვირის პრინციპსა და 7-დღიან პერიოდში უწყვეტად არანაკლებ 24 საათით დასვენების უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევას, — რადგან გამოდის, რომ შემდეგ რამდენიმე კვირა გადაბმულად უნდა იმუშავოს დასაქმებულმა.

ბექა ფერაძემ გვიპასუხა, რომ კოდექსი ამ ყველაფერთან ერთად კრძალავს ორი კვირის განმავლობაში სამუშაო დღეების უწყვეტობას და „დამსაქმებელი ასე ცალსახად ვერ მიაყოლებს, რომ ყველა ეს დღე ამუშავოს ერთიანად გადაბმით, მაგრამ გადანაწილება წესით შესაძლებელი იქნება“. თუმცა, მისი თქმით, მსგავსი შემთხვევა ინსპექციას პრაქტიკაში ჯერჯერობით არ შეხვედრია;

  1. ბექა ფერაძის თქმითვე, იმ ადამიანს, ვისზეც გავრცელდა უქმე დღეები, თუმცა მაინც იმუშავა, დამსაქმებელს შეუძლია შესთავაზოს ორი რამ:
    • ამ დღეებში მუშაობის სანაცვოდ წლის განმავლობაში სხვა დღეებში დასვენება;
    • ამ დღეებში მუშაობის სანაცვლოდ ხელფასის გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება;
      • „ეს მათ შორის მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული, უქმე დღის ნაცვლად რომელიმე დღით დაასვენებს თუ გაზრდილი ტარიფით აუნაზღაურებს“;

რაც შეეხება გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებას:

    • „გაზრდილი ოდენობით ანაზღურება ტექნიკურად შეიძლება სადავო იყოს, მაგრამ მე, როგორც აღმასრულებელი, დისკრეციულად განვმარტავ ნორმას და ვამბობ, რომ რეალურად დადგენილ სამუშაო გრაფიკს მიღმა უწევს დასაქმებულს მუშაობა, რომ ეს ზეგანაკვეთური შრომაა და ზეგანაკვეთური შრომის არსი ის არის, რომ გაზრდილი ტარიფით უნდა ანაზღაურდებოდეს“;
    • ინსპექციას ჯერჯერობით არც მსგავსი შემთხვევა ჰქონია პრაქტიკაში და ბექა ფერაძე ამბობს, რომ წინასწარ გაუჭირდება დაზუსტებით თქმა, რადგან ინდივიდუალურად უნდა მოხდეს განხილვა; თუმცა, მისი თქმით, დასაქმებული რომ მსგავსი პრობლემით მივიდეს ინსპექციაში, ინსპექცია ამ საკითხს სავარაუდოდ ასე განმარტავს და დამსაქმებელს მოსთხოვს, რომ გაზრდილი ტარიფით აანაზღაუროს ხელფასი;

ზეგანაკვეთურის ტარიფი

კიდევ ერთი საკითხი, რაც ამ მსჯელობაში იკვეთება, ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებაა.

საქმე ისაა, რომ შრომის კოდექსის 27-ე მუხლი ადგენს, — ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით.

თუმცა კოდექსი კვლავ არ ადგენს განაკვეთის გაზრდილ ოდენობას და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ „ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით“.

[რეფორმის პირველ ეტაპზე კანონპროექტი ითვალისწინებდა ჩანაწერს, რომლის თანახმადაც ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურებულიყო შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, არანაკლებ ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125%-ისა. თუმცა ეს ჩანაწერი ბიზნესასოციის და პარლამენტის უმრავლესობის ნაწილის წინააღმდეგობის ფონზე, კომპრომისის სახით, ბოლო რედაქციაში აღარ გავიდა].

ეს ნიშნავს, რომ ტარიფის დაუზუსტებლობის ფონზე, პრაქტიკაში დამსაქმებელს ეძლევა შესაძლებლობა, მინიმალურად/ნომინალურად აანაზღაუროს ზეგანაკვეთური სამუშაო.

„ნეტგაზეთმა“ მთავარ შრომის ინსპექტორს ჰკითხა, რამდენად სამართლიანია, როდესაც ნომინალურად ხდება მომატება – თუკი ადამიანი მივა შრომის ინსპექციაში/სასამართლოში ამ პრობლემით, ჩაითვლება თუ არა 1 თეთრით მეტის გადახდა გაზრდილი ტარიფით ანაზღაურებად?

მთავარმა შრომის ინსპექტორმა გვიპასუხა, რომ ეს საკითხო სიღრმისეულ მსჯელობა მოითხოვს და ვნახავთ, პრაქტიკა როგორ დაარეგულირებს ამ საკითხს; ჯერჯერობით მსგავსი შემთხვევა ინსპექციას არ ჰქონია.

თუმცა როგორც რეფორმის ავტორმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა „ნეტგაზეთთან“ საუბარში თქვა ჯერ კიდევ რეფორმის მიღებისას, შრომის ინსპექციისა და სასამართლოს მომავალი პრაქტიკიდან გამომდინარე, დასაქმებულს მაინც მოუწევს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების რეალურად მომატებული ტარიფით გაცემა.

როგორც მან „ნეტგაზეთს“ განუცხადა, სასამართლოში უკვე ორი პრეცედენტია, როდესაც ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებად დადგენილია 125-პროცენტიანი და 150-პროცენტიანი ანაზღაურება, შრომის ინსპექციას კი მომავალში შეეძლება, ამ პრეცედენტებს დაეყრდნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი