ახალი ამბები

საქართველო შეუერთდა 9 ქვეყნის ერთობლივ დეკლარაციას ენერგეტიკის სექტორზე

3 ოქტომბერი, 2019 •
საქართველო შეუერთდა 9 ქვეყნის ერთობლივ დეკლარაციას ენერგეტიკის სექტორზე

ლიბერალური ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, განახლებადი ენერგიების [ქარისა და მზის] პროექტების მხარდაჭერა – ამ და სხვა საკითხებზე 9 ქვეყანამ ტაშკენტში ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი.

საქართველოს გარდა, დეკლარაციას ხელს ხელს აწერენ უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ავღანეთის, მონღოლეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის წარმომადგენლებიც.

შეხვედრას საქართველოდან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდა, რომელიც ამჟამად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობს.

როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმებას ხელს აზერბაიჯანი აწერს, რადგან საქართველო ამ ქვეყნიდან ელექტოროენერგიის იმპორტ/ექსპორტს ახორცილებს. ჩიქოვანი განმარტავს, რომ თუ დღეს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) მხოლოდ ერთი სახელმწიფო კომპანიისგან აწარმოებს ელექტროენერგიის შეძენას, ლიბერალური ბაზრის პირობებში სხვა მოთამაშეებიც გამოჩნდებიან, რაც ფასზე აისახება. ეს კი საქართველოსთვის, როგორც მყიდველისთვის, მნიშვნელოვანია.

“ის ქვეყნები, რომლებიც ადრე ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციასა და ინტეგრაცაზე არ ფიქრობდნენ, ახლა ყველამ ამ საკითხზე დაიწყო ფიქრი. მართალია, ჯერ ამას მხოლოდ დეკლარაციის სახე აქვს, თუმცა ეს ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ დეკლარაციის ხელმომწერი აზერბაიჯანია. ხელმოწერით ქვეყანა ამბობს, რომ  ბაზრის ლიბერალიზაციას ახდენს და კუნკურენციის ხელშესაწყობად მზად არის. ანუ, თუ აზერბაიჯანში იქნება სხვადასხვა  გენერატორი, ზოგი კერძო, ზოგიც- სახელმწიფო, რომლებსაც ერთმანეთში კონკურენცია ექნებათ, ეს ფასზე აისახება.

ლიბერალური ბაზარი წაახალისებს ექსპორტსაც. მაგალითად, როდესაც ქვეყანას აქვს არჩევანი, თავისი ძვირი ელექტროენერგია გამოიმუშაოს თუ იაფი შემოიტანოს, ეს ჩვენთვის, როგორც ექსპორტიორისთვის, ხელსაყრელია. დღეს ჩვენ შეიძლება ვერ ვყიდით იმდენ ელექტროენერგიას, თუმცა მომავლში, როცა ჭარბი გამომუშავება გვექნება, საექსპორტო ბაზრები დაგვჭირდება. ამ შემთხვევაში ლიბერალური ბაზარი შემდეგნაირად მუშაობს: თუ უკეთესს ფასს შევთავაზებთ, ვიდრე ადგილზე აზერბაიჯანულ კომპანიას აქვს, მაშინ ჩვენ შევალთ იმ ბაზარზე”, – ამბობს ჩიქოვანი.

მიღებულ დეკლარაციაში განახლებადი ენერგიებიც მოხვდა: “ვაღიარებთ, რომ ამ ქვეყნებში ქარისა და მზის ენერგიების გამოყენების კუთხით დიდი პოტენციალი არსებობს, ამიტომ მხარს დავუჭერთ მსგავსი პროექტების განხორციელებას”. ხელმოწერით საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ 2023 წლისთვის ქარისა და მზის პროექტების რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის.

ჩიქოვანს ვკითხეთ, თუ აქვს სახელმწიფოს ჩატარებული კვლევა ქარისა და მზის ენერგიის ნაწილზე, ანუ პოტენციალის სრული ათვისების შემთხვევაში რამდენი  კვტ.სთ ენერგიის გამომუშავება შეუძლია ამ პროექტებს.

“დიახ, ჰესებისაგან განსხვავებით, ქარისა და მზის ენერგიები ჩვენთან შესაბამისად განვითარებული არ არის, თუმცა ვერ გეტყვით, რომ პროექტები არ გვაქვს.  ჯამში, ქარზე  330 მეგავატის სიმძლავრის პროექტებია. ახლა აქტიურად ვმუშაობთ, რომ 30-მეგავატიანი მზის პროექტი დავიწყოთ. ადგილმდებარეობის შერჩევის პერიოდში ვართ. გარდაბანი, რუსთავი და მარნეული- აქედან რომელიმე ადგილს შევარჩევთ.

რაც შეეხება პოტენციალს, მე შემიძლია გითხართ მხოლოდ ის, რამდენის ათვისება შეუძლია 2030 წლითვის საქართველოს: 1200 მეგავატი სიმძლავრის ქარისა და 500 მეგავატი მზის სიმძლავრე. ამ შემთხვევაში საუბარია 10-20 პროექტზე. ამ პროექტების განხორციელება სამ ეტაპად იქნება დაყოფილი 2021, 2025 და 2030 წლამდე”,-აცხადებს ჩიქოვანი.

არასამთავრობო “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენლის, დავით ჭიპაშვილის თქმით, ქვეყანას განახლებად ენერგიებთან დაკავშირებით  სამოქმედო გეგმა არ გააჩნია. მისივე თქმით, ქარის პროექტები ჯერჯერობით მხოლოდ მემორანდუმების დონეზეა.

ამ შემთხვევაში საუბარია რუისის ქარის ელექტროსადგურზე; ცენტრალური ქარის ელექტროსადგურზე; ზესტაფონის ელექტროსადგურსა და ნიგოზას ელექტროსადგურზე. როგორც ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, აქედან მხოლოდ ნიგოზას სადგურის მშენებლობა იგეგმება უახლოეს პერიოდში. დანარჩენი კი ჯერ კიდევ კვლევის ეტაპზეა.

“ჩვენთან სახელმწიფო განახლებად ენერგიებად მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურებს განიხილავს და ასეთ პროექტებს ისეთი ხელშემწყობა აქვთ, რომ მეტად როგორღა უნდა შეუწყონ ხელი, გაუგებარია. მაგალითად, ქარის პროექტების შემთხვევაში სამინისტრო მხოლოდ მემორანდუმების დონეზეა, რომლებიც წლებია [თაროზე] დევს. მგონია, რომ ისინი ფორმალურად არის დადებული, რათა მერე თქვა, რომ ჩვენ კი გვაქვს პროექტები შესაბამისი მემორანდუმებით, მაგრამ ინვესტორები ვერ აშენებენ”,-აცხადებს ჭიპაშვილი.

ჩიქოვანს ქართლის ქარის ელექტროსადგურზეც ვკითხეთ. როგორც მან გვითხრა, ელექტროსადგურის ყიდვით ერთ-ერთი ჩინური კომპანიაა დაინტერესებული.

როგორც ცნობილია, მთავრობა გორში მდებარე ქარის ელექტორსადგურის პრივატიზაციას გეგმავს. ფონდმა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან ერთად საჯარო აუქცონი გამოაცხადა. ელექტორსადგურის საწყისი ღირებულება 14.2 მილიონი დოლარია.

“აქტიურად ვთანამშრომლობთ ADB-თან; EBRD-თან (ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი) და სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა ელექტროსადგურის გაყიდვაზე ინფორმაცია თავიანთ კლიენტებამდე მიიტანონ”.

ტაშკენტში ხელმოწერილ ათპუნქტიან დეკლარაციაში საუბარია ენერგოეფექტურობაზეც. დოკუმენტის მიხედვით, ხელმომწერმა ქვეყნებმა 2030 წლის ჩათვლით ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების გაზრდაზე ინვესტიციების განხორციელების ვალდებულება აიღეს. ამ ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის ინიციატორი აზიის განვითარების ბანკია.

განვითარების ბანკის ვიცეპრეზიდენტმა დივაკარ გუპთამ შეთანხმებას ისტორიული უწოდა, რადგან მისი თქმით, ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაში ენერგეტიკის სექტორს მნიშვნელოვანი როლი უკავია.

“დღევანდელი შეთანხმებით ისინი გააძლიერებენ მუშაობას ელექტოროენერგიის მიწოდებისა და ზოგადად თანამედროვე ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი