ახალი ამბები

დავითაშვილი ჰესების მშენებლობაში საპენსიო ფონდის გამოყენებაზე საუბრობს

20 დეკემბერი, 2022 • 1179
დავითაშვილი ჰესების მშენებლობაში საპენსიო ფონდის გამოყენებაზე საუბრობს

საქართველო ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დიდი ენერგეტიკული პროექტები და, შესაბამისად, ხუდონჰესის პროექტი, შესაძლებელია „საპენსიო ფონდის თანხების ნაწილობრივი გამოყენებით“ განხორციელდეს.

მინისტრმა ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, თუმცა აღარ დაუკონკრეტებია, თუ რა ფორმით მოხდება საპენსიო ფონდის თანხების გამოყოფა.

„სახელმწიფოს მონაწილეობის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია როგორც ადგილობრივი ფინანსური რესურსების მობილიზება, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართვა. [ასევე] საპენსიო ფონდის არსებული თანხების ნაწილობრივი გამოყენება გრძელვადიანი პროექტებისთვის.

ეს არის საქართველოს მოსახლეობის დანაზოგები, რომელიც მაქსიმალური წინდახედულობით ძალიან მნიშვნელოვან, სახელმწიფოებრივ გრძელვადიან პროექტებში იქნეს მიმართული.

შეიძლება ეს იყოს ობლიგაციები, კაპიტალი, ამის სტრუქტურირებას რამდენიმე თვის განმავლობაში მოვახდენთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი განცხადებით, უცხოეთიდან ენერგეტიკის სფეროში ინვესტირების მიმართულებით დიდი დაინტერესებაა.

2022 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგებიკი 421 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, 2023 წელს ქვეყანაში დაიწყება ჰესების მშენებლობა, მათ შორის საუბარია როგორც მცირე ჰესებზე, ასევე, ხუდონჰესსა და ნენსკრაჰესზე.

17 დეკემბერს ბუქარესტში ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთს, უნგრეთსა და ევროკომისიას შორის, რომლის თანახმადაც შავი ზღვის ფსკერზე აშენდება გადამცემი ხაზი, რომლითაც სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი გახდება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი