ახალი ამბები

ქაოსი UK-ის პარლამენტში: ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შეჩერება გააპროტესტა

10 სექტემბერი, 2019 • 1225
ქაოსი UK-ის პარლამენტში: ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შეჩერება გააპროტესტა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა ხუთი კვირით შეაჩერა. ბორის ჯონსონის მთავრობის მოთხოვნა ოფიციალურად დღეს, 10 სექტემბერს დაკმაყოფილდა, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან პროტესტი და უპრეცედენტო სცენები მოჰყვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში. მოვლენები ისევ და ისევ ბრექსიტთან არის კავშირში.

პარლამენტის მუშაობის შეჩერება დიდ ბრიტანეთში ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს შემოდგომაზე ხდება და რამდენიმე კვირა გრძელდება. თუმცა კანონმდებელთა ნაწილის წინააღმდეგობა ვადებით არის გამოწვეული. კერძოდ, ისინი მიიჩნევენ, რომ ჯონსონის გადაწყვეტილება, შეაჩეროს პარლამენტის მუშაობა ახლა, როცა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის(ბრექსიტის) ბოლო ვადამდე – 31 ოქტომბრამდე – 2 თვეც არ რჩება, ბრექსიტთან დაკავშირებით დებატების შეფერხებას და მის სწრაფ განხორციელებას ისახავს მიზნად.

მთავრობის გადაწყვეტილება პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდა და ცხარე დებატები მოჰყვა. თუმცა დღეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის შეწყვეტის ოფიციალურ ცერემონიაზე ქვედა პალატა ქაოტური ეპიზოდების მომსწრე გახდა:

სპიკერ ჯონ ბერკოუს მიერ პროცესის დაწყებისთანავე, დეპუტატთა ჯგუფმა გამოფინა პლაკატები წარწერით “Silenced” (გაჩუმებული) და სცადა, არ მიეცა სპიკერისთვის სამუშაო ადგილის დატოვების საშუალება; ისმოდა შეძახილები “სირცხვილი თქვენ!” მმართველი პარტიის დეპუტატთა მიმართ, რომლებიც ცერემონიის დასრულების შემდეგ დარბაზს ტოვებდნენ; ლეიბორისტმა კანონმდებლებმა, რომელთაც უარი თქვეს პალატის დროულად დატოვებაზე, პროტესტის ნიშნად სოციალისტური “წითელი დროშა” იმღერეს, ირლანდიისა და შოტლანდიის წარმომადგენელი დეპუტატების მხრიდან კი ტრადიციული ირლანდიური და შოტლანდიური მუსიკა ისმოდა.

სპიკერმა ბერკოუმ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გადადგომა დააანონსა და ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებებით არ გამოირჩევა, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნა, რომ პროცესი “არ არის სტანდარტული და ნორმალური”. მისი თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში პარლამენტის მუშაობა ყველაზე დიდი ხნით ჩერდება.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი კანონს არ ეწინააღმდეგება, ოპოზიციონერი კანონმდებლები და სხვები ჯონსონის მთავრობის ქმედებას მწვავედ აკრიტიკებენ. საქმე ეხება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ბოლო ვადას, რომელიც 31 ოქტომბერს იწურება. ბორის ჯონსონის პოზიციაა, რომ ამ ვადაში ქვეყანამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დატოვოს ევროგაერთიანება, თუნდაც, მასთან შეთანხმების გაფორმების გარეშე.

ამ მიდგომას მოწინააღმდეგეები ჰყავს როგორც ოპოზიციაში, ისე პრემიერ-მინისტრის “კონსერვატიულ პარტიაში”. ისინი ფიქრობენ, რომ ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა (no deal-brexit) ბრიტანეთის ეკონომიკას დააზარალებს, ფასებს კი გაზრდის. ამავე დეპუტატებმა გასულ დღეებში კანონპროექტიც მიიღეს, რომელიც ბორის ჯონსონს უკრძალავს ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანას შესაბამისი შეთანხმების გარეშე. დედოფალმა ელისაბედმა კანონპროექტს უკვე მიანიჭა “სამეფო თანხმობა”, რომელიც ფორმალურ სანქციას წარმოადგენს.

ბორის ჯონსონმა “პოლიტიკური ჩიხიდან” გამოსასვლელად პარლამენტს ორჯერ წარუდგინა ვადამდელი არჩევნების ჩატარების ინიციატივა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ ორივე მცდელობა ჩააგდო. ოპოზიციის თქმით, პირველ რიგში, უნდა აღსრულდეს ზემოხსენებული კანონი, რომელიც შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის ევროგაერთიანებიდან გასვლის შესაძლებლობას საბოლოოდ აღმოფხვრის.

მასალების გადაბეჭდვის წესი