დეპუტატები სამუშაო ადგილებზე დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, სექტემბრის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მუშაობას შეაჩერებს. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის ბოლო ვადამდე მხოლოდ რამდენიმე კვირა იქნება დარჩენილი.
პარლამენტის მუშაობის შეჩერების მოთხოვნით გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეს ქვეყნის მთავრობამ მიმართა, რომელსაც კონსერვატორი, ბრექსიტის კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი – ბორის ჯონსონი მეთაურობს. ოპონენტთა თქმით, მთავრობამ ეს ნაბიჯი მოცემულ მომენტში განგებ გადადგა, რათა პარლამენტს “ბრექსიტის” განხორციელების გზებზე სადისკუსიოდ მცირე დრო დარჩეს.
ჯონსონის თანახმად, დედოფლის ტრადიციული მიმართვა, რომელიც პარლამენტის მუშაობის განახლებისას პირველ დღეს იკითხება, 14 ოქტომბერს შედგება. ამ დროს დედოფალი საკანონმდებლო ორგანოში მთავორბის მიერ დაწერილ სიტყვას წარმოთქვამს, რომელშიც მომდევნო წლის განმავლობაში მთავრობისვე პრიორიტეტები, გეგმები და ინიციატივებია ასახული. ბოლო ასეთი მიმართვა ელისაბედ მეორემ 2017 წელს წაიკითხა, რის შემდეგაც ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის მუშაობა 2 წელიწადს გაგრძელდა.
პარლამენტის მუშაობის შეჩერება დიდ ბრიტანეთში ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს შემოდგომაზე ხდება და რამდენიმე კვირა გრძელდება. კანონმდებლობით, მთავრობა უფლებამოსილია, აღნიშნული მოთხოვნით დედოფალს მიმართოს. ეს დიდწილად ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს, ვინაიდან მონარქს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად მცირე ბერკეტები აქვს. ამჟამინდელი მოთხოვნაც ელისაბედ მეორემ უკვე დააკმაყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ პროცესი კანონს არ ეწინააღმდეგება, ოპოზიციონერი კანონმდებლები და სხვები ჯონსონის მთავრობის ქმედებას მწვავედ აკრიტიკებენ. საქმე ეხება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ბოლო ვადას, რომელიც 31 ოქტომბერს იწურება. ბორის ჯონსონის პოზიციაა, რომ ამ ვადაში ქვეყანამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დატოვოს ევროგაერთიანება, თუნდაც, მასთან შეთანხმების გაფორმების გარეშე.
ამ მიდგომას მოწინააღმდეგეები ჰყავს როგორც ოპოზიციაში, ისე პრემიერ-მინისტრის “კონსერვატიულ პარტიაში”. ისინი ფიქრობენ, რომ ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლა(no deal-brexit) ბრიტანეთის ეკონომიკას დააზარალებს, ფასებს კი გაზრდის. BBC-ის ცნობით, ოპონენტი დეპუტატები კანონპროექტის მიღებასაც აპირებენ, რომელიც ბრექსიტის ზემოაღნიშნული ვარიანტის განხორციელებას დაბლოკავს.
აქედან გამომდინარე, პარლამენტის მუშაობის შეწყვეტის მოთხოვნა მაშინ, როცა ბრექსიტამდე ერთი თვე რჩება, ოპონენტებს უჩენს ეჭვს, რომ მთავრობა აღნიშნულ ნაბიჯს განგებ დგამს, რათა პარლამენტში ბრექსიტთან მიმართებით თავიდან აიცილოს წინააღმდეგობა და შესაბამისი განხილვისთვის კანონმდებლებს მცირე დრო (რამდენიმე დღე) დარჩეთ.
ჯონსონი კრიტიკას აბსურდად მიიჩნევს და Rueters-ის თანახმად, “აბსოლუტურად არაჭეშმარიტს” უწოდებს მას. პრემიერ-მინისტრის თქმით, პარლამენტის მუშაობის შეჩერებას მას მისცემს შანსს, განახორციელოს თავისი პროგრამა და, ამავე დროს, “ბრექსიტზე დისკუსიისთვის პარლამენტში უხვი დრო” დატოვოს.
პრემიერის დასაბუთება მოწინააღმდეგეთათვის საკმარისი არ აღმოჩნდა: უკვე 600 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლითაც პრემიერს მოუწოდებენ, არ დაითხოვოს პარლამენტი. ამავე მოთხოვნით ასობით ადამიანი ვესტმინისტერთან შეიკრიბა. “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა ჯერემი კორბინმა ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება დემოკრატიის საწინააღმდეგოდ შეაფასა, შოტლანდიის სასამართლოებში კი უკვე შევიდა დეპუტატების ჯგუფის მიერ მხარდაჭერილი საჩივრები მისი გაუქმების მოთხოვნით.
იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი თავის გადაწყვეტილებას ბოლომდე გაიტანს, პარლამენტი მუშაობას შეწყვეტს არაუადრეს 9 და არაუგვიანეს 12 სექტემბრისა, რაც 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. როცა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას დაუბრუნდება, ბრექსიტამდე სულ 2.5 კვირა იქნება დარჩენილი. თუმცა BBC-ის ანალიტიკოსები და სხვა ბრიტანული მედიასაშუალებები არ გამორიცხავენ კიდევ ერთ სცენარს: იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის დეპუტატები ბორის ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს და უმრავლესობა ამ უკანასკნელს მიემხრობა, ოქტომბერში გაერთიანებულ სამეფოში საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.