ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთი „ოცნების“ რუსულ კანონს აკრიტიკებს

12 აპრილი, 2024 • 999
დიდი ბრიტანეთი „ოცნების“ რუსულ კანონს აკრიტიკებს

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონის შემობრუნების გამო.

„დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით და თანმხლები რიტორიკით, რომელიც ეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დონორების ჩარევას.

გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ დიდი ხანია დიდი ბრიტანეთის საქართველოსთან პარტნიორობის ძირითადი საყრდენია.

შემოთავაზებული კანონი, თუ ის საბოლოოდ მიღებული იქნება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მხარდჭერას ყველა იმ
საკანონმდებლო და სხვა რეფორმების განსახორციელებლად, რაც აუცილებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში მომავალი წევრობისთვის“ ,— ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

კანონპროექტს აკრიტიკებენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კი საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძეს პირისპირ შეხვედრაზეც უთხრა, რომ ამ კანონის მიღება საფრთხეს შექუმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ასეთი კანონი ევროპაში არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი