ახალი ამბები

ევროკავშირის, ბრიტანეთის და აშშ-ის ელჩები კობახიძეს ხვდებიან

15 აპრილი, 2024 • 1425
ევროკავშირის, ბრიტანეთის და აშშ-ის ელჩები კობახიძეს ხვდებიან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში ხვდებიან ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩები.

ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. მთავრობაში ამბობენ, რომ შეხვედრა უკვე 1 კვირაა ჩანიშნულია და დაუგეგმავად არ გამართულა.

რაც შეეხება შეხვედრის თემას, მთავრობის პრესსამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნულ ინფორმაციას შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელებენ.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ელჩები კობახიძისთვის დემარშის (დიპლომატიური პროტესტის) გამოცხადებას აპირებენ. მოვლენებს წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის განცხადება ელჩების დებატებში გამოწვევის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აკრიტიკებს პარტნიორი ქვეყნების ელჩების კრიტიკულ განცხადებებს რუსულ კანონთან დაკავშირებით.

კობახიძე მათ პირდაპირ ეთერში იწვევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვისთვის.

„საქართველო აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის — ევროკავშირში ინტეგრაციის — გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ელჩებთან თანამშრომლობა და მათი მოსაზრებების მოსმენა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია.

ჩვენ ვაფასებთ მოქმედი ელჩების ყველა მხარდამჭერ ნაბიჯსა და განცხადებას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებისკენ არის მიმართული. შესაბამისად, მათ ყველა საფუძვლიან რჩევასა და რეკომენდაციას მომავალშიც განსაკუთრებული გულისხმიერებით მოვეკიდებით“, — ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.

ამავდროულად, პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში.

„ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს — ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს — უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი — არა“, — ამბობს კობახიძე.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების ეს პრაქტიკა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამება, კობახიძის თქმით, ოპოზიციის პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით, მმართველ გუნდს შეუძლია, ამას გარკვეულწილად გაგებით მოეკიდოს.

„თუმცა, გაგებით ვერ მოვეკიდებით ასევე ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ. გასული დღეების განმავლობაში მოვისმინეთ რამდენიმე უცხოელი დიპლომატის კრიტიკული განცხადებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გზავნილები, ეს განცხადებებიც მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას. გამჭვირვალობა და საჯაროობა მანკიერების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ვისმენთ ხოლმე, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა“, — აცხადებს კობახიძე.

მისი თქმით, ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში, რაზეც „ქართულ ოცნებას“ უარი არასდროს უთქვამს და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზადაა.

„თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ“, — აცხადებს ირაკლი კობახიძე.

12 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მზადაა პირადად მიიღოს მონაწილეობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე“ დისკუსიაში როგორც ქართველ, ისე უცხოელ დიპლომატებთან, პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან თუ კანონის რიგით ოპონენტებთან.

ზურა ჯაფარიძემ დებატებში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა და ირაკლი კობახიძეს მოუწოდა, შეასრულოს გერმანიაში დადებული პირობა.

რა ხდება

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო. დასავლელი პარტნიორები საქართველოს მოუწოდებენ, უარი თქვას აღნიშნული კანონის მიღებაზე, რადგან ის ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი