ახალი ამბები

პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მოისწრაფიშვილი FB პოსტის გამო გაათავისუფლა

10 სექტემბერი, 2019 • 3895
პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მოისწრაფიშვილი FB პოსტის გამო გაათავისუფლა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი თანამდებობიდან ფეისბუკპოსტის გამო გაათავისუფლა.

როგორც ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხატია მოისწრაფიშვილი 2019 წლის 4 სექტემბერს სიტყვიერად გააფრთხილეს პრეზიდენტის პრესსპიკერის  უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ხოლო 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

“მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს  მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება”, – აცხადებს პრეზიდნტის ადმინსიტაცია.

მათივე განცხადებით, ხატია მოისწრაფიშვილმა  პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო.

თუმცა, როგორც მოისწრაფიშვილმა ნეტგაზეთს 9 სექტემბერს უთხრა, ის შეთავაზებას არ დათანხმდა და პრეზიდენტთან მუშაობას არ გააგრძელებს.

როგორც მოისწრაფიშვილმა ჯერ კიდევ გუშინ გვითხრა, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო კონკრეტულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო. გარდა ამისა, როგორც ის ამბობს, პრესსპიკერის პოსტის დატოვება არ უკავშირდება ნოდარ მელაძის განცხადებას. “მთავარი არხის” საინფორმაციო” სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე დაწერა, რომ მოისწრაფიშვილს პოსტის დატოვება რუსთავი 2-დან გათავისუფლებული ჟურნალისტებისადმი სოლიდარული ფეისბუკპოსტის გამო აიძულეს.

მოისწრაფიშვილი: პრეზიდენტის პრესსპიკერის პოსტი ჩემით დავტოვე და ადმინისტრაციაში არ ვრჩები

მასალების გადაბეჭდვის წესი