პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოფილი პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ნეტგაზეთთან სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. ის ასევე უარყოფს ადმინისტრაციაში სხვა პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებას.
როგორც მოისწრაფიშვილმა გვითხრა, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო კონკრეტულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო. გარდა ამისა, როგორც ის ამბობს, პრესსპიკერის პოსტის დატოვება არ უკავშირდება ნოდარ მელაძის განცხადებას. “მთავარი არხის” საინფორმაციო” სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე დაწერა, რომ მოისწრაფიშვილს პოსტის დატოვება რუსთავი 2-დან გათავისუფლებული ჟურნალისტებისადმი სოლიდარული ფეისბუკპოსტის გამო აიძულეს.
ხატია მოისწრაფიშვილმა თავისი პოზიცია ნეტგაზეთს დამატებით წერილობითაც მოაწოდა, სადაც აღნიშნულია:
“ამ დრომდე განცხადება არ გამიკეთებია, ვრცელი განცხადების გაკეთებას არც ახლა ვაპირებ. თანამდებობრივ პასუხისმგებლობას, ისევე როგორც მორალურს, ყოველთვის ვგრძნობდი, ასევე ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი კოლეგა ჟურნალისტების მიმართ, რომელთათვისაც ინფორმაციის მიღება და საზოგადოებისათის მიწოდება უპირველესი პროფესიული მოვალეობაა. სწორედ ამ პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩემი ეს კომენტარი არის აუცილებელი, მაგრამ უფრო ვრცელი განმარტების გაკეთება არ იქნება მართებული.
მინდა ვურჩიო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომელთა სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის და მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები გამოცდილება აქვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმეს და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი, არასწორი და მცდარი ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაცია, რომ გავთავისუფლდი პრეზიდენტის პრესპიკერის თანამდებობიდან და გადავედი ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე, არ შესაბამება სიმართლეს.
თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მე მივიღებ პირადად და როდესაც მივიღებ, ამას ვაცნობებ პირველ ყოვლისა პრეზიდენტს, ადმინისტრაციას და ჟურნალისტებს. დამატებით, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მე ვმუშაობ ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შეწყვეტის, ცვლილების რეჟიმს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა.”
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, 9 სექტემბერს ნეტგაზეთს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერის პოსტიდან გაათავისუფლა და ის საქმიანობას კომუნიკაციის დეპარტამენტში, სხვა პოზიციაზე გააგრძელებს. ადმინისტრაციაში ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე დეტალურად არ ისაუბრეს და ჯერჯერობით, არც მოისწრაფიშვილის შემცვლელის ვინაობა დაასახელეს.
ხატია მოისწრაფიშვილი არის მეორე თანამდებობის პირი, რომელმაც ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ერთ წელზე ნაკლებ დროში დატოვა. პირველი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია, რომელმაც პოსტის დატოვების შესახებ დანიშვნიდან რამდენიმე თვეში განაცხადა.