განახლება: ნიუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ხატია მოისწრაფიშვილმა ნეტგაზეთს სატელეფონო ინტერვიუში უთხრა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ის თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს. ის ასევე უარყოფს ადმინისტრაციაში სხვა პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს განაცხადეს, პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. ადმინისტრაციისვე ცნობით, მოისწრაფიშვილი კომუნიკაციის დეპარტამენტში აგრძელებს მუშაობას.
ნეტგაზეთს ადმინისტრაციაში ასევე განუცხადეს, რომ მოისწრაფიშვილი თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა, თუმცა, რა გახდა ამის მიზეზი, ჯერჯერობით არ საუბრობენ. ასევე არ არის ცნობილი, ვინ იქნება პრეზიდენტის პრესსპიკერი.
“მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ მოისწრაფიშვილის პოსტიდან გადაყენება უკავშირდებოდა მის მიერ რუსთავი 2-ის გუნდისთვის ფეისბუკზე საჯაროდ გამოცხადებულ სოლიდარობას მას შემდეგ, რაც არხის მენეჯმენტმა მათი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა.
“სირცხვილია!!! პრეზიდენტის პრესსპიკერს სამსახურიდან წასვლა აიძულო იმის გამო, რომ კრიტიკული ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, რომელიც მისი მეგობარია, რომელთან ერთადაც ბევრი წელი იმუშავა, პოსტი მიუძღვნა”, – დაწერა ნოდარ მელაძემ.
ხატია მოისწრაფიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისი თანამდებობიდან წამოსვლა ნოდარ მელაძეს არ უკავშირდება.
ხატია მოისწრაფიშვილს აღნიშნული პოზიცია სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის დღიდან ეკავა.