ახალი ამბები

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ეპიზოდები, რომლის გასაჩივრებასაც ისინი სტრასბურგში აპირებენ

6 სექტემბერი, 2019 • 1161
ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ეპიზოდები, რომლის გასაჩივრებასაც ისინი სტრასბურგში აპირებენ

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლებმა, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ. საუბარია არა მხოლოდ უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით დაწყებულ გამოძიებაზე, არამედ საქართველოში უკვე დასრულებულ საქმეებზე. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატებმა, სტივენ ქეიმ, ვინსენტ ბერგერმა და ზვიად კორძაძემ, დღეს, 6 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის დაყადაღებულ ანგარიშებზე, რომელზეც, როგორც ადვოკატები ამბობენ, ეროვნულ დონეზე საქმე უკვე ამოწურულია, მხარეს 6 თვე აქვს იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.

ადვოკატების თქმით, ყადაღის გარდა, შესწავლასა და ევროსასამართლოში გასაჩივრებას დაექვემდებარება აღკვეთის შეფარდება, რომელიც გასაჩივრდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

კიდევ ერთი საქმე, რომელიც სავარაუდოდ სტრასბურგში გასაჩივრდება, ეროვნულ ბანკთან მიმდინარე სამართლებრივი დავაა. “თიბისი ბანკის” დამფუძნებლები სებ-ის მიერ 14 თებერვალს მიღებულ იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლითაც მან ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა. შედეგად, ხაზარაძე და ჯაფარიძე “თიბისი ბანკში” რაიმე ოფიციალურ თანამდებობას არ ფლობენ.

როგორც ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, საქალაქო სასამართლომ წარმოება შეწყვიტა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

ადვოკატი განმარტავს, რომ თავიდან რეგულატორთან დავა “თიბისი ბანკმა” დაიწყო, თუმცა მოგვიანებით კომერციული ბანკი ამ საქმეს ჩაეხსნა. მისივე თქმით, დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლებს.

“დაგროვდა საქმეში მასალები, რომლებიც შეიძლება სტრასბურგში გავასაჩივროთ. სწორედ ამიტომ, ამ საქმეში ჩაერთვნენ უცხოელი ადვოკატები. 12 სექტემბერს დანიშნული იყო წინასასამართლო სხდომა, თუმცა ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომა 10 ოქტომბრამდე გადაიდო. ორი შუამდგომლობა, რომლითაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა, მათ შორის ანგარიშებზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდა. ჩვენ ამ საკითხის გასაჩივრებაზე უარი გვეთქვა. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ფულის გათეთრების მუხლი ბრალდებამ ორი მიზეზით აირჩია: პირველი -ის შეზღუდული ხანდაზმულობით არ არის. მეორე- ეს მუხლი ჩვენი კანონმდებლობით იძლევა შესაძლებლობას, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, სასამართლოს ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნით მიმართოს”, – აცხადებს ერთ-ერთი ადვოკატი ზვიად კორძაძე.

ხაზარაძის ბრიტანელი ადვოკატის, სტივენ ქეის ქმით, საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულება არჩევნების მეორე ტურის წინ მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილი წერილია, რომელსაც ბრიტანეთში უტარდება ექსპერტიზა. როგორც ადვოკატი ამბობს, წერილი შესწავლის ეტაპზეა და დაცვის მხარისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მოიცავს.

“11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება. რატომ ვამბობ, რომ ეს უჩვეულო საკითხია? რადგან მთელი ამ დროის მანძილზე არანაირი გამოძიება ამ საკითხზე არ ყოფილა. იმის მიუხედავად, რომ ეროვნულ ბანკს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ჰქონდათ ძალიან ბევრი შესაძლებლობა, ეს საკითხი გამოეძიათ. თავად კონტექსტიც საკმაოდ უჩვეულოა, რადგან საქმის მასალების გაცნობისას ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები საჯარო განცხადებებს აკეთებენ. ჩანს, რომ მათ საკმაოდ დეტალური ცოდნა აქვთ საქმის თაობაზე. ნამდვილად იქმნება შთაბეჭდილებები, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ამ საქმეში არსებობს მტკიცებულებებიც და პირველ რიგში მინდა ვისაუბრო წერილზე, რომელიც 2019 წლის დასაწყისში იყო დაწერილი. საქართველოში მიმდინარე გამოძიებიდან გამომდინარე, ეს წერილი გადაეცა გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს. ბუნებრივია, საქმის მსვლელობისას ვაპირებთ ამ წერილის, როგორც მტკიცებულების, გამოყენებას”, – აცხადებს სტივენ ქეი.

მიმდინარე წლის მარტში პარლამენტში გამოსვლისას ხაზარაძემ თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.

“ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი შს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – აცხადებდა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ბრალს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ქმედებების მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელშეშლაა. სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობდა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელიც პორტს აშენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი