დეპუტატ გია ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მცდარად უწოდებენ “გავრილოვის ღამეს” და მას სინამდვილეში “პარლამენტის შტურმის ღამე” ჰქვია.
დღეს, 3 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, დეპუტატმა საზოგადოებასა და ჟურნალისტებს მოუწოდა, მისი თქმით, ამ ტრაგიკულ მოვლენებს “პარლამენტის შტურმის ღამე” უწოდონ.
“ბევრი თქვენგანი, ჟურნალისტები გამუდმებით იმეორებენ სიტყვებს “გავრილოვის ღამე”. ეს არის მცდელობა, რომ ტრაგიკული მოვლენები სწორედ იმ რაკურსში იქნას წარმოდგენილი, რომელიც იმ ჯგუფს აწყობდა.
რაც მოხდა 20 ივნისს, ამას “გავრილოვის ღამე” კი არა, “პარლამენტის შტურმის ღამე” ჰქვია. სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და თუ წავუყრუებთ, ეს საზოგადოებაში დამკვიდრდება, თითქოს გავრილოვი საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ან ის ამბავი იყო მნიშვნელოვანი. არა, მთავარი იყო პარლამენტის შტურმი და ეს იყო “პარლამენტის შტურმის ღამე” ,- აცხადებს ჟორჟოლიანი.