ახალი ამბები

აიკრძალოს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა – გია ჟორჟოლიანის კანონპროექტი

2 ივნისი, 2020 •
აიკრძალოს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა – გია ჟორჟოლიანის კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჟორჟოლიანი ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. შესაბამისი კანონპროექტი მან 27 მაისს დაარეგისტრირა. ჟორჟოლიანი ინიციატივას წინასაარჩევნო პროცესში თანასწორობის პრინციპის დაცვის აუცილებლობით ხსნის.

ჟორჟოლიანის მიერ წარდგენილი კანონპროექტი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს და გულისხმობს როგორც ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარ მონაწილეობას წინასაარჩევნო დებატებში, ისე წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებას ტელეეთერში “უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად”.

” თანასწორობა“ ფართო ცნებაა და ის აგრეთვე ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებზეც, როგორებიცაა პოლიტიკურ რეკლამა და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, საარჩევნო სუბიექტების მიერ პოლიტიკური რეკლამით სარგებლობის, აგრეთვე დებატებში მონაწილეობის ერთნაირი პირობების მარეგულირებელი ნორმები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, რაც ამჟამად სახეზე არ გვაქვს”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ჟორჟოლიანის აზრით, “წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობა თანაბრად უნდა შეეძლოს ყველა საარჩევნო სუბიექტს და პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ უნდა იმყოფებოდნენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები”.

“…კანონპროექტი ითვალისწინებს, ერთი მხრი,ვ იმას, რომ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა თანაბრად ნაწილდებოდეს ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები არ სარგებლობდნენ განსაკუთრებული პრივილეგიით და, მეორე მხრივ, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა იყოს მხოლოდ უსასყიდლო, რათა ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიუხედავად ფინანსური შესაძლებლობებისა…” – წერია ბარათში.

განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამინდელი კანონმდებლობით, უფასო წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობენ მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები. არაკვალიფიციური სუბიექტების უფასო რეკლამების განთავსების ვალდებულება კი მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, თუმცა დროის ოდენობა განსაზღვრული არ არის, რის გამოც რეგულაცია არაეფექტიანია. ავტორის აზრით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემა მოიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი