სოციალ-დემოკრატების ლიდერი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.
პარტიის „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა 7 ივნისს გაავრცელა მიმართვა ფეისბუკზე. ჟორჟოლიანი აცხადებს:
„ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩემი საქმიანობისთვის უფრო შესაფერისი სფერო არის საზოგადოებრივი და აკადემიური საქმიანობა, ვიდრე პრაქტიკული პოლიტიკა“.
გია ჟორჟოლიანის განმარტებით, პარტიის წესდების შესაბამისად, ყრილობის მოწვევამდე თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ეკა ლეკაშვილი.
ჟორჟოლიანი მადლობას უხდის პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს და წერს:
„დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის განვითარების გზა სოციალ-დემოკრატიულ იდეებზე და პრინციპებზე გადის და კვლავაც არანაკლებ თავდაუზოგავი შრომით გავაგრძელებ ამ იდეების მხარდაჭერას საზოგადოებრივი აქტივობის ფორმით“.
გია ჟორჟოლიანი საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრია. ბოლოს ის 2016-2020 წლების მოწვევის პარლამენტში ირიცხებოდა, — თავდაპირველად „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში იყო [პარლამენტში იგი „ოცნების“ პარტიული სიით შევიდა], შემდეგ კი „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად შექმნა ფრაქცია.
