ახალი ამბები

მაჟორიტარებს არ წარვადგენთ, რათა ენმ-ის მეტოქეთა ხმები არ გაიყოს – სოც-დეკები

31 აგვისტო, 2020 • 1466
მაჟორიტარებს არ წარვადგენთ, რათა ენმ-ის მეტოქეთა ხმები არ გაიყოს – სოც-დეკები

პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას არ აპირებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად პარტია ასახელებს მოტივაციას, რომ „არ გაიყოს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა ხმები“.

„იმისთვის, რომ არ გაიყოს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა ხმები, „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ არ წარვადგენთ ჩვენი პარტიის კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში და მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე კანდიდატს“, – ნათქვამია პარტიის მიერ 31 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც პარტია წერს, ისინი ძალებს მიმართავენ არჩევნებში პროპორციული სიით მაღალი შედეგის მისაღწევად. სოც-დეკები 14 სექტემბერს გეგმავენ საარჩევნო პლატფორმისა და პოლიტიკური გუნდის წევრების/პროპორციულ სიის წარდგენას.

„ქართული პოლიტიკური სივრცე ორი ძალის დაპირისპირების ასპარეზად იქცა. ამ ფონზე შეუძლებელია ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე მსჯელობა. პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად აუცილებელია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათ მოკავშირეების მინიმუმამდე დაყვანა“, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი