ახალი ამბები

დაზიანებული გალავანი და ფრესკებზე ამოკაწრული წარწერები ანანურის მონასტერში

29 ივლისი, 2019 • 4748
დაზიანებული გალავანი და ფრესკებზე ამოკაწრული წარწერები ანანურის მონასტერში

ანანურის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს, დაზიანებულია: ჩამოშლილია გალავნის ნაწილი, თვითნებურადაა მიშენებული კიბეები. გარდა ამისა, “ღვთაების ტაძარში”, რომელიც წლებია დაკეტილია, ისტორიულ ფრესკებზე ამოკაწრულია სხვადასხვა წარწერა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ანანურის სამონასტრო კომპლექსის გალავნის დაზიანებულ მონაკვეთებს აღწერს და დამთვალიერებლებისთვის დროებით დაკეტავს. გადაწყვეტილება სააგენტომ მიიღო. აღნიშნულს წინ უძღოდა დღეს, 29 ივლისს, უწყების წარმომადგენელთა ვიზიტი ანანურში “საყდრისის კომიტეტის” წარმომადგენლებთან ერთად.

ანანურის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია “საყდრისის კომიტეტმა” მიმდინარე დღეებში გაავრცელა. ორგანიზაციის წევრის, ნინო ბურჭულაძის თქმით, ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, როცა ნახეს, რომ გალავნის ზოგიერთი მონაკვეთი ჩამოშლილი იყო. მისივე განცხადებით, ადგილობრივებმა ამის მიზეზად ძეგლის დამთვალიერებლთა დაუდევრობა დაასახელეს.

დაზიანებული ფრესკა ღვთაების ტაძარში. ფოტო: ნინო ბურჭულაძე

“ჩვენ 19 ივლისს ვიყავით ანანურში. ექსკურსიაზე ვიყავით და ძეგლის მდგომარეობაზე არაფერი ვიცოდით, თუმცა იქ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ვნახეთ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო გალავანი, კოშკის სახურავები, მოკლედ, ძეგლის დაზიანების არაერთი კერა დავაფიქსირეთ.

ამის შემდეგ გამოვკითხეთ ადგილობრივები, რომლებიც დღენიადაგ სამონასტრო კომპლექსში იმყოფებიან. მათ დაგვიდასტურეს, რომ ძეგლს ჰქონდა უამრავი პრობლემა და ძირითადად ეს იყო გამოწვეული ტურისტების უკონტროლო სიარულით. მოგეხსენებათ, ძალიან ცნობილი ძეგლია და უამრავი ტურისტი სტუმრობს ყოველდღიურად. იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია, სად შეიძლება შესვლა და სად არა, დადიან ყველგან, რის გამოც ჩამოშლილია კიბის საფეხურები, გალავნის კედლის ნაწილი და ა.შ. ” ,- უყვება ნინო ბურჭულაძე “ნეტგაზეთს”.

ანანურის კომპლექსის გალავანი. ფოტო: ნინო ბურჭულაძე

მისი თქმით, იმ ფონზე, როცა კომპლექსის ტერიტორიაზე არანაირ შემაკავებელ ბარიერსა და საინფორმაციო დაფას არ ვხვდებით, ძეგლის ეს პრობლემები მხოლოდ ტურისტების პასუხისმგებლობა არ არის.

“მათ[ტურისტებს] მინიმუმ ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ, სად შეიძლება შესვლა და სად არა. კომპლექსის ტერიტორიაზე ვერ შეხვდებით ვერანაირ შემაკავებელ ბარიერს, საინფორმაციო დაფას, რისი გაკეთება შეუძლია დამთვალიერებელს და რა ეკრძალება”, – ამბობს ის.

ნინო ბურჭულაძის განცხადებით, ძეგლის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია როგორც ძეგლთა დაცვის სააგენტო, ისე მუნიციპალიტეტი და მისი მესაკუთრე – საპატრიარქო.

“სამწუხაროდ, წესად იქცა, რომ როცა ძეგლი ზიანდება იმის გამო, რომ მისი მესაკუთრე, მაგალითად, არის საპატრიარქო და თანაბრად იზიარებენ ვალდებულებებს როგორც ის, ისე სააგენტო, ასეთ დროს კონკრეტული ინსტიტუციის პასუხისმგებლობა ვერ დგება. დღესაც გამოიკვეთა, რომ მიმდინარეობს ნგრევის პროცესი, ტურისტების ნაკადი უკონტროლოა, თუმცა, როცა პასუხისმგებლობაზე მიდის საქმე, კონკრეტული პასუხისმგებელი ინსტიტუცია არ არსებობს”, – დასძენს კომიტეტის წევრი.

“საყდრისის კომიტეტის” წევრები ყურადღებას ამახვილებენ ანანურის კომპლექსში შემავალ ღვთაების ტაძარზეც, სადაც, ორგანიზაციის თანახმად, ფრესკები მინაწერებითაა დაზიანებული, სადრენაჟო სისტემის გაუმართაობის გამო კი ადგილზე წყალი დგება.

დაზიანებული ფრესკა ღვთაების ტაძარში. ფოტო: ნინო ბურჭულაძე
ღვთაების ტაძარი, რომელიც, კომიტეტის თქმით, სადრენაჟე სისტემის გაუმართაობის გამო ინესტება. ფოტო: ნინო ბურჭულაძე

ღვთაების ტაძარი, რომელიც, კომიტეტის თქმით, სადრენაჟე სისტემის გაუმართაობის გამო ინესტება. ფოტო: ნინო ბურჭულაძე

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანანურში დღეს უწყების სხვა თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. ბექა ბარამიძის თქმით, ტურისტთა უკონტროლო მოძრაობის პრობლემამ თავი ბოლო დროს იჩინა, თუმცა ძეგლის მდგომარეობა სავალალო არ არის და დამატებითი საჭიროებები მომავალი წლის სარეაბილიტაციო პროექტში გაიწერება.

“დაზიანება კატასტროფული და სერიოზული არ არის და საკმაოდ მცირე სარეაბილიტაციო სამუშაო შეიძლება დასჭირდეს. 2020 წლისთვის ისედაც ვამზადებთ ანანურისთვის სარეაბილიტაციო პროექტს, რომელშიც ახალი გამოწვევების შესაბამისად გათვალისწინებული იქნება ის, თუ რა მარშრუტი უნდა იყოს სამონასტრო კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე”, – აცხადებს ის.

ბექა ბარამიძის განცხადებით, ხვალ, 30 ივლისს, სააგენტოს წარმომადგენლები კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ ტერიტორიას, შემდეგ კი მონიშნავენ დაზიანების კერებს, რომლებიც გადაადგილების თანმდევი სასიცოცხლო საფრთხეების გამო დროებით ჩაიკეტება. მათ შორის იქნება კიბის საფეხურები, რომლებიც, მისი თქმით, გალავანს თვითნებურად მიაშენეს.

“ალბათ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს კონკრეტული სეგმენტები გადავკეტოთ მანამ, სანამ მომავალი წლისთვის მოვამზადებთ არქიტექტურულ პროექტს. პროექტში მთელი რიგი კორექტივები შევა მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ცალკეული სტრუქტურული ფრაგმენტების აღდგენა-კონსერვაციის თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლიდან ფონდ “ქართუს” ხელშეწყობით დავიწყებთ ტაძრის კომპლექსური რეაბილიტაციის პროექტს”, – აცხადებს ის.

ქვების გროვა კომპლექსის გალავნიდან. ფოტო: ბექა ბარამიძე

ბარამიძე ხაზს უსვამს, რომ ძეგლის მუდმივი მეთვალყურეობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ვალდებულება არ არის. მისი თქმით, ამ მხრივ რიგმა უწყებებმა უნდა იმუშაონ:

“ჩვენი ვარაუდით, ეს გახლავთ ტურისტული კომპანიები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გიდების ასოციაცია… ამავდროულად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, რომელსაც შეუძლია, განახორციელოს ზედამხედველობა”.

ექსპერტების მიერ შესაბამისი დასკვნის მომზადების შემდეგ, სააგენტო მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გეგმავს. მსგავსი შეხვედრები უწყებას ყველა იმ მუნიციპალიტეტთან სურს, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მსგავსი პრობლემებით ხასიათდება.

რაც შეეხება ანანურის კომპლექსის ღვთაების ტაძარს, რომლის შემთხვევაშიც “საყდრისის კომიტეტი” ფრესკების დაზიანებასა და გაუმართავ სადრენაჟე სისტემაზე მიანიშნებს, სააგენტოს ასეთი პასუხი აქვს:

“ფრესკების რეაბილიტაცია-რესტავრაციას ექნება თავისი ეტაპი. რაც შეეხება სადრენაჟო პრობლებას, ის ჯერ არ დამდგარა. ერთია, არასამთავრობო ორგანიზაცია რას ამბობს, თუმცა მეორე მხრივ, ეს არის სპეციალისტების შესაფასებელი და განსასაზღვრი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი