ახალი ამბები

წულუკიანის მიერ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა მოიგო სასამართლო დავა: SJC

26 ოქტომბერი, 2022 • 820
წულუკიანის მიერ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა მოიგო სასამართლო დავა: SJC

გუგა გოგაძემ, რომელიც თეა წულუკიანის მინისტრობის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლდა, სააპელაციო სასამართლოში შრომითი დავა მოიგო. ინფორმაციას ავრცელებს “სოციალური სამართლიანობის ცენტრი(SJC), რომელიც მოსარჩელის ინტერესებს იცავდა. მოგვიანებით, სააგენტომ საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა.

SJC-ს თანახმად, გოგაძე ხსენებული სააგენტოს შესყიდვების სამსახურის მთავარ სპეციალისტად საქმიანობდა. იგი მიმდინარე წლის იანვარში დაითხოვეს სამსახურიდან.

“გოგაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდნენ”, — წერს ორგანიზაცია.

ცენტრის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გუგა გოგაძის მოთხოვნები, თუმცა მეორე ინსტანციამ გააუქმა საქალაქოს გადაწყვეტილება და ბათილად ცნო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენ. დირექტორის  ბრძანება გოგაძის გათავისუფლების შესახებ.

“ამასთან, სასამართლომ სააგენტოს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდაც დაავალა – გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხა.

ასევე, გოგაძე ითხოვდა კომპენსაციას იმისთვისაც, რომ ამ ეტაპზე მისი თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია. ეს მოთხოვნა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ამისთვის სააგენტოს დამატებით  3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

მოგვიანებით, ამ ცნობას “კულტურული მემკვიდრეობის დაცვის” სააგენტო გამოეხმაურა. ის SJC-ს განცხადებას “არაზუსტს” უწოდებს, გოგუას მიერ პროცესის მოგების შესახებ ცნობას კი “მეტწილად არასწორს”.

სააგენტოს თქმით, ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სასამართლომ ბათილად ცნო გოგუას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, “ყალბია” და “პირიქით”, სასამართლოს ორივე ინსტანციამ “უარი უთხრა მოქ. გოგაძეს სამსახურში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაზე”.

“სინამდვილეში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააგენტოს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან – 15 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

ასევე, მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გოგაძის მოთხოვნა კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კერძოდ, გუგა გოგაძე ითხოვდა სააგენტოსთვის კომპენსაციის დაკისრებას 28 800 ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით სააგენტოს გოგაძის სასარგებლოდ მხოლოდ 3 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა”, — დასძენს სააგენტო.

ამ ეტაპზე სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმოებაში არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან და მუზეუმიდან გათავისუფლებული 10 ადამიანის საქმე. მათგან ჯერ მხოლოდ ორზეა გადაწყვეტილება გამოტანილი.

პირველ შემთხვევაში, მიმდინარე წლის აგვისტოში, საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება დაკავებული პოზიციიდან.

ამავე თემაზე გირჩევთ:

მეცნიერებისა და კულტურის მოთვინიერება წულუკიანის მეთოდით

მასალების გადაბეჭდვის წესი