საზოგადოება

წულუკიანის სამინისტროს ულტიმატუმი სამხატვრო აკადემიას და დანგრეული კედელი

3 მაისი, 2022 • 1576
წულუკიანის სამინისტროს ულტიმატუმი სამხატვრო აკადემიას და დანგრეული კედელი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიისგან კანონით გადაცემული ფართის დათმობას ითხოვს და გამყოფ კედელს ანგრევს.

შენობის სადავო ნაწილში აკადემიას მოწყობილი აქვს  სასწავლო-ლაბორატორიული სივრცეები სტუდენტებისთვის, რომლებიც რესტავრაციასა და მის მონათესავე სფეროებს ეუფლებიან. აქვე არის განთავსებული ძვირადღირებული სასწავლო ინფრასტრუქტურაც.

საუბარია თბილისში, თაბუკაშვილის 7 ნომერში არსებულ შენობაზე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, თავად სააგენტოს დასაცავია. [შენიშვნა: შენობის ყოფილი მისამართი თაბუკაშვილი #5-ია და კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ის სწორედ ამ მისამართითაა შეტანილი].

თაბუკაშვილის #7. ფოტო: თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბაზაში ატვირთული სურათი. 2021 წ.

პირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რონ შენობაში კედლის ნგრევა დაიწყეს, იურისტმა და საინიციატივო ჯგუფის — „ხელოვნების მუზეუმისთვის” — წევრმა  სულხან სალაძემ გაავრცელა. მანვე დაწერა, რომ რაკი აკადემია აღნიშნულ ფართს ოფიციალურად, შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე იყენებს, სააგენტოს ქმედებები უკანონოა.

ნეტგაზეთი ამ დრომდე ელოდება პასუხს კულტურის სამინისტროსგან. თავად ძეგლთა დაცვის სააგენტოს თეა წულუკიანმა ჯერ კიდევ იანვარში გაუუქმა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, შესაბამისად, პირდაპირ სააგენტოდან ინფორმაციას ვერ გამოვითხოვთ. სამინისტროს პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

რაც შეეხება აკადემიას, გვითხრეს, რომ მათი პოზიცია რამდენიმე დღეში გასაჯაროვდებოდა.

რა ხდება?

სადავო შენობაში ფართებს 10 წელზე მეტია რაც ფლობენ როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, ასევე აკადემია. კერძოდ, სააგენტო 2008 წლიდან იკავებს 637.67 კვ.მ-ს, ხოლო აკადემია- 2006 წლიდან, 653,8 კვ.მ-ს. ეს მონაცემები დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერითაც.

2022 წლის 11 მარტს სააგენტოს ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა აკადემიას წერილი მისწერა, ფართობი დაუყონებლივ დაცალონ. წერილში ნათქვამია, რომ სასწავლებელმა „ეტაპობრივად აითვისა“ ტერიტორიის ნახევარზე მეტი, რაც „სააგენტოს ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად აფერხებს“.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, აკადემიის მიერ დაკავებული უძრავი ქონება დაუბრუნოთ მის რეალურ მფლობელს, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“, — დასძენს ის წერილის ბოლოს.

სააგენტოს წერილი

აზნაურაშვილი, სავარაუდოდ, გულისხმობს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მიღებულ საკნონმდებლო ცვლილებას, რომლითაც 1978 წელს გაუქმდა ძეგლთა დაცვის მანამადე არსებული ორგანო და შეიქმნა ისტორიის, კულტურის, ბუნების ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო (შემოკლებით ძეგლთა დაცვის სამმართველო).

რაც შეეხება უშუალოდ სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“, ის 2008 წელს შეიქმნა, მაშინდელი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ბრძანების საფუძველზე. ეს მოხდა 2 წლის შემდეგ, რაც აკადემიას თაბუკაშვილის #7-ში გამოსაყენებლად ფართი გადაეცა.

„ცხადია, ცალკე აღებული სააგენტოს გენერალური დირექტორი მსგავსი შინაარსის წერილს ვერ დაწერდა და ფართის კანონიერ მოსარგებლეს შენობის დატოვებას ვერ აიძულებდა. რატომ? იმიტომ, რომ ფართის დაცლა, ხელშეკრულების შეწყვეტა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ახალი ფართის შეთავაზება არის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ქონების მართვის სააგენტოს საქმე და არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსი. დიდი ალბათობთ, როგორც წერილის დაწერის, ისე შემდგომი მოქმედებების შესახებ თანხმობა სააგენტოს წინასწარ ჰქონდა მიღებული კულტურის მინისტრის მხრიდან.

სააგენტოს წერილს სამხატვრო აკადემიამ საკადრისი პასუხი გასცა, მაგრამ ამით არ დასრულებულა ყველაფერი. მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან მოყოლებული, მინისტრმა საქმეში ე.წ. სატელეფონო სამართალი ჩართო. სამინისტროს მაღალი თანმდებობის პირები მუდმივად ახსენებენ სამხატვრო აკადემიას, რომ ფართი 2022 წლის 4 მაისამდე უნდა დატოვოს. არაფერი შემშლია, სამინისტროს მოთხოვნით ნამდვილად 2022 წლის 4 მაისამდე უნდა დატოვოს აკადემიამ შენობა“,  — წერს იურისტი სულხან სალაძე.

მისივე თქმით, ის, რომ აკადემიამ 4 მაისს უნდა დატოვოს ფართი, არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ფიქსირდება, 5 მაისს კი სააგენტოში მისვლასა და პრეზედნტაციის გამართვას თავად წულუკიანი აპირებს.

აკადემიის პასუხი

ნეტგაზეთმა მოიპოვა წერილიც, რომელიც სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა სააგენტოს მისწერა. წერილში ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ აკადემია დააკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნას, სასწავლო პროცესი უბრალოდ შეჩერდება.

ამ წერილშიც გუგუშვილი აღნიშნავს, რომ 1978 წელს ამ შენობაში სხვა ორგანიზაცია  — ზემოთ ნახსენები სამმართველო იყო განთავსებული. ამჟამინდელი სააგენტო კი 30 წლის შემდეგ შეიქმნა.

„ჩვენთვის, როგორც უმაღლესი სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, გაუგებარია წერილში მითითებული თქვენი შეხედულება იმის თაობაზე, რომ სამხატვრო აკადემიამ 2006 წლიდან „ეტაპობრივად აითვისა“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაკავებული ფართი მაშინ, როდესაც სააგენტო 2008 წელს შეიქმნა.

ან რანაირად მოვახერხებდით სხვა დაწესებულების ფართით სარგებლობას? როგორ წარმოგიდგენიათ სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სხვა დაწესებულების შენობის „ეტაპობრივი ათვისება“? სტუდენტებმა და პროფესორებმა დაიკავეს ოთახები და დაიწყეს სალექციო კურსების ჩატარება? მოაწყვეს სარესტავრაციო ლაბორატორიები? თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას თქვენს წერილში მითითებული ფართები აქვს მიღებული მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, რასაც მარტივად მოწმობს და ადასტურებს საჯარო რეესტრის ამონაწერიც.

აღნიშნულ შენობაში 2006 წლიდან განთავსებულია თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის რესტავრაცია/კონსერვაციის მიმართულების სასწავლო ფართი. კერძოდ, შენობაში მდებარეობს სასწავლო ლაბორატორიები, აუდიტორიები, პრაქტიკული სამუშაოების სახელოსნოები, დამხმარე და ადმინისტრაციული სივრცეები“, — წერს სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი.

ამასთანავე, წერილში ხაზგასმულია, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროს უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო პროგრამები (რესტავრაცია/კონსერვაცია), სამივე საგანმანათლებლო საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) წარმოადგენს სამხატვრო აკადემიის ექსკლუზიურ მიმართულებას. ამ მიმართულების კურიკულუმების 70-80% კი პრაქტიკული სწავლებაა:

„მათი სწავლება კი სპეციფიკურ სასწავლო გარემოს ითხოვს. სასწავლო კორპუსში განთავსებული სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები და სახელოსნოები აღჭურვილია ძვირადღირებული სპეცინვენტარით, რომელთა დიდი ნაწილი ტრანსპორტირებადიც არ არის, რადგან დამონტაჟებულია შენობაში“.

აღნიშნული გარემო და ინფრასტრუქტურა კურიკულუმით განსაზღვრული სწავლის შედეგების უზრუნველყოფის აუცილებელი პირობაა. ამდენად, რესტავრაცია/კონსერვაციის საგანმანათლებლო პროგრამების სათანადოდ განხორციელება დიდწილად დამოკიდებულია ამ ფაქტორზე“, — აღნიშნავს აკადემიის რექტორი წერილში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სამხატვრო აკადემია, სხვა სასწავლებლების მსგავსად, პერიოდულად გადის ავტორიზაციის პროცესს, რაც ბოლოს, 2018 წელს გაიარა. აკადემიას სწორედ ამ წელს მიენიჭა ავტორიზაცია არსებული ფართის და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.

აკადემია აცხადებს, რომ რადგან რესტავრაცია/კონსერვაციის ყველა საფეხურის პროგრამებს აკრედიტაციის ვადა ეწურებათ 2022 წლის 31 დეკემბრამდე, აკრედიტაციის მისაღებად ყველა პროგრამა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინონ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე,  ანუ მიმდინარე წლის ივნისში.

 „მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამების აკრედიტაცია სავალდებულოა სახელმწიფო სასწავლო გრანტების მოსაპოვებლად, რაც ისედაც მწირი დაფინასების გათვალისწინებით აკადემიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, — წერს სამხატვრო აკადემიის რექტორი.

ის ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსათვის აკადემიის ფართების გადმოცემა გამოიწვევს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების სრულ კოლაფსს.

„ასევე, როგორც მოგეხსენებათ, 28 მარტიდან პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა, რომელიც კოვიდ-19 რეგულაციებით იყო განპირობებული, უქმდება და სასწავლო პროცესი ჰიბრიდულიდან უნდა გადავიდეს პირისპირ სწავლების ფორმატში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამხატვრო აკადემია მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს თქვენი თხოვნა ფართების გადმოცემასთან დაკავშირებით“, — წერს აკადემიის რექტორი,

სამინისტროს ულტიმატუმის ვადა სამხატვრო აკადემიისთვის ერთ დღეში იწურება. ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებს სამინისტრო, ან რა ბედი ელის სამხატვრო აკადემიას და იმ ათეულობით სტუდენტს, რომელიც სადავო ფართში პრაქტიკულ სწავლებას გადის.

მთავრ ფოტოზე: სადავო სივრცეებს შორის არსებული საერთო კედელი, რომლებსაც ბოლო დღეებში ანგრევდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი