ახალი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 36 თანამშრომელი გაათავისუფლეს

15 იანვარი, 2022 • 1609
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 36 თანამშრომელი გაათავისუფლეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თქმით, განხორციელდა რეორგანიზაცია, რის შემდეგაც შემცირდა როგორც უწყებაში მოქმედი სამსახურების, ისე იქ მომუშავე თანამშრომელთა რიცხვი. სააგენტო პროცესს არსებული გამოწვევების დაძლევის სურვილით ხსნის, ზოგიერთი თანამშრომელი კი რეორგანიზაციის ფორმასა და გათავისუფლების შესაძლო წინაპირობებზე ჩივის.

“სავარაუდოდ, მომიჯნავე, პოლიტიკის საკითხია”

სააგენტოდან გათავისუფლებულთა შორისაა გიორგი გაგოშიძე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურს ხელმძღვანელობდა. ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას ის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებს ახსენებს.

“ვარ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მაქვს ძალიან ბევრი სტატია. მოქმედი მეცნიერი ვარ, რამდენიმე მონოგრაფია მაქვს, მონაწილეობას ვიღებ კონფერენციებში უცხოეთში და ჩემი სტატიებიც იბეჭდება უცხოეთში.

ამ მხრივ, ცოტა გასაკვირია, მე როგორ დამიწუნა კომპეტენცია ახალმა დირექციამ, რომელსაც ჩემს საქმეში კომპეტენცია ნული აქვს… აქ უშუალოდ ჩემს სპეციალობასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ეს, სავარაუდოდ, მომიჯნავე, პოლიტიკის საკითხია…

ხშირად ვიღებ მონაწილეობას მიტინგებში, იმიტომ, რომ მაგალითად, ვაპროტესტებ ოკუპაციას, რომელიც, მგონი, ყველა ქართველმა უნდა გააპროტესტოს. სავარაუდოდ, ეს მიმართულება უნდა იყოს”, — დასძენს ის.

ამავე ტელეკომპანიასთან საუბრისას, სააგენტოდან გათავისუფლებული კიდევ ერთი თანამშრომელი ნანა კვიციანი დასძენს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება 15 იანვრის დილით, ელექტრონული ფოსტით მიიღო.

“როდესაც დაიწყო ჩვენთან ე.წ. რეორგანიზაცია, მე პროტესტი განვაცხადე, იმიტომ, რომ ვთვლიდი, რომ ეს რეორგანიზაცია არ ტარდებოდა სწორად და წერილიც მივწერე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს.

კომისია იყო ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი, რომელსაც უნდა განესაზღვრა, მე შევესაბამები თუ არა ჩემს პოზიციას.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ საგანმანათლებლო სამსახური, რომელმაც ძალიან ბევრ ბავშვს დიდი სიხარული მიანიჭა, ერთი ხელის მოსმით დაშალეს”, — აღნიშნავს ის.

რას ამბობს სააგენტო

კულტურის სამინისტროს სსიპ-ის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანახმად, უწყებაში რეორგანიზაციის პროცესი 2021 წლის 25 ნოემბერს დაიწყო, მიმდინარე წლის 15 იანვრიდან კი ახალი საშტატო განრიგი ამოქმედდა.

“რეორგანიზაციის შედეგად განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები მიზნად ისახავდა სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების მიღწევას, ასევე, უწყების წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების დაძლევას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

სააგენტო ამბობს, რომ ისეთი სტრუქტურული ერთეულები გააერთიანეს, “რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. უწყების თქმით, “ოპტიმალური შედეგის მისაღებად” ასევე განხორციელდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა:

“შედეგად, 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა.

სააგენტოს საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი), რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნისა და მათი სააგენტოში დასაქმების იდეა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ეკუთვნის, რაც ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა.

კერძოდ, როგორც კულტურის სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადჰყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული”.

განცხადების მიხედვით, ცალკე სტრუქტურული ერთეულის სახით შეიქმნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური და ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია, ისევე როგორც, ჩამოყალიბდა მობილური ჯგუფები ძეგლების მდგომარეობის ინსპექტირებისა და შემდგომი რეაგირებისათვის.

ქვეყნის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგის მიზნით, სააგენტოში შეიქმნა ინსპექტორების მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონების მიხედვით მოახდენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ინსპექტირებას და უზრუნველყოფენ შემდგომ რეაგირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი