ეკონომისტი გიორგი პაპავა ლარის გაუფასურებას საფინანსო სექტორში შექმნილ ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირებს, რაც თიბისის ბანკის დამფუძნებლების საქმეზე მიმდინარე პროცესებმა შექმნა.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინსტრუმენტებს, მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებას, ან უცხოური სავალუტო რეზერვების დახარჯვას, პაპავა ფიქრობს, რომ ლარის კურსზე რაიმე გავლენას ვერ მოახდენს. მეტიც, მისი აზრით, რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრება ეკონომიკის ზრდასაც შეამცირებს.
“არ მგონია, ახლა ლარის კურსის ფორმირებას ისეთი ფაქტორები იწვევდნენ, რაც ეროვნული ბანკის გავლენის ქვეშ იყოს. ვფიქრობ, ლარის გაუფასურება უკავშირდება მოლოდინებს, რაც ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმიდან გამომდინარე შეიქმნა. შესაბამისად, ის გაურკვევლობა, რაც ფინანსურ სექტორში არის, ლარის გაუფასურებაში ითარგმნება. ახლა ეროვნული ბანკი დოლარს გაყიდის, ან რეფინანსირების განაკვეთს შეცვლის, ეს ლარზე მოკლევადიან პერიოდში ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ამ ეტაპზე რეზერვების გაყიდვით ეროვნული ბანკი ამ ფულს უბრალოდ გადაყრის. საგამოძიებო პროცესი მხოლოდ ერთი საფინანსო ჯგუფისთვის მიყენებული ფინანსური ზიანი არ არის. ვნახეთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, მართალია, ისეთი ნიშნით არა, თუმცა საქართველოს ბანკის აქციებიც გაუფასურდა. ეს უკვე, რაც აისახა და, ზოგადად, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და უბრალოდ მოლოდინების დონეზე შეგვიძლია ვიფიქროთ, არის ის, რომ დავდექით ისეთი სიტუაციის წინაშე, როცა სახელმწიფო და ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის წამყვანი ინსყიტუცია ვერ არკვევენ ერთმანეთში ძალიან მნიშვნელოვან რამეს. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დავა და იმედია, მალე დასრულდება, ეს პროცესი ძალიან დიდ გაურკვევლობას ქმნის. ტექნიკურად რომ შევხედოთ, მაშინ თიბისი ბანკის აქციებიც რატომ უნდა უფასურდებოდეს, ერთი დირექტორის მაგივრად სხვა ეყოლება. პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, ითარგმნება გაურკვევლობაში, რომელიც დაკავშირებულია საკუთარების უფლებასთან, სასამართლოსთან და სხვა. დღესდღეობით ქართულ ეკონომიკაში გაურკვევლობის დიდი კომპონენტია”,-ამბობს პაპავა.
ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს ფარავს, რომელიც მისი ბალანსის ყველაზე მსხვილ აქტივს წარმოადგენს. ივლისის მდგომარეობით ეროვნული ბანკის დაახლოებით 3.5 მილიარდი აშშ დოლარია. რაც შეხება რეფინანსირების განაკვეთს, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 24 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ.
ლარი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისიდან უფასურდება. მაისში ეროვნულ ბანკს რეზერვები არ შეუვსია, თუმცა ერთ თვეში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან 3.8%-ით გაუფასურდა. ნეტგაზეთის კითხვაზე, მაშინ რატომ უფასურდებოდა ლარი, როცა არც ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება მომხდარა და არც ტურიზმის სექტორი იდგა რუსული სანქციების წინაშე, პაპავა პასუხობს:
“მოვლენები გარკვეული თანმიმადევრობით განვითარდა. ჯერ იყო თურქეთში კრიზისი. იქ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა და ეს, ბუნებრივია, გადმოეცა საქართველოს, რადგან თურქეთი ძალიან მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. შესაბამისად, ეს აისახა ლარზე. შემდეგ ამას დაემატა რუსეთის საკითხი, რომელიც უკვე სანქციებში გადაიზარდა. იყო გარკვეული მოლოდინი, როცა ჯერ კიდევ რუსული სანქციების მასშტაბიც არ ვიცოდით და ამ პერიოდში ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ასე თუ ისე გაირკვა, კონკრეტულად რა სახის სანქციებს უნდა ველოდოთ, შემდეგ ლარი მცირედით გამყარდა. ახლა უკვე ლარის გაუფასურებას ამ კონკრეტულ საქმეს ვუკავშირებ.
რაც შეეხება ე.წ ფუნდამენტურ ფაქტორებს, როგორებიცაა ექსპორტი, ინვესტიციები, ფულადი გზავნილები და სხვა. ეს კომპონენტები ლარის გაუფასურებაში ზოგადად მონაწილეობენ. თუმცა, როცა ლარის მოკლევადიან რყევაზე ვსაუბრობთ, მისი ახსნა ამ ფუნდამენტური ფაქტორებით შეუძლებელია. ინვესტიციები რომ არ იზრდება და პირველ კვარტალში მნიშვნელოვანი კლება იყო, ხოლო მეორე კვარტალში რა ხდება, ამასაც მალე გავიგებთ. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს, თუმცა ეს გავლენა იმდენად დიდი ვერ იქნება, რამდენადაც, მაგალითად, იყო თურქეთის ფაქტორი. შემდეგ კი -რუსეთის და ახლა უკვე სრული გაურკვევლობაა ეკონომიკაში. ზოგადად, კურსის ფორმირება ხდება წინა პერიოდში ჩამოყალიბებულ მოლოდინებთან მიმართებაში, რამდენად კარგი ან ცუდი შედეგი გვაქვს. მაგალითად, ეკონომიკა თუ ელოდება, რომ ტურიზმი 15%-ით გაიზრდება და რეალურად 10%-ით გაიზარდა, ამ მოცემულობაში ლარი უფასურდება. სწორედ ამ მოლოდინებთან მიმართებაში რა შედეგს დავდებთ, ეს არის მნიშვნელოვანი. წინა წლებში ხშირად გვესმოდა, რომ ზაფხულში ბევრი ტურისტი შემოვა და ლარი უნდა გამყარდეს, რაც სწორი არ არის. ზაფხულში რომ ბევრი ტურისტი შემოვა, ჩვენ ამის შესახებ ვიცით გაზაფხულზე. თუ იმაზე მეტი ტურისიტი შემოვა, ვიდრე ველოდით, მაშინ გამყარდება”,-ამბობს გიორგი პაპავა.
დღეს, 26 ივლისს ერთი აშშ დოლარი ოფიციალური ღირებულება 2.93 ლარი გახდა. ეს ლარის დოლართან გაუფასურების ისტორიული მაჩვენებელია. გაცილებით ძვირი ღირს ერთი აშშ დოლარის შეძენა კომერციულ ბანკებში, სადაც ერთ დოლარს თითქმის 3 ლარად ჰყიდიან. დღეს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლარის გაუფასურებაში “ნაციონალურ მოძრაობა” დაადანაშაულა:
“ავანტიურისტებმა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ბელადს, ასევე, რაც ვნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში, გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს დადებითი დინამიკა, რაც ჩვენ გვქონდა ეკონომიკაში, ეს გაჩერებულიყო და გამხდარიყო დიდი ნეგატივის წყარო.”