ეკონომიკასაზოგადოება

რუსული ფული ქართულ ბიზნესში — სად არის ყველაზე მეტი საფრთხე

4 ოქტომბერი, 2023 • 7914
რუსული ფული ქართულ ბიზნესში — სად არის ყველაზე მეტი საფრთხე

რა გავლენა აქვს რუსეთს და რუსულ ფულს ქართულ ბიზნესში და რა საფრთხეს შეიძლება ეს უქმნიდეს საქართველოს? ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომლის პრეზენტაცია 3 ოქტომბერს თბილისში გაიმართა. 

კვლევის ავტორია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი. დოკუმენტი აანალიზებს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში,  რუსული კაპიტალის არსებობით  გამოწვეულ პოტენციურ რისკებს.

კვლევის ფარგლებში შესწავლილია  რუსეთის მოქალაქეების, ან რუსული კომერციული სუბიექტების მიერ აქტივების ფლობა რვა ქართულ სექტორში: ელექტროენერგია, ნავთობი და ბუნებრივი აირი, კომუნიკაციები, სამთო მოპოვება, მინერალური წყლები, ტურიზმი, საბანკო, სამშენებლო და ტრანსპორტის სექტორები. ირკვევა, რომ ასეთი აქტივების მოცულობა განსაკუთრებით დიდია ელექტროენერგიის სექტორში.

რელევანტური საერთაშორისო ლიტერატურის  მიმოხილვისა და ჩატარებული ხარისხობრივი გამოკითხვების შედეგად, ანგარიშში დასახელებულია ექვსი საფრთხე, რომელიც შესაძლოა ასოცირდებოდეს მიმოხილულ სექტორებში რუსული კაპიტალის მაღალ კონცენტრაციასთან.

ქართულ ბიზნესებში რუსული მფლობელობის სექტორული შეფასება

კვლევაში მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მიერ საქართველოში ბიზნესაქტივების ფლობა ჰიბრიდულ საფრთხედ არის დასახელებული.  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსული ბიზნეს მფლობელობის კონცენტრაციას ისეთი კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა: ელექტროენერგიის, კომუნიკაციების და სხვა ისეთი სახის ინფრასტრუქტურა, რომლის დაზიანება უსაფრთხოების ხარიხს მნიშვნელოვნად შეამცირებს:

ელექტროენერგია – შეინიშნება მნიშვნელოვანი გავლენა – რუსი ბიზნესები ან რუსეთის  მოქალაქეები უშუალოდ ფლობენ ან აკონტროლებენ ელექტროენერგიის გამომუშავების, მიწოდების, გადაცემის ან ვაჭრობის პროცესს.

ნავთობი და ბუნებრივი აირი –  შეინიშნება საყურადღებო გავლენა – რუსულ მფლობელობაშია ნავთობის საცალო ოპერატორი – „ლუკოილი“; „პეტროკასის“ შემთხვევაში წარსულში ფიქსირდებოდა რუსული კავშირები.

კომუნიკაციები – შეინიშნება ზომიერი გავლენა ფრიდონ ინჯიას ინტერესისა და „ვიონ საქართველოს“ წარსული რუსული კავშირების გათვალისწინებით.

სამთო მოპოვება და მინერალური წყლები –  შეინიშნება ზომიერი გავლენა ბაზრის რამდენიმე, ლიცენზიის მფლობელი კომპანიის რუსული კავშირების გათვალისწინებით (მაგ., „აიდიეს ბორჯომი“, „RMG”).

საბანკო სფერო, ტურიზმი, მშენებლობა და სახმელეთო გადაზიდვები – შეინიშნება დაბალი ან ნულოვანი გავლენა.

რუსული კაპიტალის კონცენტრაციით გამოწვეული საფრთხეები

კვლევაში იდენტიფიცირებულია რუსეთის მოქალაქეების ან რუსული კომპანიების მიერ საქართველოში ბიზნესაქტივების ფლობასთან დაკავშირებული ექვსი ძირითადი რისკი. 

კვლევის ავტორების აზრით, რუსეთის პოლიტიკური და ბიზნესელიტების მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, ქართულ ეკონომიკაში ბიზნესაქტივების ფლობა რუსეთს საშუალებას მისცემს, გაზარდოს პოლიტიკური ზეგავლენა. 

გარდა ამისა, საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში რუსული ბიზნესის კორუფციული წარსულის გათვალისწინებით, არსებობს კორუფციის ექსპორტის საშიშროება. ასეთ მაგალითად კვლევის ავტორები  გადასახადებისგან თავის არიდებასა და  „მბრუნავი კარის“ შემთხვევებს ასახელებენ. 

ეკონომიკური დამოკიდებულება კიდევ ერთი რისკია, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ინსტრუმენტებით, მათ შორის ფასებით მანიპულაციის საფრთხის ქვეშ აყენებს. 

კვლევის მიხედვით, რუსულ მფლობელობაში არსებულ ბიზნესაქტივებთან დაკავშირებულ კიდევ ერთი რისკად ჯაშუშობაა დასახელებული. ასეთი ბიზნესი შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც სენსიტიური ეკონომიკური, პოლიტიკური და პერსონალური ინფორმაციის გადაცემის არხი.  

კიდევ ერთ რისკად დივერსიული ქმედებებია დასახელებული, რადგან კრიტიკული მნიშვნელობის სექტორებში რუსულმა ბიზნესმფლობელობამ შესაძლოა, გაამარტივოს დივერსიული აქტების წარმოება.

დაბოლოს, რუსეთისთვის დაწესებული  საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით, კვლევაში ხაზგასმულია, რომ რუსულ მფლობელობაში არსებული კომპანიები შესაძლოა, თავად იქცნენ სანქციების სამიზნედ ან სანქციებიდან გვერდის ავლის ინსტრუმენტად. 

როგორ უნდა მართოს საქართველომ დასახელებული რისკები?

წარმოდგენილი ანალიზის საფუძველზე,  კვლევის ფარგლებში სამი რეკომენდაცია შემუშავდა:

  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციების( FDI) კონტროლის მექანიზმის პოტენციური ზეგავლენის შესწავლა

მსოფლიოში არაერთმა ქვეყანამ უკვე დანერგა ინვესტიციების კონტროლის მექანიზმი რაიმე ფორმით. ამგვარი მექანიზმი შესაძლოა, აკონტროლებდეს ინვესტიციებს მხოლოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, ან იმ ინვესტიციებს, რომლებიც მტრული სახელმწიფოდან მოდის.  

კვლევის ავტორების აზრით, საქართველოში შესაძლოა, გონივრული იყოს კრიტიკული მნიშვნელობის სექტორებში რუსეთის მიერ განხორციელებული ისეთი ინვესტიციების კონტროლის მექანიზმის შემოღება, რომლის შედეგად ინვესტორის საკუთრებაში, სულ მცირე, 10 %-იანი წილი გადადის.  

თუმცა ასეთი მექანიზმის შემოღებამ დადებით შედეგთან ერთად შესაძლოა, ეკონომიკური ზიანიც მოიტანოს. სწორედ ამიტომ, კვლევაში ხაზგასმულია, საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, კონტროლის მექანიზმის დანერგვით გამოწვეული პოტენციური შედეგების სიღრმისეული შეფასების აუცილებლობა.

  • რუსულ საკუთრებაში არსებულ ბიზნესაქტივებთან ასოცირებული რისკების განხილვა უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებში

მნიშვნელოვანია, დასაბუთებული იყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კონტროლის მექანიზმის შექმნის საფუძველი  ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალურ დოკუმენტებში, როგორებიცაა: ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ან საფრთხეების შეფასების დოკუმენტი. 

“ამ ეტაპზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში მხოლოდ ზოგადად არის საუბარი რუსეთთან დაკავშირებულ საომარ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ხოლო საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ხელმისაწვდომი არ არის” ,- ვკითხულობთ კვლევაში.

  • კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეფორმის დანერგვის წახალისება ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის მეშვეობით

კვლევის მიხედვით, აუცილებელია კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ რეფორმის განხორციელება. ეს დაგვეხმარება მსგავსი ინფრასტრუქტურის იდენტიფიცირებასა და მისი დაცვის პრინციპების შესახებ შეთანხმებაში. 

რეფორმის განხორციელება ხელს შეუწყობს იმას, რომ შესაბამისმა სამსახურებმა სიღრმისეულად შეისწავლონ ქვეყანაში ინვესტიციების კონტროლის მექანიზმების დანერგვის მიზანშეწონილობის საკითხი.

აღნიშნული კვლევა ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადდა Zinc Network-ისა და USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამის ფარგლებში.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის  წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა ამბობს, რომ მტრულ აქტორებს საშუალება არ უნდა ჰქონდეთ, სხვადასხვა არხით ზეგავლენა მოახდინონ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე. 

“მთავარი გამოწვევა ალბათ ეს არის, რომ გვქონდეს გაცხადებული პოლიტიკა, თუ რა არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რას ვაკეთებთ რუსული კაპიტალის ასეთ ინფრასტრუქტურაში კონცენტრაციის დროს და როგორ ვიზღვევთ თავს რისკებისგან” ,- აღნიშნავს პაპავა.

Zinc Network-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის დირექტორი მიხეილ ბენიძე მიიჩნევს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებზე  სხვადასხვა ვექტორების გამოყენებით ზემოქმედებს, მათ შორის, ეკონომიკური და ბიზნესგავლენებით:

“ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის კვლევა, თუ რა გავლენას შეიძლება ახდენდეს რუსული კაპიტალი და რუსული მფლობელობა  სხვდასხვა ბიზნესში საქართველოში, განსაკუთრებით კი, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში. 

აუცილებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს სწორი ხედვა და აირიდოს დამატებითი რისკები. სწორედ ამ მიმართულებით იკვლია აისეტმა ეს საკითხები და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციებისა და მოსაზრებების განხილვა”, – ამბობს ბენიძე.


მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს Zink Network. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი