ახალი ამბები

რას აკეთებს პრეზიდენტი მაშინ, როცა უარს ამბობს მნიშვნელოვანი ამბების შეფასებაზე

26 ივლისი, 2019 • 1976
რას აკეთებს პრეზიდენტი მაშინ, როცა უარს ამბობს მნიშვნელოვანი ამბების შეფასებაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს შეაფასოს ქვეყანაში მიმდინარე ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც არის “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგენა და “რუსთავი 2-ის” მფლობელების ცვლილება. თუმცა პრეზიდენტი ბოლო დღეებში სტუმრობს კახეთს, სადაც სხვადასხვა აქტივობაშია ჩართული. მაგალითად, მან 25 ივლისს მოინახულა ლავანდის ბაღები, ასევე, 26 ივლისს დაკრიფა ატამი.

თავისი საზაფხულო აქტივობების შესახებ პრეზიდენტი ტვიტერზე ინგლისურად წერს. მან ინგლისურადვე ჩაწერა ვიდეომიმართვა, სადაც ტურისტებს საქართველოში სტუმრობისკენ მოუწოდებს.

ჟურნალისტები რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ მოეპოვებინათ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის შეფასება მნიშვნელოვან მოვლენებზე. მან ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ დუმს მნიშვნელოვან საკითხებზე:

“მე ვაკვირდები [თიბისი ბანკის საქმეს] და ჩემი ანალიზებიც მაგქვს, მაგრამ უნდა გამიგოთ, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება. სანამ პროკურატურა და სასამართლო არის ჩართული, პრეზიდენტის მიერ ამაზე კომენტარის გაკეთება არის ჩარევა. რაც ეხება რუსთავი 2-ს, ეს არის კიდევ მეორე საკითხი, რომელშიც არ უნდა ჩაერიოს საკითხი. ეს არის პირადი კომერციული საკითხი, რომელშიც უნდა გაერკვენ სასამართლოს მეშვეობით, მაგრამ არა პრეზიდენტის ჩარევით. სტრასბურგის გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის, რადგან მან აღიარა საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა”, – თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფულის გათეთრების ბრალდება წაუყენა “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2008 წლის ტრანზაქციის გამო. ხაზარაძე, რომელიც ხელმძღვანელობს ანაკლიის პორტის მშენებლობას, მიიჩნევს, რომ პოროკურატურის ქმედების მთავარი მიზანი ანაკლიის პორტის მშენებლობის შეფერხებაა.

ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენას დაუყონებლივ გამოეხმაურა როგორც აშშ-ის, ისე დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში. აშშ-ის საელჩომ შეშფოთება გამოთქვა “ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებსათან დაკავშირებით”.

ხაზრაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენისთანავე ლონდონის საფონდო მირჟაზე გაუფასურება დაიწყო “თიბისი ბანკის” აქციებმა, ასევე გაგრძელდა ლარის გაუფასურების ტენდენცია და ერთი დოლარის ღირებულებამ თითქმის 3 ლარს მიაღწია.

ხაზარაძის საქმე — ფულის გათეთრება თუ პოლიტიკური დევნა

მასალების გადაბეჭდვის წესი