ახალი ამბებისაზოგადოება

რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

10 ივლისი, 2019 • 3964
რას უნდა ველოდოთ ხაზარაძის “საზოგადოებრივი მოძრაობისგან”

მულტიმილიონერმა ბიზნესმენმა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „საზოგადოებრივ მოძრაობას“ აფუძნებს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუკი ის აქტიურად გამოჩნდება პოლიტიკურ ველზე? პოტენციურად რა ტიპის ამომრჩეველი ეყოლება (და ვისი ამომრჩევლის მიმხრობის შანსი გაუჩნდება) მას/მის გუნდს, თუკი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრა გადაწყვიტა?

9 ივლისს ფეისბუკის პოსტში ხაზარაძემ „საგანგაშო“ უწოდა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და დაწერა, რომ „20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ“. 

„სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება“, — დაწერა მან, — „რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება“. 

ხაზარაძემ განაცხადა, რომ მისი გაერთიანება „პროდასავლურ“ ნიშას დაიკავებს: „აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას“.

„საზოგადოებრივი მოძრაობა“

ხაზარაძის თანახმად, „მეგობრებთან და თანამოაზრეებთან, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ერთად“ სექტემბერში დააფუძნებს „საზოგადოებრივ მოძრაობას“, რომლის მთავარი მიზანი „ქვეყნის გაერთიანება და მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების შენარჩუნება იქნება“. 

მას ჯერ არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად ვის მოიაზრებს გვერდით, არც ის, როგორი ფორმა ექნება ამ მოძრაობას, როგორ აპირებს ზოგადად ცვლილებების, მით უმეტეს, „ქვეყნის გაერთიანების“ მიღწევას. უფრო კონკრეტულ გეგმებზე ის, სავარაუდოდ, სექტემბერში ისაუბრებს.

„საზოგადოებრივი მოძრაობა“ არ გულისხმობს აუცილებლად პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურ მოძრაობას, თუმცა უახლეს ისტორიაში არსებობს მაგალითები, როდესაც ასეთი ფორმით დაარსებული გაერთიანება პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებულა: სწორედ საზოგადოებირივი მოძრაობის შექმნით მოვიდა მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში, ისევე, როგორც პაატა ბურჭულაძე.

თუმცა, როგორც პარლამენტარმა ლევან კობერიძემ (რომელსაც ხაზარაძის მომავალ გუნდში მოიაზრებენ, თუმცა ხაზარაძესთან კონსულტაციებს არ ადასტურებს) ნეტგაზეთს უთხრა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებაში იღებს მონაწილეობას. 

„ახალი მემარჯვენეების პარტიის ჩამოყალიბების წინ შეიქმნა საკმაოდ დიდი საზოგადოებრივი მოძრაობა და მამუკა ხაზარაძე იყო მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, თუმცა შემდგომ ეს მის პირად პოლიტიკურ აქტივობაში არ გადაიზარდა“, — ამბობს კობერიძე. 

მარცხნიდან სხედან: მამუკა ხაზარაძე, ბადრი პატარკაციშვილი და „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული არქივი. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია

„ამიტომ ჯერ, მე მგონი, ნაადრევია ამაზე საუბარი, ან მამუკა ხაზარაძემ თვითონ უნდა გააკეთოს განაცხადი, აპირებს თუ არა, პოლიტიკურ დღის წესრიგში გადაზარდოს ეს საზოგადოებრივი მოძრაობა და თავის თავს ხედავს თუ არა აქტიურ ქართულ პოლიტიკაში“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ლევან კობერიძემ.

„ის უკვე არის პოლიტიკაში“

ზოგიერთი კომენტატორი კი თვლის, რომ მამუკა ხაზარაძე, ფაქტობრივად, უკვე „არის პოლიტიკაში“. მაგალითად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკოსად იმ დღეს დაიბადა, როდესაც საქართველოს პარლამენტში TBC ბანკის შესახებ საკომიტეტო მოსმენაზე განცხადებით გამოვიდა „წერილის“ შესახებ. 

ეს ცნობილი განცხადება ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს გააკეთა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე: მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიას მას მუქარის წერილი გაუგზავნა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ეს ეპიზოდი მხოლოდ ერთი ნაწილია თიბისი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენებისა, რაც 2019 წლის პირველ ნახევარში გახდა ცნობილი.

ხაზარაძე, „თიბისის“ თანადამფუძნებელ ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადადგა ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე. ეს საქმე უკავშირდება პროკურატურის დაწყებულ გამოძიებას 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციაზე, რომელშიც სახელმწიფო ამბობს, რომ ფულის გათეთრების ნიშნებს ხედავს, თუმცა ბრალი არავისთვის წარუდგენია. ხაზარაძე ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ამას ანაკლიის პორტს უკავშირებს. ანაკლიის პორტი, ყველა მხარის თანახმად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტია, რომელშიც, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, „თიბისი ბანკიც“ არის ჩართული.

თინა ხიდაშელის თქმით, „არცერთი ბიზნესმენი არცერთ ქვეყანაში, მთავარი პოლიტიკური ტრიბუნიდან იმ ტიპის განცხადებებს არ აკეთებს, რაც იქ [კომიტეტის სხდომაზე] ხაზარაძემ საჯაროდ თქვა, თუკი უკვე ხელი არ აქვს ჩაქნეული, რომ რაიმე სხვა, სწორი ფორმით შეძლებს პრობლემის მოგვარებას“. „ის, ფაქტობრივად, აიძულეს, რომ თავად გახდეს ამ პროცესის თანამონაწილე“, — ამბობს ხიდაშელი.

თინა ხიდაშელი. ფოტო: ნეტგაზეთი

ამ აზრს იზიარებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. ნეტგაზეთთან საუბარში ის ამბობს, რომ მხოლოდ დროისა და ტექნიკური საკითხია, „შემდგომში ამ პლატფორმაზე დაიბადება ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, თუ პირდაპირ მოხდება კონვერტირება პოლიტიკურ პროცესში“. ერთი სიტყვით, ხუხაშვილი ამბობს, რომ „ფაქტია, მისი განცხადება არის პოლიტიკაში შემოსვლის განცხადება“.

ხუხაშვილის თანახმად, სწორედ ეს არის განსხვავება, მაგალითად, „ახალი მემარჯვენეების“ ეპიზოდსა და ახლანდელ სიტუაციას შორის: 

„ხაზარაძეს ახლა მანევრი არ აქვს. ადრე მას ჰქონდა არჩევანი: პოლიტიკა თუ ბიზნესი. მას ეს არჩევანი ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, არ დაუტოვა. მე ვეჭვობ, რომ ეს არც არის მისი არჩევანი. ხელისუფლებამ ის აიძულა, პოლიტიკაში მოსულიყო და ამით თვითონვე შეიქმნა დიდი პრობლემა“.

რატომ შეიძლება ის „დიდი პრობლემა“ იყოს?

უკვე თვეებია, საუბრობენ „ქართული ოცნების“ კრიზისზე, რაც სხვადასხვა დროს გამოვლინდა: თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმეში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესში, პანკისში ჰესის გამო მოსახლეობასთან დაპირისპირებისას და ა.შ.. 

გია ხუხაშვილი ნეტგაზეთს განუმარტავს, რატომ ფიქრობს, რომ შესაძლოა, ხაზარაძე „ოცნებისთვის“ დიდი პრობლემა გახდეს მმართველობის სფეროში მის წინაშე დამდგარი გამოწვევების პირობებში:

ხელისუფლებამ, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტორალური საყრდენი აღარ გააჩნია, აირჩია გზა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს არა არჩევნებში გამარჯვებით, არამედ არჩევნების ყიდვით. იმისთვის, რომ არჩევნები იყიდო, საჭიროა რესურსების მონოპოლიზება, ანუ რესურსები მხოლოდ შენ გქონდეს, სხვას გამოაცალო ყველაფერი და ეს ასეთ ამღვრეულ სიტუაციაში, სოციალური რისკების პირობებში, გაძლევს იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად „იყიდო“ არჩევნები“, — უთხრა გია ხუხაშვილმა ნეტგაზეთს.

მისი თქმით, სწორედ „ეს არის 2020 წლის არჩევნების ოცნებისეული მოდელი“, ხოლო ამ ვითარებაში „ალტერნატიული რესურსების ცენტრის გაჩენა ანგრევს ხელისუფლების ამ გეგმას“. 

„მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ხაზარაძის სახით ჩნდება ალტერნატიული რესურსი, არამედ იმიტომაც, რომ ეს ხსნის მთლიანად პოლიტიკურ პროცესს. ხელისუფლებისთვის რესურსების მონოპოლიზაცია უკვე არის შეუძლებელი და ამით სხვა ცენტრებიც ისარგებლებენ. დაიწყება დიდი გადანაწილება“, — ამბობს ხუხაშვილი.

მაგრამ, თუ ყველაფერი ასე განვითარდა,  ხაზარაძემ ან მისმა პარტიამ იყარა კენჭი 2020 წლის არჩევნებში, კიდევ უფრო ხომ არ დაქსაქსავს ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველს? 

ხაზარაძის პოტენციური ელექტორატი

„საქართველოში არსებობს ძირითადად ორი სახის — ხელისუფლების და ხელისუფლებაზე გაბრაზებული — ამომრჩეველი… ამიტომ, ბუნებრივია, დიდი ძალა, მოძრაობა ან ადამიანი, რომელიც გამოდის ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო პლატფორმაზე, 2020 წლის არჩევნებში გაბრაზებული ამომრჩევლის ხმებს იღებს და არა ხელისუფლებით კმაყოფილი ამომრჩევლის“, — ამბობს თინა ხიდაშელი. 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამას სხვა კუთხით უყურებს: ორპოლუსიანობის პირობებში „[კვლევებისა და არჩევნების შედეგების ანალიზით გამოდის, რომ] ხელისუფლების და ენმ-ის ჯამური რეიტინგი არის არაუმეტეს 40%, დანარჩენი კი არის სამობილიზაციო ელექტორატი, რომელსაც ისინი [ასე თუ ისე პროპორციულად] ინაწილებდნენ, და რომლის ძირითადი ნაწილიც ხელისუფლებას მიჰქონდა“.

შესაბამისად, როგორც ხუხაშვილი ამბობს, „თუ ვინმე დანაკარგს განიცდის, ძირითადად ხელისუფლება იქნება. რა თქმა უნდა, გარკვეულ სეგმენტზე ხაზარაძეს ექნება კვეთა ენმ-სა და ევროპული საქართველოს ამომრჩეველთან, მაგრამ თუ ხაზარაძე მათთვის კონკურენტი იქნება, ბიძინა ივანიშვილისთვის გადაულახავ პრობლემად იქცევა“.

„ოქროს გასაღები“

თინა ხიდაშელიც ამბობს, რომ ჯერჯერობით არ ჩანს, კონკრეტულად რას აპირებს ხაზარაძე: „სექტემბერში მამუკა ხაზარაძე ან უნდა მოგვევლინოს თეთრ ცხენზე ამხედრებულ, ერის მხსნელ მამად, რაც ნაკლებად შემიძლია დავინახო, ან უნდა მოგვევლინოს, რაც მან დაწერა თავის ტექსტში, გამაერთიანებლად, შემკრებლად იმ ძალებისა, რომელიც არის პროდასავლური და ა.შ“. 

ჯერჯერობით გია ხუხაშვილიც ნაადრევად მიიჩნევს იმაზე მსჯელობას, რა შეიძლება ხაზარაძის „პროგრამა-მაქსიმუმი“ იყოს, თუმცა ამას გვეუბნება:

„ვფიქრობ, რომ მისი გათვლა, ერთი მხრივ, სწორია სტრატეგიულად: ჩვენ ვიმყოფებით პოლიტიკური პროცესის იმ ეტაპზე, როდესაც არსებობს მულტიპარტიული დემოკრატიული სისტემის ფორმირების ყველა ნიშანი. ვერც ერთ ძალას, ვერც „ქართულ ოცნებას“ და ვერც ენმ-ს 50%-იანი ბარიერის გადალახვა არ შეუძლია, ვერ ექნება ძალაუფლების საკონტროლო პაკეტი. არსებობს ალბათობა იმისა, რომ მულტიპარტიულ პარლამენტს მივიღებთ და პოსტსაარჩევნო კოალიციის ფორმირების აუცილებლობა გაჩნდება. 

ამ მოცემულობაში, 15-20%-იანი სეგმენტის გაჩენა, თუნდაც მე-3 ადგილზე, ნიშნავს იმას, რომ მის ხელში აღმოჩნდება „ოქროს გასაღები“. ძალაუფლების ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელ მხარეს გადაიხრება ეს მესამე კომპონენტი. აქ მას უკვე შეეძლება, თავისი პირობები წაუყენოს ამ ორ პოლუსს და „თავისი თამაში ათამაშოს“; იქით გადაიხაროს, რომელიც მეტს „გადაიხდის“. ვგულისხმობს პოლიტიკურ ფასს. ასეთ პოზიციაში ხაზარაძის აღმოჩენის ალბათობა არის ძალიან მაღალი“.

მორიგი ბიზნესმენი პოლიტიკოსი?

განასხვავებს თუ არა მამუკა ხაზარაძეს რაიმე სხვა მდიდარი ბიზნესმენებისაგან,  მაგალითად, ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილისაგან, რომლებმაც პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტეს? გიორგი ისაკაძე, გამოცემა „ფორბსის“ მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი, ნეტგაზეთს ეუბნება:

„თუ გავავლებთ პარალელს მათ შორის, გამოჩნდება ტიპური სხვაობა, როგორც ბიზნესმენებს შორის: მამუკა ხაზარაძე მოქმედი ბიზნესმენია, ის პირადადაც არის ჩართული სხვადასხვა პროექტისა და ბიზნესის მართვაში. იმ პერიოდში, როცა ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად გააქტიურდნენ, ისინი მეტ-ნაკლებად უფრო ინვესტორების სტატუსის მქონე ბიზნესმენები იყვნენ. მამუკა ხაზარაძე არა მხოლოდ სტატუსით, არამედ პროფილურადაც განსხვავებული ბიზნესმენია“. 

გია ხუხაშვილი ამ აზრს ასე ავითარებს: „გამომდინარე იქიდან, რომ ისინი [პატარკაციშვილი და ივანიშვილი] აქტიურ ბიზნესში არ მოღვაწეობდნენ, მათ არც პრაქტიკული გამოცდილება ჰქონდათ და არც, ასე ვთქვათ, ადამიანური რესურსის ოპტიმიზაციის კვალიფიკაცია. ახლაც საჯარო სექტორი, ნაცვლად იმისა, რომ ვითარდებოდეს და უმჯობესდებოდეს, დეგრადირებს ყოველდღიურად… თუ TBC-ის მაგალითს შევხედავთ, მართვის ეს მოდელი სისტემის განვითარებისა და მუდმივი ოპტიმიზაციის, ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის ამაღლებისა და სერვისების დახვეწის მოდელია, რაც უზუნველყოფს განვითარებას და ეფექტურობას. მას დიდი გამოცდილება დაუგროვდა და, რაც მთავარია, თვითონ მართავდა ამ ყველაფერს და არამხოლოდ მენეჯერების მეშვეობით“.

როგორც გიორგი ისაკაძე გვეუბნება, თუკი ხაზარაძემ საბოლოოდ გადაწყვიტა პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა, „უდავოა, რომ აქტიური ბიზნესმენის სტატუსთან შელევა მოუწევს“. ეს კი ნიშნავს, სულ მცირე, ფორმალური უარის თქმას ანაკლიის პორტის პროექტში პიროვნულად მონაწილეობაზეც.

გია ხუხაშვილი კიდევ ერთ ასპექტზე მიუთითებს: „ამას [სიმდიდრესა და ბანკირობას] პლუსებიც აქვს და მინუსებიც. გამოცდილება საკმაოდ მძიმე გვაქვს და მოსალოდნელია, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით სერიოზულ მუშაობას დაიწყებს — მოხდება მისი ნეგატიური იმიჯის ფორმირება, როგორც „მევახშისა“. ამ პროცესში ისიც არის მნიშვნელოვანი, რამდენად შეძლებს ხაზარაძე შესაბამისი იმუნიტეტის გამომუშავებას, რომ არ განიცადოს ფიასკო ამ ჯერჯერობით უთანასწორო ბრძოლაში“.

იმის მიუხედავად, თუ რა ნარატივს შექმნიან ხაზარაძის წინააღმდეგ, ათავისუფლებს თუ არა ეს მას სოციალური პასუხისმგებლობისაგან თუ მისი ნაკლებობისგან? თინა ხიდაშელი გვეუბნება: „მამუკა ხაზარაძეს აქვს ერთი ნიშანი, რაც მნიშველოვანია საფიქრალად: საქართველოში ბანკირები არ უყვართ. ხმებზე ეს ფაქტორიც მოქმედებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი