ახალი ამბები

იუსტიციის საბჭო უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებზე საჯარო ინფორმაციას გასცემს

12 ივლისი, 2019 • 1127
იუსტიციის საბჭო უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებზე საჯარო ინფორმაციას გასცემს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო “ფონდ ღია საზოგადოებას” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ დოკუმენტაციას გადასცემს. აღნიშნული მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაახლოებით თვენახევრის წინ საბჭოს მიმართეს, თუმცა სამ ინფორმაციის გაცემაზე საბჭომ მათ ორჯერ უთხრა უარი.

როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, საბჭო ამ ინფორმაციის გაცემას განგებ აჭიანურებდა:

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოგვმართეს. დაახლოებით თვენახევრის წინ. გიორგი მიქაუტაძის სახელზე დაწერეს განცხადება რომ მიეღოთ საჯარო ინფორმაცია. ისინი ითხოვდნენ, რომ ყველა ის განაცხადი და დოკუმენტი რომელიც კანდიდატებმა შემოიტანეს, გამხდარიყო მათთვის ხელმოსაწვდომი და მოეხდინათ ამ ინფორმაციის შესწავლა. მოხდა ისე, რომ საბჭომ და გიორგი მიქაუტაძემ პირველ ჯერზე უარი უთხრა, ამის შემდეგ მეც მომმართეს, მე შესაბამის დეპარტამენტს დავავალე და კიდევ მეორედ არ მისცეს ეს ინფორმაცია. საბოლოო ჯამში, სხდომაზე გამოვიტანეთ ეს საკითხი”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, პროცესი კანონით დადგენილ ვადებს გასცდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ დაინტერესებულ ორგანიზაციებს აღნიშნული ინფორმაციის დამუშავების საშუალება ექნებათ. მიუხედავად ამისა, ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობა კვლავ სახეზეა:

“ეს პროცესი ვადებში გაჭიანურდა, კანონით დადგენილი ვადები, რომელიც საჯარო ინფორმაცოის გაცემის ხანგრძლივობას ეხება, დარღვეულია უკვე, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც მესიჯი მივიდა საბჭოს მოსამართლე წევრებთან, რომ გაცემულიყო ეს ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აჭიანურებდნენ ამ ინფორმაციის გაცემას და არც არანაირი სურვილი არ ჰქონდათ, რასაც მე ვხედავდი წინა სხდომებზე, რომ მათ ინფორმაცია მიეწოდებინათ დაინტერესებული პირებისთვის. საბოლოო ჯამში, კარგია, რომ ისინი ამ ინფორმაციას მიიღებენ, მაგრამ ის ბრობლემები, რაზეც მე ვსაუბრობ და ამ პროცესში იკვეთება, კვლავ სახეზეა და კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობა კვლავ რჩება”, – ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის 50 კანდიდატი შეარჩია

მშვენიერაძე: საბჭო კანონს არასწორად განმარტავს და მოსამართლეობის კანდიდატებზე ცნობებს არ გვაწვდის

მასალების გადაბეჭდვის წესი