მშვენიერაძე: საბჭო კანონს არასწორად განმარტავს და მოსამართლეობის კანდიდატებზე ცნობებს არ გვაწვდის

“კოალიცია მართლმსაჯულებისთვის” წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონს არასწორად ინტერპრეტირებს და დაინტერესებულ მხარეებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საჯარო ინფორმაციის სახით ცნობებს არ აწვდის.

მშვენიერაძე აცხადებს, რომ ამ გზით საბჭო პროცესების დახურულ ფორმატში გადატანას ცდილობს, რათა საზოგადოებას მოსამართლეობის კანდიდატებზე სრული ინფორმაცია არ ჰქონდეს:

“კანონში საერთო სასამართლოების შესახებ თავდაპირველ რედაქციაში ეწერა, რომ კანდიდატების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია  იყო კონფიდენციალური და უნდა ყოფილიყო 3 წლის მანძილზე დაცული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ამას მოჰყვა დიდი კრიტიკა იმიტომ, რომ ვითხოვდით რომ კანდიდატების შესახებ ინფორმაცია ყოფილიყო საჯარო.

საბოლოოდ, კანონში ჩაიწერა რომ მხოლოდ კანდიდატის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ უნდა ყოფილიყო საჯარო და არ უნდა დაქვემდებარებოდა გასაჯაროებას, დანარჩენი ინფორმაცია უნდა ყოფილიყო საჯარო. ეს ჩაემატა მესამე მოსმენის დროს. სამწუხაროდ, ახლა აღმოჩნდა რომ ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაციები კანდიდატების შესახებ გარდა ბიოგრაფიისა, თანდართული დოკუმენტები და მივიღეთ უარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან” – ამბობს მშვენიერაძე.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონი ამ საკითხს შემდეგნაირად არეგულირებს:

“საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს პირის მიერ შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისათვის წარსადგენი განცხადების ფორმას და თანდართული დოკუმენტების ნუსხას. პირის მიერ წარდგენილი განცხადება და დოკუმენტები (მათ შორის, ავტობიოგრაფია) უნდა შეიცავდეს სათანადო ინფორმაციას მის მიერ მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, აგრეთვე პირის თანხმობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, პირის პერსონალური მონაცემების) ამ კანონის 34​2 მუხლით დადგენილი წესით მოძიებაზე/გადამოწმებაზე და საქართველოს პარლამენტისთვის გადაცემაზე/გასაჯაროებაზე” – წერია კანონში.

მშვენიერაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანონს განმარტავს ისე, თითქოს კანონში ვალდებულება აღნიშნული დოკუმენტაციის მხოლოდ პარლამენტისთვის გადაცემაზე და მისთვის გასაჯაროებაზეა:

“თავად კანონის მიღების დროსაც, კომიტეტზე არაერთხელ აღნიშნეს ბატონმა ოხანაშვილმაც, რომ ეს იქნება ღია ინფორმაცია და კანონშიც ამიტომ ჩაიწერა.საბჭოში ამბობენ, ამბობენ რომ პარლამენტისთვის გასაჯაროებაზეა ლაპარაკი, რაც არ არსებობს. პარლამენტისთვის გადაცემა ხდება და ინფორმაციის გასაჯაროება ხდება. სამწუხაროდ საბჭო და კლანი ფიქრობს რომ უნდა დახუროს პროცესი კანონში არსებული ჩანაწერის მიუხედავად” – ამბობს მშვენიერაძე.

კოალიციის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ამგვარად, საზოგადოებას სრული ინფორმაცია კანდიდატებზე არ ექნება და პროცესი გამჭვირვალედ ვერ წარიმართება:

“ამიტომ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს რაც ღიადაც იყო გაცხადებული პარლამენტის თავმჯდომარის მიერაც. ყოველ დღე იმეორებდნენ, რომ ეს არის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცესი, აღარანაირ გამჭვირვალობაზე აღარაა ლაპარაკი, მარტივად კანდიდატის მიერ დაწერილი ბიოგრაფიის გარდა ფაქტობრივად არ გვაძლევენ არცერთ ინფორმაციას. ეს არის თანდართული დოკუმენტები, რასაც კანდიდატი წარადგენს, დიპლომის ასლი, რეკომენდაციები, ნაშრომები, ნასამართლეობის შესახებ ცნობა, ბევრი რამ შეიძლება იყოს, რაც კანდიდატმა წარადგინა. ბევრი რამეა რასაც მოიცავს და რაზეც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი”, – აცხადებს მშვენიერაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უსაფუძვლოს და ტყუილს უწოდებს ბრალდებას იმის შესახებ, რომ ის მალავს კანდიდატების შესახებ ინფორმაციას.

“კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, გამოქვეყნდა განმცხადებელთა სია, ინფორმაცია კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ და კანდიდატების  ბიოგრაფიები. ის ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის”, – ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის მიერ “ნეტგაზეთისთვის” წერილობით მოწოდებულ კომენტარში.

რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34(2) მუხლით ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულებაზე აპელირებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს, რომ “აღნიშნული კანონის  34(2)მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს უგზავნის წარდგინებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ, ასევე კანდიდატის განცხადებას, თანდართულ დოკუმენტებს და აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის თაობაზე მოძიებულ მონაცემებს”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.