შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას გავრცლეებულ 10-წუთიან ვიდეოს ფარსს უწოდებს.
“ეს კადრები არის სრული ფარსი. ბატონ ნიკანორ მელიას, რა თქმა უნდა, აქვს თავდაცვის უფლება და შეუძლია ყველა სახის კადრები იპოვოს, მოძებნოს, გამოაქვეყნოს, თავისი ვერსიები წარმოადგინოს, მაგრამ პირველი: ამ კადრებიდან ჩანს ერთი, ნიკანორ მელია და მის ირგვლივ მყოფი პოლიტიკოსები იყვნენ ამ აქციების ლიდერები და ორგანიზატორები. მათ ეგონათ, რომ ეს იქნებოდა მათი სასარგებლო ჩვენება. ვნახავთ, სასამართლოში როგორ იქნება გამოყენებული, რომელსაც დავადებთ პარალელურ კადრს, რომელიც, სხვათა შორის, თქვენს ტელევიზიაშიც გადიოდა”, – თქვა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.
გახარიას თქმით, 20 ივნისის 22 საათიდან მშვიდობიანი აქცია გახდა ძალადობრივი და მისი დაშლა იყო ლეგიტიმური. გახარია ასევე არ ემხრობა ტერმინ “დარბევის” გამოყენებას და აცხადებს, რომ ეს არ არის სამართლებრივი ტერმინი.
გახარიას თქმით, აქციის მონაწილეები ორგანიზებულად, ძალადობრივი მეთოდებით ართმევდნენ აღჭურვილობას პოლიციელებს, მათ შორის, მათ გასტაცეს 300 ფარი.
მელიას მიერ სოციალური ქსელით გავრცელებული კადრები 9.5-წუთიანია. მასში ენმ-ის ლიდერები, მათ შორის, თავად ნიკა მელია, ასევე გრიგოლ ვაშაძე და გია ბარამიძე ჩანან. ისინი აქციის მონაწილეებს მიმართავენ და ეკითხებიან, დათანხმდნენ თუ არა ხელისუფლების შეთავაზებას შეხვედრის შესახებ. ვიდეოს ბოლოს, სპეცრაზმი ცრემლსადენი გაზის კაფსულების სროლას იწყებს.
ვიდეოთი დაინტერესებისაკენ საგამოძიებო უწყებებს სახალხო დამცველმაც მოუწოდა.
ხელისუფლების ვერსიის საპირწონედ მელია 20 ივნისის ღამეს გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს