ახალი ამბები

ხელისუფლების ვერსიის საპირწონედ მელია 20 ივნისის ღამეს გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

11 ივლისი, 2019 •
ხელისუფლების ვერსიის საპირწონედ მელია 20 ივნისის ღამეს გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია 20 ივნისის ღამეს გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, რომლის დიდი ნაწილი პარლამენტის წინ ცრემლსადენი გაზის გაშვებამდე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს მოიცავს. მელიას თქმით, კადრებით მტკიცდება, რომ აქციის დაშლა სწორედ იმ დროს დაიწყო, როცა ოპოზიცია ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ შეხვედრას ათანხმებდა.

“ამ უწყვეტი კადრებით მთლიანად ნადგურდება ხელისუფლების პროპაგანდა, თითქოს სროლა იმიტომ დაიწყეს, რომ დემონსტრანტები პარლამენტში შეჭრას ვცდილობდით.

პირიქით, ამ უწყვეტ კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლება გვთავაზობდა შეხვედრას, რასაც ჩვენ ვათანხმებდით ხალხთან და სწორედ ამ დროს ატეხა სროლა ივანიშვილ-გახარიამ”, – აღნიშნავს ის.

მელიას მიერ სოციალური ქსელით გავრცელებული კადრები 9.5-წუთიანია. მასში ენმ-ის ლიდერები, მათ შორის, თავად ნიკა მელია, ასევე გრიგოლ ვაშაძე და გია ბარამიძე ჩანან. ისინი აქციის მონაწილეებს მიმართავენ და ეკითხებიან, დათანხმდნენ თუ არა ხელისუფლების შეთავაზებას შეხვედრის შესახებ. ვიდეოს ბოლოს, სპეცრაზმი ცრემლსადენი გაზის კაფსულების სროლას იწყებს.


რა მოხდა

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.

20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.

ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა რამდენიმე ადამიანმა დაკარგა თვალი. არაერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადად პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით დაშავდა მედიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა. პროტესტის დაწყებიდან შემდეგ, “ოცნებაში“ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი