ახალი ამბები

რუსეთის დეპუტატი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას ითხოვს

8 ივლისი, 2019 • 1992
რუსეთის დეპუტატი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებას ითხოვს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. 

მის ამ განცხადებას “რაშა თუდეი”  ავრცელებს. 

ეს სიტუაცია არა მხოლოდ შემაშფოთებელია. აღშფოთებული ვარ იმ სიბინძურით, რისი უფლებაც თავს მსხვილმა ტელეკომპანიამ მისცა. ამ ჟურნალისტმა შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ პრეზიდენტ პუტინს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის ლიდერის შეურაცხყოფის ფაქტზე ამ არამზადას წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას. ეს ცივილიზებულ ჩარჩოებს სცდება. მე უფრო შორსაც წავიდოდი და სავაჭრო ემბარგოსა და ხისტ სანქციებს დავაწესებდი. ჩემი აზრით, რეაგირებას მალე უნდა ველოდოთ. ვნახოთ, რას იტყვიან ევროპელები“, – განაცხადა ჯაბაროვმა. 


რა თქვეს გაბუნიამ, გვარამიამ და რუსთავი 2-მა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, მათ შორის -გარდაცვლილი დედა და მამა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. ბოდიში მოიხადა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

ხელისუფლების რეაქცია 

რუსთავი 2-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას  მყისიერად გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი და აღნიშნული შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა.  კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვონ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ჟურნალისტის საქციელი შეაფასონ.

რუსთავი 2 -ის ბოდიში და ხელისუფლების ჩარევა მედიის თვითრეგულირებაში

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ბოდიში მოიხადა გაბუნიას გინების გამო, ამასთანავე, განაცხადა, რომ “კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე”.

” წამყვანის მხრიდან ეთიკური სტანდარტების დარღვევის გამო ხელისუფლების მხრიდან ამგვარი განცხადებები და, მით უფრო, მუქარა საპასუხო რეაგირების შესახებ, არის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის თავისუფლებაში ჩარევა და ცენზურის დაკანონება”, – განაცხადა რუსთავი 2-მა.

“რუსთავი-2″-ს და მისი წამყვანის საეთერო მომავალი მაყურებლის გადასაწყვეტია და არა ხელისუფლების”, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი ზვიად ქორიძე გაბუნიას გინების ირგვლივ გავნითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ  საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალური განცხადებები არანაკლებ პროვოკაციულ და საზოგადოების დემორალიზების ხასიათს ატარებს, ვიდრე გიორგი გაბუნიას უხამსი რეპლიკა. მისი თქმით,  გაბუნიას რეპლიკა იყო უხამსი, თუმცა ეს საკითხი ვერაფრით გასცდება თვითრეგულირების სფეროს;


ავტორი: ნინი გოგიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი