ახალი ამბები

სალაძე: არსებობს გამოხატვის თავისუფლების კანონმდებლობის გაუარესების საფრთხე

8 ივლისი, 2019 • 1918
სალაძე: არსებობს გამოხატვის თავისუფლების კანონმდებლობის გაუარესების საფრთხე

„არსებობს საფრთხე, რომ მივიღებთ გაუარესებულ კანონმდებლობას გამოხატვის თავისუფლების კუთხით“, – ასეთია სულხან სალაძის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის მოლოდინი. მას ვესაუბრეთ გიორგი გაბუნიას გუშინდელი გადაცემის შემდეგ ხელისუფლების რეაქციაზე. თავად „რუსთავი 2“-მა ბოდიშის მოხდის პარალელურად აღნიშნა, რომ ეს „ცენზურის დაკანონებაა“.

„ის, რაც გუშინ ვნახეთ რუსთავი 2-ის ეთერით, რა თქმა უნდა, არ იყო ეთიკური ჟურნალისტიკა. აბსოლუტურად სამართლიანად ბევრმა ადამიანმა თავისი დამოკიდებულება გამოხატა, თუმცა ამის შემდეგ დაწყებული პროცესი, როცა ერთმანეთის მიყოლებით პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე თუ ქალაქის მერი აკეთებდნენ განცხადებებს, სასაცილოც კი გახადეს ეს პროცესი. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მწვავე განცხადებებს გააკეთებდა… „ჩემპიონი“ იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა. ამ უწყებაში მაინც იციან, რა არის საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქცია. რა უნდა ქნან ამ ორგანიზაციებმა ახლა, უნდა დაგმონ გადაცემა და თქვან, რომ გაბუნია ცუდია ჟურნალისტია?“, – აღნიშნავს სულხან სალაძე.

საია-ს თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს პარლამენტში უკვე შეტანილ კანონპროექტზე, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. სალაძე განმარტავს, რომ თვითრეგულირების ნაცვლად ხელისუფლებას სურს მარეგულირებელი ინსტიტუტის გაძლიერება. ამ კუთხით თვითრეგულირების ფუნქციების მარეგულირებლისთვის გადაცემა იგეგმება, ასევე- სანქციების დაწესება.

„ამ ფონზე ხელისუფლებას დამატებითი არგუმენტები ეძლევა იმისთვის, რომ მარეგულირებლის გაძლიერებაზე ისაუბროს… გაბუნიას ამ გამოსვლას ხელისუფლება გამოიყენებს, როგორც მტკიცებულებას“, – დასძენს სულხან სალაძე. მას აქვს მოლოდინი, რომ უშუალოდ კანონში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ შეიძლება ცვლილება არ შევიდეს, მაგრამ სხვა კანონების შეცვლით ეცდება ხელისუფლება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის შეცვლას.

„მოგვწონს თუ არა, ის, რაც გამოხატვის თავისუფლების სტანდარტშია, უნდა იყოს დაცული. რაც არ მომწონს, არ ვუყურებ საერთოდ, ეს არის ჩემი პროტესტი და პოზიცია. ის, რომ რუსთავი2 უნდა დაიხუროს, გაბუნიამ და გვარამიამ უნდა დატოვონ ქვეყანა, ან გამოძიება დაიწყოს, ეს სამართლებრივად აბსურდული მოთხოვნებია. ასეთი რამ ჩვენს ირგვლივ იმ ქვეყნებშიც კი აღარ ხდება, სადაც გამოხატვის თავისუფლება სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. ხელისუფლება საქართველოში დღეს არსებულ სტანდარტს გამოხატვის თავისუფლების კუთხით ნამდვილად ვერ გააუმჯობესებს, რადგან ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო კანონი. თუ ხელისუფლებას სურს, რომ გაძლიერდეს ეს სტანდარტი, მან უბრალოდ თვითრეგულირების გაძლიერებას უნდა დაუჭიროს მხარი“, – მიიჩნევს სულხან სალაძე.

როგორი უნდა ყოფილიყო ხელისუფლების რეაქცია, როცა გამოხატვის თავისუფლების პარალელურად არსებობს ქვეყნებს შორის დაძაბულობის შექმნის საფრთხე?

„მე ვფიქრობ, ხელისუფლებიდან ერთი-ორი პირის განცხადება საკმარისი იქნებოდა. თუ ვინმეს უნდა გაეგო, გაიგებდა ამას“, – გვიპასუხა სულხან სალაძემ.

———————————————-

7 ივლისს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ თავისი გადაცემა რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა თავის მიმართვაში ასევე გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლები. ჟურნალისტის ამ მონოლოგს საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

გიორგი გაბუნიას გაემიჯნა არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რუსთავი 2 -მა ოფიციალურად მოიხადა ბოდიში.

პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის რუსულ ენაზე გინებას გამოეხმაურნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტი და თბილისის მერი. ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტის ქცევა შეფასდა, როგორც ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, რომ რუსთავი 2-ის წამყვანის საქციელს სათანადო შეფასება მისცეს.

7 ივლისს, გვიან ღამით რუსთავი 2-ის შენობის წინ მოქალაქეებმა დაიწყეს შეკრება. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას გადადგომას ითხოვდნენ, ასევე, პოლიციამ დაიწყოს გამოძიება წამყვანის გინების გამო. ტელეკომპანია “რუსთავმა 2” -მა 8 ივლისს, დილის 02.00 საათზე მაუწყებლობა შეწყვიტა. საპროტესტო აქცია 04:00 საათამდე გაგრძელდა. „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა 8 ივლისს, დილის 10 საათიდან განაახლა.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტიამ გიორგი გაბუნიას ქმედება შეაფასა, როგორც არაეთიკური და უპასუხისმგებლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი