ახალი ამბები

პოლიციის კორდონის გარღვევა და პრაიდის მონაწილეების გათრევა – ვასაძის მუქარა თბილისი პრაიდზე

7 ივლისი, 2019 • 2446
პოლიციის კორდონის გარღვევა და პრაიდის მონაწილეების გათრევა – ვასაძის მუქარა თბილისი პრაიდზე

ლევან ვასაძე 8 ივლისს  დაგეგმილ თბილისის პრაიდის “ღირსების მარშთან” დაკავშირებით მუქარას ავრცელებს და აცხადებს, რომ თუ პოლიციის კორდონი იქნება, გაარღვევენ, ხოლო მონაწილეებს, გაათრევენ.

მისი თქმით, ისინი ხვალ დილიდან ვერის ბაღში შეიკრიბებიან და როგორც კი დაადგენენ, თუ სად ტარდება პრაიდი, იქ გაემართებიან “წესრიგის დასამყარებლად” და პრაიდის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.

“ჩვენი ამოცანა არის, თუ იქ იქნება პოლიციის კორდონი, მისი გარღვევა და უსირცხვობის და გარყვნილების პროპაგანდისტების იქიდან გათრევა”.

ვასაძე ასევე მოუწოდებს მონაწილეებს თან იქონიონ ცხვირსახოცები და ქამრები:

“თან იქონიეთ ხელზე შებნეული თეთრი ცხვირსახოცები, ან ზეწრის ნაჭრები, რათა ამოვიცნოთ ერთმანეთი და ასევე ხელზე შებნეული ქამრები, რათა გავათრიოთ ამ ქამრებით ეს ჩვენი ქვეყნის შეურაცმყოფელები”. 

მისი თქმით, “კომბლები სხვენშია შემოდებული”, რადგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრაიდის მონაწილეებს არ დაიცავს.

“რადგანაც შსს-მ გამოაცხადა, რომ ვერ დაიცავს პრაიდს და მოუწოდა არ ჩატარებულიყო, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ მივალთ იქ მამაკაცები შიშველი ხელებით. რა თქმა უნდა, თუ ხვალ დილამდე შსს შეცვლის თავის ჩვენებას, მაშინ ვისაც როგორც გინდათ ისე მოიქეცით. 

…იარაღის მოტანას აპირებენ, ჩვენ ვერის ბაღის საზოგადოება ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ჩვენი მიზანია ეს პროპაგანდისტები გავათრიოთ იქიდან ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით. 

რადგანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკავებს პრაიდის ორგანიზატორებს, ნებისმიერი დაძაბულობა, იქნება მათი პასუხისმგებლობა”, – აცხადებს ვასაძე. 

“ნეტგაზეთმა” კითხვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვასაძის ამ მუქარის განცხადებებთან, ასევე “ღირსების მარშის” უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. მათ პასუხს, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ  მუქარის შემცველი განცხადება 16 ივნისსაც გაავრცელა. ის ამბობდა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ შექმნის „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. ახსენა „კომბლებიც“. იმავე საღამოს ვერის ბაღში შეკრებილმა ხალხმა დაიწყო ჩაწერა ვასაძის დაანონსებულ „რაზმებში“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე დღეს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, ასეთ ფორმირებაში გაწევრებას, მონაწილეობას ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვაგვარ საქმიანობას გულისხმობს.

თუმცა ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ, სავარაუდოდ, უკანონო ფორმირების საქმეზე ბრალი ამ დრომდე არავისთვის წაუყენებიათ. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გვეტყვიან.


7 ივლისს თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ პრაიდის ფარგლებში “ღირსების მარში? 8 ივლისს გაიმართება. შინაგან საქმეთა სმაინისტროს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარში” 8 ივლისს გაიმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი