დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ბიზნესმენი ლევან ვასაძე დაასანქცირა.
გაერთაინებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, ახალი სანქციები ეხება უკრაინაში პუტინის უკანონო ომის მხარდამჭერებს, რომლებიც საქართველოსთან არიან კავშირში.
განცხადების თანახმად, პოლიტიკოსს და მედიამაგნატ ლევან ვასაძეს სანქციები დაუწესდა საკუთარი პლატფორმების პრორუსული დეზინფორმაციისთვის გამოყენებისთვის, ასევე, სანქციები დაეკისრა ბიზნესმენ ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც „რუსეთთან და „ქართული ოცნების“ უმაღლეს ეშელონებთან ფართო კავშირები აქვს“.
სანქციების სიაში ვკითხულობთ, რომ „ოთარ ფარცხალაძე იყო ან არის დაკავშირებული რუსეთის მთავრობის მხარდაჭერაში ან მისგან სარგებლის მიღებაში „მოსკოვის ბიზნეს-საბროკერო კომპანიის“ დირექტორად მუშაობით, რომელიც რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სექტორებში, კერძოდ, რუსეთის ფინანსური მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში საქმიანობს.
ლევან ვასაძე კი, ბრიტანეთის თანახმად, იყო ან დაკავშირებულია იმ პოლიტიკის მხარდაჭერასთან თუ ქმედების ხელშეწყობასთან, რომელიც არღვევს უკრაინის სტაბილურობას და ტერიტორიულ მთლიანობას.
ვასაძე და ფარცხალაძეს ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესდათ.
გარდა ამისა, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი, ორი ნავთობტანკერი დასანქცირდა რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ბათუმის პორტში.
„რუსეთის საომარი პოზიციების შესუსტების კვალდაკვალ, კრემლი სულ უფრო მეტად ეძებს მესამე ქვეყნებში მოქმედ მარიონეტებს, რათა მხარი დაუჭირონ მის საომარ და პროპაგანდისტულ ოპერაციებს, მათ შორის საქართველოში“, — ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის განცხადებაში.
„პუტინის საომარი მანქანა საერთაშორისო ქსელს ეყრდნობა ტყუილის გასავრცელებლად და ამ ქსელის დასაფინანსებლად. ჩვენ კიდევ ერთ სასიცოცხლო ხაზს ვჭრით საქართველოში იმ ადამიანების მიზანში ამოღებით და შეკავებით, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის უკანონო ომს უკრაინაში. კრემლს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს პუტინის მხარდამჭერი ბნელი ქსელების გამოაშკარავებას“, — განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუთიმ.
გაერთიანებული სამეფო ხაზს უსვამს, რომ სანქციების დაწესება მოჰყვა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოსთან კავშირების შემცირებას 2024 წელს, რაც იყო პასუხი „ქართული ოცნების“ მიერ კრემლის მიერ შთაგონებული კანონების აღსრულებაზე, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებსა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებაზე.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს არცერთ ნავსადგურში სანქცირებული გემების შემოსვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
„2025 წელს ორჯერ (იანვარსა და ივლისში), რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები შევიდნენ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ბენზინის ტრანზიტული ტვირთით, ხოლო საბოლოო დანიშნულების ქვეყნად სომხეთი იყო მითითებული. ორივე გემი მოგვიანებით, 2025 წლის 19 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიაში შეიყვანეს. საქართველოს პორტებში შესვლისა და საქართველოს წყლებიდან გასვლის დროს, ეს გემები სანქციებს არ ექვემდებარებოდნენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
