ახალი ამბები

ვასაძის მუქარა: სახალხო რაზმებით ვიპატრულირებთ, ქამრებით შევუკრავთ ხელებს

16 ივნისი, 2019 • 3265
ვასაძის მუქარა: სახალხო რაზმებით ვიპატრულირებთ, ქამრებით შევუკრავთ ხელებს

ლევან ვასაძე მუქარით ამბობს, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ — „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

„სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული და აწყობილი. გვეყოლება ათეულები ათისთავებით, რაც შეიკვრება ასეულად და ეყოლება ასისთავი, რაც შეკრებს ათასეულს და იქნება ლეგიონი”, – თქვა ვასაძემ 16 ივნისს თბილისში გამართულ აქციაზე, რომელზეც თითქმის სულ კაცები ესწრებოდნენ.

ვასაძის თქმითვე, ეს ადამიანები „ერთი კვირა გაინაწილებენ ქალაქს, იქნება პატრულირება“. ვასაძემ თქვა, რომ ისინი არ იქნებიან შეიარაღებულები“, თუმცა დასძინა, რომ ისინი გაარღვევენ „ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს“.

უკანონო ფორმირებების შექმნა/მასში გაწევრება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მოგვიანებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კითხვით, დაიწყება თუ არა ვასაძის განცხადებაზე გამოძიება და გამოკითხავენ თუ არა მას 16 ივნისის საღამოს საჯარო გამოსვლის შინაარსთან დაკავშირებით. უწყებების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი