ახალი ამბები

ვასაძის, სავარაუდოდ, უკანონო “რაზმებზე” ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებიათ

25 ივნისი, 2019 • 1882
ვასაძის, სავარაუდოდ, უკანონო “რაზმებზე” ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებიათ

ლევან ვასაძის მიერ დაანონსებულ, სავარაუდოდ, უკანონო ფორმირების საქმეზე ბრალი ამ დრომდე არავისთვის წაუყენებიათ. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გვეტყვიან.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 16 ივნისს მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა. ბიზნესმენი ამბობდა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ შექმნის „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. ახსენა „კომბლებიც“. იმავე საღამოს ვერის ბაღში შეკრებილმა ხალხმა დაიწყო ჩაწერა ვასაძის დაანონსებულ „რაზმებში“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეორე დღეს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, ასეთ ფორმირებაში გაწევრებას, მონაწილეობას ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვაგვარ საქმიანობას გულისხმობს.

დააკლიკეთ, რათა ნახოთ, რას ითვალისწინებს სსკ-ის 223-ე მუხლი

1. უკანონო ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნა ან ხელმძღვანელობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

2. უკანონო ფორმირებაში გაწევრება ან/და მონაწილეობა, ასეთი ფორმირების მიერ ორგანიზებული წვრთნის გავლა, ამგვარ ფორმირებაში გაწევრების, მონაწილეობის ან მისი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეწყობის მიზნით პირის გადაბირება, გაწვრთნა ან პირთა შეგროვება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

3. უკანონო ფორმირებაში გაწევრებასთან ან/და მონაწილეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის ან/და სიმბოლიკის გავრცელება ან გამოყენება, თუ ეს ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

4. უკანონო ფორმირების დაფინანსება, ესე იგი ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უკანონო ფორმირების საქმიანობისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.

6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისაკენ საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

17 ივნისს ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ მის მიერ  დაანონსებულ პატრულირებას აუქმებს. ამის შესახებ ვასაძემ მხარდამჭერებს ვერის ბაღში განუცხადა და მიზეზად დაასახელა, თითქოს შს სამინისტრომ ორგანიზატორებს პრაიდის ჩატარება აუკრძალა.

საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ბიზნესმენი ლევან ვასაძე და გურამ ფალავანდიშვილი.

ვასაძის მუქარა: სახალხო რაზმებით ვიპატრულირებთ, ქამრებით შევუკრავთ ხელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი