ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

მწერლების ბოიკოტი “სახელმწიფოს ბოიკოტს”

5 ივლისი, 2019 • 5830
მწერლების ბოიკოტი “სახელმწიფოს ბოიკოტს”

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს განკარგულებით  “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი” და მწერალთა სახლი”. როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გაუქმდა და მათ სანაცვლოდ ახალი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა. მწერლები ამ გადაწყვეტილებას მათი დასჯის მცდელობად აფასებენ და ზვიად რატიანის საქმეზე საკუთარ აქტიურობას უკავშირებენ.

როგორც მწერლები აცხადებენ, ეს გადაწვყეტილება უწყებამ სფეროში მოღვაწე პირების ჩართულობის გარეშე მიიღო, რის გამოც ახალშექმნილ “ლიტერატურის ეროვნულ ფონდს” მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. მათი თქმით, ორივე ორგანიზაცია არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებდა, რომელთა ბედი, თუ სამინისტრო გადაწყვეტილებას არ გადახედავს, ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სტრუქტურული ცვლილებები და პროექტები კითხვის ნიშნის ქვეშ

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად “მწერალთა სახლისა” და “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის” სამართალმემკვიდრედ “ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი” განისაზღვრა. შედეგად, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ წიგნის ცენტრის დირექტორი დეა მეტრეველი და მწერალთა სახლის  ხელმძღვანელი ნატა ლომოური.

ლომოურის თქმით, ცვლილებების მიზნობრიობას სამინისტროში ევროკავშირის ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნით ხსნიან, სადაც ქვეყანაში კულტურის მიმართულებით განსახორციელებელი რეფორმის საჭიროებაზეა საუბარი. მისი თქმით, დასკვნის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სამინისტროს ქვეშ მრავალი სსიპია გაერთიანებული, რომელთა საქმიანობაც სასურველია საგრანტო-საჯარო დაფინანსების მოდელზე გადავიდეს.

მწერალთა სახლის ყოფილი ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ექსპერტების დასკვნის მიხედვით, რეორგანიზაციის მიზანი სსიპ-ებისთის  გარე დაფინანსებების მოძიებაზე მოტივაციის გაზრდა უნდა ყოფილიყო, თუმცა ორივე გაუქმებული ორგანიზაცია ამ აქტივობებს ისედაც ეწეოდა. ამ მოდელის წარმატებულ მაგალითად ექსპერტულ დასკვნაში “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი” მართლაც არის დასახლებული:

“სინამდვილეში მსგავსი მექანიზმები უკვე არსებობს რამდენიმე იშვიათ შემთხვევაში გრანტის გამცემი სსიპ-ის სახით (კინოცენტრი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, შემოქმედებითი საქართველო). მაგალითისთვის კინოცენტრის მოდელი რომ განვიხილოთ, უკანანკნელ წლებში შეიქმნა საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება, რომელიც უნდა იყოს გადატანილი სხვა შემთხვევებზეც და უნდა იმუშაოს, როგორც გენერალურმა მოდელმა”, – ვკითხულობთ დასკვნაში, რომელიც სამინისტრომ საფუძვლად დაუდო ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის გაუქმებას.

ლომოურის თქმით, მწერალთა სახლი გარე დაფინანსებების მოძიებაზეც აქტიურად მუშაობდა, კერძოდ, მწერალთა სახლში რეზიდენციის მოსაწყობად ორგანიზაციამ დაფინანსება ბიზნესასოციაციისგან მოიპოვა,  დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების მუზეუმების მოსაწყობად კი, რომლებსაც საგანმანათლებლო დატვირთვა უნდა ჰქონოდა, აქტიურად თანამშრომლობდნენ კერძო სექტორთან.

გარდა იმისა, რომ უცნობია, რა ბედი ეწევა ამ ორი მუზეუმის შექმნის პროცესს, ლომოურის თქმით, უცნობია, როდის გაიმართება ლიტერატურული პრემია “ლიტერას” დაჯილდოების ცერემონიაც, რომლის გამართვაც 25 ივლისს იყო დაგეგმილი.

იქნება თუ არა საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით პარიზის 2021 წლის წიგნის ბაზრობაზე

კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა პარიზის 2021 წლის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენის საკითხიც. როგორც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი დირექტორი დეა მეტრეველი “ნეტგაზეთთან” ამბობს, მოსამზადებელი სამუშაოებისთვის არცერთი დღის დაკარგვა არ შეიძლება, თუმცა პროცესი უკვე 2 თვეა შეჩერებულია.

მისი თქმით, წიგნის ცენტრს წინამოსამზადებელი პროცედურები რეორგანიზაციამდე ჰქონდა დაწყებული:

“მოგეხსენებათ, ასეთი დიდი პროექტები 2-3 დღეში არ კეთდება. სანამ სახელმწიფო ოფიციალურად მემორანდუმს გააფორმებდა, ჩვენ ძალიან ბევრი წინსწრები პროცედურა განვახორციელეთ. ფრანგ გამომცემლებთან გვქონდა აქტიური კომუნიკაცია, პარიზის წიგნის ბაზრობაზე ჩასვლა, იქ ადგილზე შეხვედრების გამართვა, ჩემი თანამშრომლების მივლინება იგეგმებოდა ივლისში, მაქსიმალურად კარდაკარის პრინციპით რომ ემუშვათ გამომცემლებთან.

ასევე, კონკურსი გამოვაცხადეთ მთარგმნელების მობილიზებისთვის, რათა წიგნები, რომლითაც დავაინტრესებდით ფრანგ გამომცემლებს, მთარგმნელბთან დაგვებინავებინა.  მაისის ბოლოს  წიგნის ცენტრის გაუქმებამ  ეს პროცესი შეაფერხა. ხელმძღვანელობას რა გეგმები აქვს, უნდათ თუ არა საერთოდ პარიზი  – მათ უნდა ჰკითხოთ”, – ამბობს მეტრველი.

მისი თქმით, არსებული სტრუქტურის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი გამომცემლები ქართული წიგნებითა და ავტორებით დაინტერესდებოდნენ, განაცხადს თარგმნისთვის წიგნის ცენტრში შეიტანდნენ,  რის შემდეგაც სამეთვალყურეო საბჭო დაფინანსების ოდენობასა და მიზნობრიობაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა. ცვლილებების შემდეგ კი ამ დრომდე უცნობია, რა მოდელით გააგრძელებს მუშაობას ახალშექმნილი ფონდი:

“რეალურად, ამ რეჟიმში 2 თვე ძალიან სერიოზული პერიოდია. ფრანგ გამომცემლებთან მუშაობა, გერმანელებისგან განსხვავებით, სხვა სირთულისაა. ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორც გერმანელების შემთხვევაში. ფრანგული წიგნის ბაზარი ძალიან თვითკმარია. ძალიან ჩაკეტილია უცხო ლიტერატურის მიმართ, ძალიან სკეპტიკურია და ძნელად იღებენ გადაწყვეტილებებს. მთარგმნელებიც უფრო ცოტა არიან, ვიდრე გერმანულენოვანი. აქ სულ სხვა გამოწვევებია. გეგმა, რომელიც ჩვენ გვქონდა, ითვალისწინებდა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვყოფილიყავით. ორი თვეა შეჩერებულია პროცესი”, – ამბობს მეტრეველი.

ამასთან, დეა მეტრეველი აღნიშნავს, რომ პროექტების გადაბარების პროცესი ახალი გუნდს ამ დრომდე არ დაუწყია:

ამ ეტაპამდე არ მივსულვართ, გადაბარების პროცესში რომ ენახა ახალ გუნდს, რა გვქონდა დაგეგმილი. ამ ფორმის კონსულტაციამდე ჯერ ვერ მივედით იმიტომ, რომ ფონდის სტრუქტურული და საკადრო დაკომპლექტება მიმდინარეობს” .

პოეტი პაატა შამუგია კი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებს პარიზის პროექტი შეეწირება.  მისი თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები პარიზის წიგნის ბაზრობისთვის უკვე დაგვიანებულია. ამას ემატება მწერლების ბოიკოტიც:

“პარიზი ჩავარდნილია, ჩათვალეთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ არის დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები.  აბსოლუტურად ყველაფერი არის დაგვიანებული და როცა ამდენი მწერალი აცხადებს ბოიკოტს, რა შეიძლება ჩატარდეს. როცა ჩვენ მოვითხოვეთ კონცეფცია, პასუხი იყო ასეთი, რომ კონცეფცია არ გვაქვსო.

ეს არის განზრახ შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც არანაირ იდეურ საწყისზე არ დგას. არანაირი პიროვნული დაპირისპირება ჩვენ არ გვაქვს არავისთან, უბრალოდ, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მოხდა უსამართლობა და ამ უსამართლობას ექნება შედეგები”, -ამბობს შამუგია. 

მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების ბოიკოტი ახალშექმნილ ფონდს

მწერლები ბოიკოტს უცხადებენ “ქართული ლიტერატურის ფონდს”, რომელიც “მწერალთა სახლისა” და “ქართული წიგნის ცენტრის” გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ბოიკოტის წერილის ხელმომწერები აცხადებენ, რომ მათი პასუხი შექმნილ სურათზე იქნება სრული დაუმორჩილებლობა ხელისუფლებისა და სამინისტროს გადაწყვეტილებების მიმართ:

“ჩვენი ბოიკოტი იქნება ყოვლისმომცველი და ხმაურიანი, მასში ჩაერთვება საერთაშორისო სამწერლო საზოგადოება, ჩვენ მოვძებნით ალტერნატიულ ხერხებს ჩვენი წიგნების დასასტამბად – ეს იქნება დროებითი ზომა, ჩვენს სრულ გამარჯვებამდე, ხსენებულ სფეროში სტატუს-კვოს აღდგენამდე და სრულ სამუშაო პროცესში დაბრუნებამდე”, – ვკითხულობთ წერილში, რომელსაც ხელს 50-მდე მწერალი აწერს.

პოეტი რატი ამაღლობელი “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ ბოიკოტს მწერლებს რეალურად ხელისუფლება უცხადებს, რომელმაც სამ თვეში კულტურის სექტორის, მწერლების და მკითხველების ჩართულობის გარეშე კაბინეტში სექტორისთვის ასეთი საზიანო გადაწყვეტილება მიიღო:

“როდესაც სამი-ოთხი თვის განმავლობაში სისტემას, რომელიც გულისხმობს ლიტერატურას, კულტურულ სექტორს, მკითხველს, მწერალს აღარ ელაპარაკები და ამის გარეშე იღებ გადაწყვეტილებებს, რეალურად შენ ხარ ბოიკოტში მწერლების წინააღმდეგ. სინამდვილეში, ამ ხალხმა ჩვენ გამოგვიცხადა ბოიკოტი. არ გვაღიარებენ, რომ ვარსებობთ. არ აცნობიერებენ, რომ ეს პროცესი ჩვენ გვეხება. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია უცხოელ გამომცემლებთან, ჩვენ წარვდგებით უცხოურ პლატფორმებზე და შიგნით. ამ ადამიანების გარეშე მიიღეს გადაწყვეტილებები და რამდენიმე თვის განმავლობაში ვთხოვდით, რომ უკან არ გადაგვედგა ნაბიჯი და ნუ ჩაყრიდნენ წყალში ჩვენს მონაპოვარს. ამის მიუხედავად, მიიღეს გადაწყვეტილება, დახურეს ორი მნიშვნელოვანი სსიპი და  ყოველგვარი წინაპირობის და კონსულტაციის გარეშე დანიშნეს დირექტორი ისე, რომ გაათავისუფლეს თანამშრომლები, რომლებმაც  ეს ორგანიზაციები ნულიდან შექმნეს და რომლებსაც  ხედვა,  კავშირები და კომუნიკაცია ჰქოდნათ”, – ამბობს ამაღლობელი.

მისი თქმით, სახელმწიფომ მწერლებს არ დაუტოვა გზა გარდა იმისა, რომ არ მიიღონ რეალობა, რომელიც მათ საჭიროებებს არ გამოხატავს და არ არის ანგარიშვალდებული ლიტერატურულ პროცესებთან. ამაღლობელის თქმით, ბოიკოტის ფარგლებში ხელმომწერები შეეცდებიან კერძო ინიციატივების მოზიდვას:

“ნამდვილ ადამიანებს, რომლებიც არიან თავის მკითხველთან დაკავშირებული, სახელმწიფო ვერ ჩაკეტავს. რასაკვირველია, ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ გზებს როგორც საერთაშორისო ფონდებთან, ასევე, შიდა საუბრები გვაქვს. მთელ რესურსს, რაც ქართულ ლიტერატურას გააჩნია, როგორც წიგნის ცენტრის, ისე მწერალთა სახლის და სხვადასხვა მიმართულების სამწერლო გაერთიანების, სრული კონსოლიდაცია გვინდა ერთი ქოლგის ქვეშ.

მრავალგვარი მიმართულებები, მრავალგვარი ორგანიზაციები საერთო მიზნის და მესიჯის ქვეშ. ეს იგეგმება და უკვე ვსაუბრობთ ძალიან სერიოზულ პარტნიორებთან შინ და გარეთ. ეს სახელმწიფო ვერ ხვდება,  მას შეუძლია მხოლოდ მოკლას და გამოშიგნოს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებსაც სიცოცხლეს და სულს ბერავს ყოველთვის საზოგადო და კერძო ინიციატივები.  ამიტომ ჩვენ ისევ კერძო ინიციატივას გავაძლიერებთ”, – ამბობს ამაღლობელი.

საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი, პოეტი პაატა შამუგია “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ პენცენტრს წიგნის ეროვნული ცენტრისგან მნიშვნელოვანი გრანტი ჰქონდა, რომელზეც ბოიკოტის ფარგლებში უარს იტყვიან:

“ჩვენ გვქონდა წიგნის ეროვნული ცენტრისგან გრანტი, რომელზეც ჩვენ ვაცხადებთ უარს. წერილობით ეს გაეგზავნება შესაბამის სამართალმემკვიდრეს, ამ შემთხვევაში ახალშექმნილ ფონდს. ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამაზე ვამბობთ უარს. გარკვეული თვალსაზრისით, ძალიან ვიზიანებთ თავს იმიტომ, რომ 50 -მდე მწერალი ელოდა ამ პროექტს, იყო დიდი მოლოდინი, იყო გაწერილი თვეების განმავლობაში მასალების რაოდენობა, რაც უნდა განთავსებულიყო ვებზე. ყველანაირი გეგმა ავაყირავეთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ახლა ბოიკოტი უფრო მნიშვნელოვანია” ,- ამბობს შამუგია.

მისი თქმით, პროექტი პენცენტრის ვებგვერდზე მასალების განთავსებას ეხებოდა, რომელთან დაკავშირებითაც ამჟამად მოლაპარაკებებს სხვა ორგანიზაციებთან აწარმოებენ. რაც შეეხება სხვა აქტივობებს, შამუგია აღნიშნავს, რომ ბოიკოტს ხელს ფაქტობრივად მთელი სამწერლო საზოგადოება აწერს და აქვთ გარკვეული მონახაზი, რითაც შეიძლება დაბალანსდეს ზიანი, რომელიც ამ მოვლენების გამო შეიძლება პროცესს მიადგეს.

უცნობია ასევე, რა ბედი ეწევა ლიტერატურულ ჟურნალებს, რომლებიც მწერალთა სახლის ეგიდით ჩატარებული ტენდერის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით გამოიცემა. ბოიკოტის წერილს ხელს აწერს ჟურნალ “არილის” რედაქტორი მალხაზ ხარბედია, რომელმაც ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისი და “არილის” პოზიცია ბოიკოტის წერილში ნათლად არის გამოკვეთილი და დამატებითი კომენტარის მოცემა არ ისურვა.

“ახალი საუნჯის” რედაქტორი შოთა იათაშვილი კი ამბობს, რომ სრული ბოიკოტი გარკვეულწილად ჩიხში შესვლას გულისხმობს, რაც ლიტერატურულ ჟურნალებთან დაკავშირებითაც უკვე ჩანს:

„ახალი საუნჯე“, „არილი“ და „ცისკარი“, ასევე ორი საბავშვო ჟურნალი, „დილა“ და „შოკოლიტი“, იმ ლიტერატურული ტენდერის გამარჯვებულებია, რომლებიც მწერალთა სახლის ეგიდით და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით მოეწყო. როგორც სამართალმემკვიდრე, წესით, ჟურნალი აწი ლიტერატურული ფონდის ეგიდით უნდა გამოიცეს. თუმცა ყველაფერი ეს სპეკულაციის საკითხია.

ქოთანს ყურს როგორც მიაბამ, ისე იქნება. თუ კულტურის სამინისტრო შეეცდება კონფლიქტი აირიდოს, შეუძლია არ მოაქციოს ეს პროექტი ლიტერატურის ეროვნული ფონდის ქვეშ, ხოლო თუ პირიქით, გამწვავებისკენ წავა, მოითხოვს, რომ ივლისიდან ჟურნალები ლიტერატურის ფონდს დაექვემდებაროს”, – ამბობს იათაშვილი “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ჟურნალის რედაქტორობაზე უარს იტყვის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კულტურის სამინისტრო ან ლიტერატურის ფონდი ჟურნალს “ზემოდან” დაუნიშნავს რედაქტორს. მიუხედავად ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ ბოიკოტის წერილს ხელს ამდენი მწერალი აწერს და პროცესი კიდევ გრძელდება, სავარაუდოდ, ჟურნალში მასალების ხარისხი მკვეთრად დაეცემა:

“ჟურნალს თავისი დამფუძნებელი, ვაჟა წოწკოლაური ჰყავს და ეს უკვე მისი გადასაწყვეტი იქნება. თუმცა, თუ ჟურნალში ახალი რედაქტორი მოვა და მისი გამოცემა გაგრძელდება, ჩიხი მაინც ვერ ასცდება, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრმა მნიშვნელოვანმა ავტორმა უკვე ხელი მოაწერა სრულ ბოიკოტს, ხელმოწერები ისევ გრძელდება, ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ამ ჟურნალში მასალებს აღარ გააგზავნიან, რაც ჟურნალის ხარისხის მკვეთრად დაცემას ნიშნავს.

სავარაუდოდ, ანალოგიური სურათი იქნება სხვა ჟურნალების შემთხვევაშიც. ცხადია, ეს ყველაფერი ლიტერატორების ისედაც არამდგრად ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს, მაგრამ ბოიკოტის გამოცხადება ყოველთვის გულისხმობს ასეთ რისკებს, რაც მიმაჩნია, რომ ყველა ხელმომწერს გააზრებული აქვს”, – ამბობს იათაშვილი.

ამ მოვლენების პარალელურად, დღეს ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას ტოვებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე. გიორგაძემ განაცხადა, რომ 5 წელი საჯარო სამსახურში საკმარისი დრო იყო და ახლა გადაწყვიტა კერძო სექტორს დაუბრუნდეს.

ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას მინისტრის უკვე ყოფილმა პირველმა მოადგილემ ლიტერატურის ფონდის შექმნის საკითხზეც ისაუბრა. გიორგაძე ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება მწერლების ბოიკოტს და რეორგანიზაციას არ უკავშირდება და მოვლენები უბრალოდ დროში დაემთხვა ერთმანეთს:

“მე ნამდვილად მგონია, რომ საფუძველი არ აქვს. არავის ვთხოვ და არც მოლოდინი მაქვს, რომ ვინმე ჩემს სიტყვებს დაიჯერებს, თუმცა ძალიან ახლო მომავალში გამოჩნდება, რომ ასეთ არაჯანსაღ აჟიოტაჟს და აბსურდულ ბრალდებებს საფუძველი არ ჰქონდა. მე მგონია, რომ წმინდა ემოციურად და ადამიანირად, მე შეიძლება გამიჩნდეს კონკრეტული ადამიანების მხრიდან ბოდიშის მოხდის მოლოდინიც იმ, პირდაპირ ვიტყვი, საჯარო გამოხტომების გამო, რომელიც ზოგიერთმა იკადრა”, – ამბობს გიორგაძე.

მიმდინარე პროექტების ბედზე ინფორმაციის მისაღებად “ნეტგაზეთმა” განათლების სამინისტროს მიმართა და ლიტერატურის ფონდის ხელმძღვანელის, ირმა რატიანის ჩაწერა სცადა.

ამ საკითხზე სამინისტროს პრესსამსახურს დღის განმავლობაში “ნეტგაზეთი” რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა სამინისტროში ამბობდნენ, რომ რატიანს შეხვედრები აქვს და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ. უწყებაში უარი გვითხრეს სამინისტროს სხვა წარმომადგენლის ჩაწერაზეც.

4 დღის წინ პირველი არხისთვის მიცემულ ინტევრიუსი ირმა რატიანმა თქვა, რომ მიმდიანრე პროექტები არ შეწყდება, თუმცა “ნეტგაზეთს” მისგან აინტერესებდა, როგორ მოახერხებს ამას მწერლების ბოიკოტის ფონზე.

მწერალთა სახლის საკითხზე ირმა რატიანის რამდენიემ დღის წინანდელი კომენტარი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/213573/

ამავე თემაზე

“შურისძიება მწერლებზე“- რატომ აკრიტიკებენ მწერლები სამინისტროს

ლანა ღოღობერიძე: რატომ გააუქმეს წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი?!

 

მასალების გადაბეჭდვის წესი