ახალი ამბები

მწერლების ნაწილი ახალშექმნილ “ქართული ლიტერატურის ფონდს” ბოიკოტს უცხადებს

1 ივლისი, 2019 •
მწერლების ნაწილი ახალშექმნილ “ქართული ლიტერატურის ფონდს” ბოიკოტს უცხადებს

მწერლების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს “ქართული ლიტერატურის ფონდს”, რომელიც “მწერალთა სახლისა” და “ქართული წიგნის ცენტრის” გაერთიანების შედეგად შეიქმნა.

ბოიკოტის წერილის ხელმომწერები აცხადებენ, რომ მათი პასუხი შექმნილ სურათზე იქნება სრული დაუმორჩილებლობა ხელისუფლებისა და სამინისტროს გადაწყვეტილებების მიმართ:

“ჩვენი პასუხი შექმნილ სურათზე იქნება სრული ბოიკოტი – სრული დაუმორჩილებლობა ხელისუფლებისა და სამინისტროს გადაწყვეტილების მიმართ. ჩვენ ჯერ არ დაგვითხოვია იმ ორი ინსტიტუციის თანამშრომლები, რომლებიც ჩვენს სამუშაო პროცესში მხარს გვიჭერდნენ, ჩვენს ნაწერებს საერთაშორისო კონტექტს ანიჭებდნენ და უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობისათვის ღირსეულ სივრცეს გვიქმნიდნენ.

ჩვენი ბოიკოტი იქნება ყოვლისმომცველი და ხმაურიანი, მასში ჩაერთვება საერთაშორისო სამწერლო საზოგადოება, ჩვენ მოვძებნით ალტერნატიულ ხერხებს ჩვენი წიგნების დასასტამბად – ეს იქნება დროებითი ზომა, ჩვენს სრულ გამარჯვებამდე, ხსენებულ სფეროში სტატუს-კვოს აღდგენამდე და სრულ სამუშაო პროცესში დაბრუნებამდე”, – ვკითხულობთ წერილში.

წერილში აღნიშნულია, რომ ქართული წიგნის ცენტრმა, მისმა ხელმძღვანელმა დეა მეტრეველმა, ყოველმა მისმა თანამშრომელმა, ახალი დამოუკიდებლობის წლებში ყველაზე საპასუხისმგებლო საერთაშორისო პროექტს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრობას, თავი იმდენად სამაგალითოდ გაართვეს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის აღქმა შეცვალეს.

ხელმომწერების თქმით, მწერალთა სახლმა, მისმა ხელმძღვანელმა, ნატა ლომოურმა და მისმა თანამშრომლებმა, წლების წინ გაჩანაგებული სახლი გადაიბარეს, სრულად უცვალეს სახე და მისგან საერთაშორისო მნიშვნელობის ლიტერატურული კერა შექმნეს – თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე ჩამოსვლა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორებისთვისაც კი საინტერესო პერსპექტივად იქცა:

“ამ თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას ვერ შევამჩნიეთ ვერც ამ მიღწევების დანახვისა და აღნიშვნის, ვერც ყველა იმ პირისათვის ანგარიშის გაწევის სურვილი, ვინც წიგნის სფეროსთანაა დაკავშირებული. სრულიად უგულებელყოფილია პარიზის 2021 წლის წიგნის ბაზრობისთვის მზადების საჭიროებანი – გამოცდილმა კადრებმა, რომლებიც ერთხელ უკვე საუცხოოდ გაუძღვნენ ფრანკფურტის ბაზრობას, შეუძლებლად მიიჩნიეს შეთავაზებული პირობებით მუშაობა და სამსახური დათმეს.

შეხვედრები, რომლებზეც ქვეყნისა თუ სფეროს მესვეურები გვპატიჟებიან, არის ფაქტების კონსტანტირებისა და მათ მიერ შექმნილ სურათზე ჩვენი დათანხმების მცდელობა. ბოლო ხანებში გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსეულად მსახურებისთვის ჩვენი სფეროს ადამიანები მხოლოდ ისჯებიან. მაგრამ ქართველი მწერლები, როგორც ხელოვანი ადამიანების ერთობა, თუნდაც როგორც მის გარეთ მდგომი ცალკეული ხელოვანები, ასევე არ ვაღიარებთ ასეთი ხელისუფლების, ასეთი მინისტრების და მათი მოადგილეების მორალურ უფლებას, შეგვიცვალონ სამუშაო გარემო. ჩვენ კარგად გვახსოვს საყდრისი. ახალ საყდრისს მწერლობის სფეროში არც ამ და არც სხვა პოლიტიკურ სპექტრს არ ავაფეთქებინებთ. ძალა არ არის თქვენკენ, ძალა გონებაშია, ძალა ინტელექტუალურ პროცესებშია. თქვენ მიერ შემოთავაზებულ შეხვედრებზე სიარული არ თავსდება ღირსებაზე, სამართლიანობაზე ჩვენს წარმოდგენასთან”. – აცხადებენ მწერლები.

წერილს ხელს აწერენ:

არჩილ ქიქოძე;
მალხაზ ხარბედია;
ზვიად რატიანი;
ქეთი ქანთარია;
ირაკლი ლომოური;
თემურ ჩხეტიანი;
ლუკა ბაქანიძე;
გიორგი ლობჟანიძე;
შოთა იათაშვილი;
ნესტან კვინიკაძე;
თამთა მელაშვილი;
ანი კოპალიანი;
თეონა დოლენჯაშვილი და სხვები.

ხელმომწერები გმობენ “მწერალთა სახლისა” და “ქართული წიგნის ეროვნული ფონდის” ერთ ორგანიზაციად გაერთიანებას და მხარს უჭერს ახალშექმნილი “ქართული ლიტერატურის ფონდის” ბოიკოტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი