ახალი ამბები

“შურისძიება მწერლებზე“- რატომ აკრიტიკებენ მწერლები სამინისტროს

6 მაისი, 2019 •
“შურისძიება მწერლებზე“- რატომ აკრიტიკებენ მწერლები სამინისტროს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, უწყების დაქვემდებარებაში მყოფი მცირე დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სსიპ-ები თემატურად და ფუნქციურად მსგავსი საქმიანობის დაწესებულებებს შეუერთდებიან და ერთ ორგანიზაციად გაერთიანდებიან.

ცვლილებების ფარგლებში სსიპ „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“ და სსიპ „მწერალთა სახლი“ გაერთიანდება და მათ ბაზაზე სსიპ „ლიტერატურის ეროვნული ფონდი“ შეიქმნება.

ამ გადაწყვეტილებას მწერალთა ნაწილი აპროტესტებს და ამბობს, რომ ამ ნაბიჯით სამინისტრო მათზე, მათ შორის, ზვიად რატიანის საქმის გამო, შურს იძიებს.

თავად სამინისტრო კი ირწმუნება, რომ ეს გადაწყვეტილება მოდერნიზებასა და გაუმჯობესებას ემსახურება, ხოლო შურისძიებაზე საუბარი არაადეკვატურია. რაც შეეხება ახალი ორგანიზაციის ხელმძღვანელობასა და სტურქტურას, როგორც უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, ამ საკითხებზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მათივე თქმით, რეორგანიზაციისთვის დრო პირველ ივლისამდე აქვთ.

რას ამბობენ მწერლები, “წიგნის გამომცემელთა ასოციაცია“ და “წიგნის ეროვნული ცენტრი”

მას შემდეგ, რაც სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, უწყების ეს ნაბიჯი მწერალთა ნაწილმა ფეისბუკზე საჯაროდ გააკრიტიკა. მწერლებს მიაჩნიათ, რომ სამინისტრომ სსიპ-ების გაერთიანების პროცესი შურსიძიების მოტივით წამოიწყო. ამ მოსაზრებას ისინი ასაბუთებენ იმით, რომ ხელისუფლებას არ მოეწონა ის პროტესტი, რაც ზვიად რატიანის საქმეზე გამოთქვეს და ის განცხადებები, რომლებიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ამ საქმის იგვლივ გაახმიანეს.

გარდა ზვიად რატიანის საქმისა, მაშინ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას კრიტიკა მწერლების მხრიდან საორგანიზაციო ნაწილშიც მოჰყვა. მაშინდელი მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი გამომცემლებისა და მწერლების პროტესტის შემდეგ პროექტსაც კი გამოეთიშა .

“წიგნის ეროვნული ცენტრის” დირექტორი დეა მეტრეველი აცხადებდა, რომ ბერიკაშვილის ჩარევების გამო წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობის ჩაშლის საშიშროება იყო, რის გამოც კულტურისა და სპორტის მინისტრს მიმართა, რომ სამსახურს დატოვებდა. პროტესტის შედეგად სამინისტრო დათმობაზე წავიდა და მანანა ბერიკაშვილი პროექტს ჩამოშორდა.

ერთ-ერთი მწერალი, რომელიც მაშინ სამინისტროს აკრიტიკებდა და ზვიად რატიანის საქმე ფრანკფურტის ბაზრობაზე სიტყვით გამოსვლისაც ახსენა, ლაშა ბუღაძეა.

ნეტგაზეთთან საუბარში ბუღაძე განმარტავს, რომ დღეს, ფრანკფურტის ბაზრობის წარმატებიდან 1 წლის შემდეგ, სსიპ-ების გაერთიანების გადაწყვეტილება გაუგებარია და მართლაც ბადებს შურისძიების სურვილის არსებობის ეჭვებს.

“ვერავის ვერაფერს დავაბრალებ, მაგრამ, რასაკვირველია, ეჭვები ჩნდება იმიტომ, რომ შარშანდელი წლიდან ჩვენ საკმაოდ კონფლიქტური და პრობლემური პროცესი გავიარეთ სამინისტროსთან ურთიერთობის თვალსაზრისით და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ვიღაცებს ბოღმა დარჩენოდათ. ამიტომ, შესაძლოა, საკმაოდ გაუაზრებელი და გაუთვიცნობიერებელი რევანშის სურვილი ჰქონდეთ.

მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი – ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, ვიღაცებს რაღაცები შეიძლება აწუხებდეს, “ეროვნული წიგნის ცენტრი” და “მწერალთა სახლი” ის ორი წარმატებული სტრუქტურაა, რომლებსაც ძალიან ცოცხალი ფუნქცია აქვს და ეს ძალიან საპასუხისმგებლო პროცესი უნდა გაგრძელდეს“ – ამბობს ლაშა ბუღაძე.

ბუღაძის თქმით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ლიტერატურული თვალსაზრისით, არამედ საქართველოს ავტორიტეტისა და ნდობის ამაღლების კუთხითაც. მწერალი განმარტავს, რომ საქართველოს დასავლეთში არცთუ ისე კარგი რეპუტაცია აქვს, წიგნის ბაზრობის შემდეგ კი საერთაშორისოდ გამყარდა ის მოსაზრება, რომ საქართველო არა პრობლემების, არამედ მრავალფეროვანი კულტურის ქვეყანაა. მისივე მოსაზრებით, სხვადასხვა სსიპ-ის გაერთიანება 2 დღეში, დახურულ კაბინეტში არ უნდა ხდებოდეს.

“მე შარშანაც ვამბობდი, რომ ეს კულტურის მინისტრის მოადგილეების ამბოხი იყო და ახლაც, როგორც ჩანს, ხაზს ვუსვამ, მოადგილეები, აქტიურობენ და ამასთან გვაქვს საქმე. შეიძლება, არსებობს უფრო გლობალური ჩანაფიქრიც …. მაგრამ ფაქტია, რომ 2-3 ადმაიანი არ უნდა წყვეტდეს ასეთი მნიშვნელოვანი და წარმატებული სტრუქტურების გადაკეთების, ტრანსოფრმირების და სახეცვლილების საკითხებს“, – ამბობს ლაშა ბუღაძე. 

ლაშა ბუღაძე

“ჩვენ გვახსოვს, როგორ იღებდნენ შარშან გადაწყვეტილებებს და პირდაპირი მნიშვნლობით, როგორ გადაარჩინეს გამომცემლებმა სირცხვილისაგან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა. ჩვენ, რასაკვირველია, როგორც წინა, ასევე ამჟამინდელ ხელისუფლებას არ დავუკარგავთ, იმ კარგს, რაც გააკეთეს, მაგრამ ამ გაკეთებასთან ერთად ხელის შეშლაც იმდენჯერ იყო, რომ მადლობის თქმის სურვილი ზოგჯერ გეკარგება. ახლაც ისეთი სიტუაციაა, რომ ხელს მაინც ნუ შეუშლიან ამ პროცესს.

როგორც ბუღაძე ამბობს, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ “ბევრი კარგი საქმე” გააკეთა, თუმცა ხელშეშლაც “ბევრი იყო”, რაც ზოგჯერ მადლობის თქმის სურვილს “კარგავს”.

“რატომ უნდა გაუქმდეს “მწერლის სახლი”, რატომ ვუცვლით ისტორიულ შენობას მის შინაარს? მის ისტორიულ სტილისტურ სახელს? ეს ჩემთვის ძალიან გაუგებარია, და საერთოდ, გაუგებარია, რატომ იქმნება ეს კრიზისი არაფრისგან“ – ამბობს ნეტგაზეთთან ლაშა ბუღაძე.

მოსაზრებას, რომ სსიპ-ების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება ჩუმად მიიღეს, “საქართველოს წიგნის გამომცემელთა” ასოციაციის წარმომადგენელი გვანცა ჯობავაც ეთანხმება. ნეტგაზეთს ის უყვება, რომ მისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ მიიღო სამინისტრომ აღნიშნულ გადაწყვეტილება საიდუმლოდ და დახურულ კარს მიღმა, როდესაც მსგავსი მნიშვნელობის გადაწყვეტილება პროფესიონალების ჩართულობით უნდა წყდებოდეს.

“თუკი ეს ნაბიჯი მართლაც უკეთეს, ევროპულ და მოდერნიზებულ მოდელს გვავაზობს, მაშინ გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო შეთანხმებული, მაგრამ ასე არ მოხდა, ყველაფერი მოხდა ძალიან საიდუმლოდ და საბოლოოდ, მედიაში გავრცელებული პრესრელიზით, უბრალოდ, ფაქტის წინაშე დაგვაყენეს. ეს თავისთავად გვაფიქრებინებს, რომ იქ რაღაც წესრიგში არ არის და ეს პროცესი არ არის გათვლილი იმაზე, რომ ლიტერატურისთვის და მწერლებისთვის უკეთესი გარემო შეიქმნას“, – ამბობს გვანცა ჯობავა.

მისივე განმარტებით, კულტურის სამინისტროსგან მათ არავითარი დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ, მაშინ როდესაც კითხვები ძალიან ბევრია, მათ შორის, თუ რატომ გადაწყდა ამ ორი წარმატებული უწყების გაერთიანება და რა გეგმის საფუძველზე შეირჩევა ახალი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

გვანცა ჯობავა. ფოტო: FB/საზოგადოებრივი მაუწყებელი

“თუ ვინმემ, თავისი მენეჯმენტით, მართვითა და ორგნანიზებით თავი გამოიჩინა წლის განმავლობაში, ეს ნამდვილად იყო ეს ორი ორგანიზაცია და ეს ნამდვილად იყვნენ ქართველი მწერლები და გამომცემლები. მე მახსოვს, რომ იმ შედეგებით, რაც ფრანკურტში მივიღეთ, ყველანი ბედნიერები დავრჩით, მათ შორის, თავს იწონებდა მთავრობაც. შეიძლება ითქვას, ეს შედეგი ყველამ გადაინაწილა, ამიტომ ამ ადამიანების აზრი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ჩვენ გვჭირდება დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო მსგავსი გადაწყვეტილება საჭირო.

და ასევე, რადგანაც მათ გადაწყვეტეს, რომ ეს ორი ორგანიზაცია აღარ უნდა არსებობდეს და უნდა არსებობდეს რაღაც მესამე, ვინც მართავს ამ ორს, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა მოდელი აქვთ, ვინ არის მოაზრებული ხელმძღვანელად და რით გვპირდებიან, რომ ის მოდელი ნამდვილად ეფექტიანი იქნება, რა ხედვა არსებობს და ა.შ. ზოგადი საუბრები, რაც სამინისტროსგან გვესმის, ყველას შეუძლია“, – განმარტავს გვანცა ჯობავა.

გვანცა ჯობავა ამბობს იმასაც, რომ სამინისტროს მიერ ამ გადაწყვეტილების გასაიდუმლოება მწერლებში მართლაც აჩენს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი გარკვეულწილად მათზე შურსძიებასაც ემსახურება.

“მწერლებს ძირითადად აქვთ აზრი, რომ ეს არის შარშანდელი მოვლენების გამო ერთგვარი შურსიძიება იმიტომ, რომ არავის მოსწონს ქართველი მწერლების, ძალიან ძლიერ, შეკრულ ძალად ჩამოყალიბება, რომლებიც ხმამაღლა და საჯაროდ საუბრობენ ბევრ მნიშვნელოვან და საკვანძო თემაზე, მათ შორის, ზვიად რატიანის საქმეზეც.

ცხადია, რომ ეს მათთვის არ არის სასიამოვნო, მაგრამ თუკი ამ ქვეყანაში ვსაუბრობთ სიტყვის თავისუფლებაზე და ევროპულ ღირებულებებზე – ზუსტად ასეთ საზოგადოება უნდა არსებობდეს და ხელისუფელბა უნდა შეეგუოს ფაქტს, რომ ისინი არ არიან უშეცდომოები, პირიქით, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ, ამ საზოგადოებაში კი ყოველთვის იქნება თავისუფალი აზრი და იქნებიან ადამიანები, რომლებიც მათ შეცდომებს გააკრიტიკებენ”, – ამბობს გვანცა ჯობავა.

მისივე მოსაზრებით, “ამ გზით გაუსწორდნენ მათ იმიტომ, რომ ამ ორ გასაერთიანებელ სსიპებს შორის მოხვედრილი “მწერალთა სახლი” იყო მწერლების “თავისუფლების კუნძული”. ეს არის სივრცე, სადაც ყველაფერზე შეიძლება საუბარი, ერთგვარი ღია სივრცე მწერლებისთვის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ერთადერთი ეჭვი, რომელიც გვაქვს, არის ეს”.

ნეტგაზეთმა კომენტარისთვის მიმართა “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის” დირექტორს, დეა მეტრეველს, რომელმაც გვითხრა, რომ სამინისტროსგან ოფიციალური წერილი ჯერ არ მიუღია, შესაბამისად, სიტუაციას ვერ შეაფასებს. ის ამ საკითხზე საუბარს მხოლოდ ოფიციალური წერილის მიღების შემდეგ აპირებს. 

სამინისტროს პოზიცია 

სსიპ-ების გაერთიანებასთან დაკავშირებულ კრიტიკას გამოეხმაურა მინსიტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძეც. მისი თქმით, გამოთქმული მოსაზრებები უსაფუძვლოა და სინამდვილეში, ე.წ. ფეიკ ნიუსს წარმოადგენს.

“ფეიკ ნიუსი გახლავთ სწორედ ის, რომ როდესაც ერთმნიშნლოვან პოზიტივზეა საუბარი, ერთადერთი , რაც ორი დღის განმავლობაში მესმის და სოცქსელებში ვკითხულობ, არის ის, რომ დაგვაგქციეს, გაგვაუქმეს – სად დაიწერა ან ვინ ახსენა რაიმეს გაუქმების შესახებ? მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არაადეკვატურია“, – ამბობს მიხეილ გიორგაძე.

ის განმარტავს, რომ სამინისტრომ რეფორმების მორიგი ეტაპი გამოაცხადა, რომელიც უფრო დახვეწილ მმართველობით სისტემას შექმნის.

“დღეს მორიგი ეტაპი რეფორმების გულისხმობს მმართველობითი სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესებას, სხვადასხვა სექტორული ან დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირების გაერთიანების, შერწყმის საშუალებით. მომავალში ჩვენ ასევე ვაპირებთ ამ მმართველობითი სისტემის დახვეწას იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ შემოგთავაზებთ მომავალში გარკვეულ ცვლილებებს.

გაერთიანების თვითმიზანი არ არის კადრების შემცირება, ან რომელიმე კადრის დაკარგვა. როგორც ხელმძღვნალების, ისე მათთან მომუშავე გუნდების. ძალიან ვაფასებ მათ კომპეტენციას და გამოცდილებას, შესაბამისად, ეს არ არის მიმართული იმისკენ, რომ საკადრო ოპტიმიზაცია მოხდეს“, – ამბობს გიორგაძე.

მიხეილ გიორგაძე

ვიდეოში, რომელიც სამინისტროს პრესსამსახურმა მოგვაწოდა, გიორგაძე განმარტავს, რომ რაიმე სახის დასჯაზე და შურისძიებაზე საუბარი უსამართლოა, ვინაიდან არა მხოლოდ ის, არამედ მთლიანად სამინისტროს კოლექტივი ფრანკფურტის ბაზრობის პროექტში აქტიურად იყო ჩართული.

“მე ვიყავი პირადად ის ადამიანი, რომელმაც ,არ შემეშინდება ამ სიტყვის, გარკვეულწილად გაათრია პროექტი, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი მონაწილეობა ერქვა. ჩვენი მწერლებიც და გამომცემლებით გაიხსენებენ იმ მრავალ და მრავალსაათიან შეხვედრებს, რომლებიც ჩვენ გვქონდა მომზადების პერიოდში“, – ამბობს გიორგაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი