ახალი ამბები

“ჩვენ ვისჯებით და ეს კავშირშია გახარიასთან” – ბუღაძე მწერალთა სახლის და წიგნის ცენტრის საკითხზე

28 ივნისი, 2019 •
“ჩვენ ვისჯებით და ეს კავშირშია გახარიასთან” – ბუღაძე მწერალთა სახლის და წიგნის ცენტრის საკითხზე

მწერალთა სახლისა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის საკითხზე მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მწერლები უკავშირებენ ზვიად რატიანის საქმეზე საკუთარ აქტიურობას და ამბობენ, რომ ამ ორი წარმატებული ორგანიზაციის დასუსტება მწერლების დასჯის და დამორჩილების მცდელობაა. ამის შესახებ მწერლებმა, მთარგმნელებმა და გამომცემლება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს:

“ეს არის -არც მეტი, არც ნაკლები – მწერლების დასჯა. ჩვენ ვისჯებით და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს არის კავშირში ბევრისთვის უკვე არალეგიტიმურ შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიასთან. ვისაც ახსოვს, რა სკანდალი იყო შარშან ფრანკფურტის ბაზრობასთან დაკავშირებით, ვისაც ახსოვს, რა მძიმე შეხვედრა გვქონდა ჩვენ სამინისტროში და როგორ მოგვივარდა იქ მინისტრი გახარია საქმის გასარჩევად. ისიც ახსოვს, თუ როგორ წავიდა იქიდან და შემდეგ როგორ ვთხოვდით პასუხს, დაესაჯა ის პოლიციელები, ვინც იძალადეს ზვიად რატიანზე, და თქვენ ყველამ იცით, ზვიად რატიანი სადაც არის და რატომაც არის და ამაზე არანაირი რეაქცია არ მოახდინა მან.

შემდეგ ჩვენ ეს ვახსენეთ ფრანკფურტში და ამას მოჰყვა დიდი გამოხმაურება მაშინაც გერმანულ პრესაში  და ასევე ახლაც. ეს ამხანაგი [მიხეილ] გიორგაძე და ჩინოვნიკობა ამდენს ვერ გაბედავდა, რაზე ვლაპარაკობთ. ეს არის პირდაპირი დირექტივა, რომელიც მოდის ზემოდან და არის ერთგვარი სასჯელი”, – ამბობს ლაშა ბუღაძე.

ბუღაძის თქმით, მწერლები 3 თვე ითხოვდნენ პასუხების მიღებას,თუ  რა ბედი ელოდა მწერალთა სახლს, წიგნის ეროვნულ ცენტრს და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც გაუჩნდა ქართულ მწერლობას და საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ. ბუღაძის თქმით, პასუხად დახურულ კაბინეტში არაკომპეტენტური და გაუაზრებელი გადაწყვეტილება მიიღეს.

რეორგანიზაცია რომ მწერალთა სახლს და ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს დაასუსტებს, დარწმუნებულია მწერალთა სახლის უკვე ყოფილი დირექტორი ნატა ლომოური. მისი თქმით, ექსპერტი, რომლის დასკვნასაც ხელისუფლება მთავარ არგუმენტად იყენებს, არც მწერლებს გასაუბრებია და არც მწერალთა სახლში მისულა:

“ოფიციალურ განმარტებად იყენებენ ყურით მოთრეულ ევროკავშირის ექსპერტის დასკვნას. საუბარია ტერი სანდერის დასკვნაზე. ის არ მოსულა მწერალთა სახლში, არ უნახავს, არც ჩვენი დებულება წაუკითხავს, არ უსაუბრია მწერლებთან. ამიტომ არ ვიცი, რამდენად სანდოა ამ ადამიანის დასკვნა. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის გაკეთებული ამ ორგანიზაციების დასასუსტებლად.

ორი ორგანიზაცია, რომელიც ძალინ წარმატებულად მუშაობს საერთაშორისო დონეზეც, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ნდობა მწერლების, გამომცემლების… რომელსაც არ აქვს მენეჯმენტში პრობლემა, რომელსაც არ აქვს კორუფციაში პრობლემა, აქვს ერთი წლით გაწერილი კალენდარი და დიდი საერთაშორისო გეგმები, რატომ გახდა საჭირო ველოსიპედის გამოგონება და ამ ორი ორგანიზაციის ასეთი აღრევა, რაღაც გაუგებარი სტრუქტურის შექმნა” ,- ამბობს ლომოური.

მისი თქმით, მწერალთა სახლის ახალ დებულებაში ასევე საერთოდ არაა საუბარი სამუზეუმო მიმართულებაზე, რომელსაც დიდი საგანმანათლებლო დატვირთვა ჰქონდა:

“საერთოდ გამორჩენილია სამუზეუმო მიმართულება. დავით სარაჯიშვილის მუზეუმი და რეპრესირებული მწერლების მუზეუმი ჩემი აკვიატება არაა. ეს არის ხედვა, რომელიც არის ჩვენი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის სამოქალაქო განათლების ორი მნიშვნელოვანი კერა. მუზეუმი საერთოდ ნახსენები არაა ახალ დებულებაში”,- ამბობს ლომოური.

ლიტერატურის ეროვნული ფონდის დირექტორი ირმა რატიანი „მწერალთა სახლთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „მწერალთა სახლი“ ყოველთვის იყო და დარჩება მწერლების სახლად, გაძლიერებული ფუნქციებით და რესურსებით.“

სამინისტროს პასუხი მიმდინარე დისკუსიაზე წაიკითხეთ აქ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/213573/

ამავე თემაზე

“შურისძიება მწერლებზე“- რატომ აკრიტიკებენ მწერლები სამინისტროს

მასალების გადაბეჭდვის წესი