ახალი ამბებიკომენტარი

დასავლეთი უნდა დადგეს პუტინისადმი დაუმორჩილებელი ქართველების გვერდით – სიკორსკი

3 ივლისი, 2019 • 4107
დასავლეთი უნდა დადგეს პუტინისადმი დაუმორჩილებელი ქართველების გვერდით – სიკორსკი

ავტორი – ალექსანდერ სიკორსკი, იელის უნივერსიტეტი


თბილისი, საქართველო – მაშინ, როდესაც ხალხმა გულანთებით წამოიწყო  საქართველოს ეროვნული ჰიმნის სიმღერა, სმარტფონების ათასობით სანათურმა პარლამენტის შენობის ფასადი გაანათა. ვულგარულმა პლაკატებმა რუსულად და ეთიკურმა პოსტერებმა ინგლისურად მიზანში ვლადიმერ პუტინი ამოიღეს. დემონსტრანტებმა თვალსახვევები მოირგეს საპროტესტო აქციის ორი მონაწილის საპატივცემულოდ, რომლებმაც 20 ივნისს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი დარბევის შედეგად თვალი დაკარგეს. მას შემდეგ შვიდი დღე გავიდა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები კვლავ განაგრძობენ პროტესტს თბილისში – ეს ნიშანია იმისა, რომ უკმაყოფილების გამომწვევი ძირეული მიზეზები კვლავ მოუგვარებელია.

თავდაპირველად, საპროტესტო ტალღა გამოიწვია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის დანახვამ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რომელიც ქართველ კანონმდებლებს სპიკერის სავარძლიდან მიმართავდა. გავრილოვი რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრია. მან საჯაროდ აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – საქართველოს ის მხარეები, რომელთა ოკუპაცია რუსეთმა 2008 წელს მოახდინა. მისი მოხსენების შემდეგ, საღამოს, ხალხმა ,,დატბორა’’ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მრისხანებისა და სიბრაზის გამოსახატად. როდესაც საპროტესტო აქციების მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა პოლიციის კორდონის გარღვევით პარლამენტში შეჭრა სცადა, დემონსტრაცია ძალადობრივი გახდა. შეტაკებები პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მაშინ დასრულდა, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების სროლა აქციაზე შეკრებილი ხალხის მისამართით. დილისათვის 240 ადამიანი საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის არაპროპორციულმა გამოყენებამ მრავალი ადამიანი უკიდურესად აღაშფოთა, მაგრამ ეს მიზეზი არ არის ერთადერთი, რის გამოც საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში გამოსვლებს განაგრძობენ. ამას გაცილებით ღრმა საფუძველი აქვს, ეს არის მრავალი მოქალაქის შიში იმასთან დაკავშირებით, რომ საფრთხის ქვეშ დადგა მათი ფუნდამენტური ეროვნული მიზანი – შეუერთდნენ დასავლეთს და გახდნენ მისი ინსტიტუციების ნაწილი, დარჩნენ დემოკრატიულ ქვეყნად და ღია საზოგადოებად.

პირველ რიგში, გავრილოვის თბილისში თუნდაც მოწვევის ფაქტიც კი იმის მტკიცებულებაა, რომ ამჟამინდელი მმართველი პარტია – ,,ქართულ ოცნება’’ – ჩუმად ატარებს პუტინის რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას, მიუხედავად საჯარო დაპირებებისა – შეინარჩუნოს ქვეყნის პროდასავლური კურსი.  2012 წელს, ,,ქართული ოცნების’’ ხელისუფლების სათავეში აღზევების შემდეგ, რუსეთმა შეარბილა სანქციები ქართულ იმპორტზე. მას შემდეგ რუსეთში ექსპორტი რაკეტის სისწრაფით გაიზარდა და 2017 წელს მიაღწია თითქმის 400 მილიონ აშშ დოლარს. ამჟამად რუსი ტურისტების მრავალრიცხოვანი ჯგუფები საქართველოში მოგზაურობენ,  ქვეყანაში, სადაც ეკონომიკის დიდი ნაწილი ტურიზმზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი ძირითადად პოზიტიური მოვლენაა საქართველოს მოქალაქეებისათვის, რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ამავე დროს, საშუალებას აძლევს ,,კრემლს’’ გამოიყენოს ეკონომიკური წნეხი ქვეყნის წინააღმდეგ და რუსული მუქარა  უფრო საგრძნობი გახადოს.

აღნიშნული მოვლენების განვითარების ფონზე, საქართველოში გაჩნდა მრავალი რუსული კულტურული ორგანიზაცია, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი მიზანი ქვეყნებს შორის ,,მეგობრული კავშირების’’ გაძლიერება და ,,ტრადიციული ღირებულებების დაცვაა’’ – რაც სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პუტინისტური, ანტიდასავლური ღირებულებებია. ზოგიერთ ასეთ ორგანიზაციას, მაგალითად, პრიმაკოვის ქართულ-რუსულ ცენტრს, კავშირი აქვს ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან, რომლებიც რეგულარულად უწევენ ორგანიზებას ძალადობრივ საპროტესტო აქციებს. ამ საპროტესტო ღონისძიებების მონაწილეები თავს ესხმიან ყველაფერს, ღამის კლუბებიდან დაწყებული პრაიდის ღონისძიებებით დამთავრებული.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია საჯაროდ აფიქსირებს პოზიციას, რომ ის დასავლურ ინტეგრაციას მხარს უჭერს. თუმცა, საპატრიარქოს მრავალი კავშირი აქვს რუსულ ორგანიზაციებთან. გავრილოვი ქალაქში ჩამოვიდა თითქოს იმ მიზნით, რომ  მართლმადიდებელი ქვეყნების პარლამენტთაშორისი ასამბლეისათვის მიემართა.

2016 წელს რამდენიმე პრორუსული ორიენტაციის პარლამენტარის არჩევამ ასევე განაპირობა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება სიამოვნებით დააკმაყოფილებს რუსულ ინტერესებს. გიგა ბოკერიამ, ოპოზიციური პარტიის – ,,ევროპული საქართველო’’ – ლიდერმა მითხრა, რომ ,,ქართული ოცნება’’  ახდენს ,,ულტრამემარჯვენე, სიძულვილის ჯგუფების ლეგიტიმაციას’’ და ,,პროდასავლური ოპონენტების დემონიზებას’’.

ამ მცოცავმა რუსულმა გავლენებმა იმედი გაუცრუა საქართველოს ბევრ მოქალაქეს, რომლებსაც ჯერ კიდევ ახსოვთ 2008 წლის ომი. საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მითხრა, რომ აქ მოვიდა მმართველი პარტიისათვის იმის შესახსენებლად, რომ რუსეთი აგრესორია. მას ხელში ეკავა პლაკატი, რომელზეც გამოსახული იყო თვალსახვევით ნაწილობრივ დაფარული საქართველოს რუკა.

პროტესტის მეორე გამომწვევი მიზეზი არის საქართველოს პოლიტიკური სისტემის მიმართ ზოგადი უკმაყოფილება. ამ სისტემისთვის დამახასიათებელმა ნაზავმა, რომელიც გულისხმობს ერთდროულად პროპორციული წარმომადგენლობისა და მაჟორიტარიზმის არსებობას,  დიდი უმრავლესობა მოუტანა ,,ქართულ ოცნებას’’. უკანასკნელ არჩევნებში ამ პარტიამ ხმების 49 პროცენტი მიიღო, თუმცა პარლამენტში წევრთა საერთო რაოდენობის 77% შეადგინა. თვით ეს პარტია ერთი კაცის მიერ არის მართული. ეს ერთი კაცი არის ბიძინა ივანიშვილი – საქართველოს ყველაზე მდიდარი მცხოვრები. ივანიშვილი ნამდვილი ოლიგარქის მანერით აკონტროლებს ქართული მედიისა და ბიზნესსაზოგადოების დიდ ნაწილს, მმართველ პარტიასთან ერთად. ქართულ პოლიტიკაში მის დომინირებაზე მიუთითებს უამრავი პლაკატი,  რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეებს უჭირავთ.

არსებობს საფუძვლები ეჭვისათვის, რომ ის არასოდეს დაუშვებს ,,ქართული ოცნების’’ წასვლას ხელისუფლებიდან. ასევე, არსებობს მზარდი შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ცდილობს საქართველო გადააქციოს ერთპარტიულ ქვეყნად. ეს მოსაზრება იმდენად მწვავეა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები მთელი გასული კვირის განმავლობაში ითხოვდნენ არჩევნების ჩატარებას წმინდად პროპორციული სისტემით. ორშაბათს ,,ქართული ოცნება’’ ამ მოთხოვნას დათანხმდა, თუმცა ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამის შესახებ განცხადება გააკეთა არა პრემიერ-მინისტრმა – მამუკა ბახტაძემ, არამედ, თავად ივანიშვილმა. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ სცადა პოლიტიკური სცენის მონოპოლიზება ერთი არაფორმალური მმართველის – ბატონი ივანიშვილის ქვეშ.

უფრო ზოგადად, ქვეყანაში არსებობს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაგნაციის განცდა. თამარ არველაძე 20 წლისაა და საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია. მან ამიხსნა, რომ ,,ხალხს უფრო და უფრო უჭირს. ისინი ვერ ხედავენ კეთილდღეობის ან სამართლიანობის პერსპექტივას ამ ხელისუფლების პირობებში’’. აქციის სხვა რამდენიმე ახალგაზრდა მონაწილემ საქართველოში შესაძლებლობების სიმწირისა და საგანმანათლებლო რესურსების ნაკლებობაზე დაიჩივლა. მრავალი ბრწყინვალე ქართველთაგანი საზღვარგარეთ სწავლობს – და შემდეგ იქ რჩება. ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელმაც უნივერსიტეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა, მითხრა, რომ მას სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში დაბრუნება სურდა, მაგრამ შეთავაზება, რომელიც  ქართული კომპანიისაგან მიიღო, სასაცილო იყო. ამის ნაცვლად ის ვაშინგტონში იმუშავბს სექტემბრიდან.

ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან, კერძოდ, რუსეთიდან. საშინაო პროექტები წარუმატებლობას განიცდის, როგორც შლამიან ნიადაგზე შემჯდარი გემები. ხელისუფლების არაეფექტურობის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითი ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადადებაა. ამ პროექტის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ბახტაძის ვაშინგტონში ბოლოდროინდელი ვიზიტისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოსთვის. ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოში საშუალებას მისცემს დიდ სამხედრო გემებს ნაპირთან მოეწყონ, რაც ქვეყანას, სამხედრო თვალსაზრისით, უფრო დამოუკიდებელს და რუსეთზე ეკონომიკურად  ნაკლებდამოკიდებულს გახდის. ზოგი თვლის, რომ პორტის მშენებლობის გადადებას განაპირობებს რუსული წნეხი.

მიუხედავად ყველაფრისა, თუ საპროტესტო აქციებმა ,,ქართული ოცნებისთვის’’ პოლიტიკური კრიზისი შექმნა, მეორე მხრივ, მათ ქართული სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობა აჩვენეს. პუტინი, აცნობიერებს რა საშიშროებას, რომელსაც საპროტესტო აქციები რუსულ ინტერესებს უქმნის, ამ მოვლენებს სანქციებით პასუხობს. საქართველოზე ეკონომიკური წნეხის განსახორციელებლად მან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა, რომელიც 8 ივლისს ამოქმედდება. ასევე, გაამკაცრა კონტროლი საქართველოდან იმპორტირებულ პროდუქტზე, განსაკუთრებით კი- ღვინოზე. ამის საპასუხოდ და დაკარგული რუსი ტურისტების ჩასანაცვლებლად, ქართველები სოციალური მედიის კამპანიების გამოყენებით, თხოვნით მიმართავენ უცხოელებს, რომ იმოგზაურონ საქართველოში.

საქართველოს პარლამენტის სპიკერისა და გავრილოვის მოწვევაზე პასუხისმგებელი დეპუტატის გადადგომის მიუხედავად, საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი მანამ გააგრძელებენ დემონსტრაციებს, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია – ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ხუთშაბათს განხორციელებულ ძალადობაზე- თანამდებობაზე დარჩება.

ამერიკელებმა ყურადღება უნდა გამოიჩინონ: საზოგადოების სიბრაზის ეს უეცარი ამოფრქვევა  აჩვენებს, რომ პუტინის მიერ ათწლეულის განმავლობაში წარმოებული ჰიბრიდული ომის მიუხედავად, ქართველები კვლავ ერთგულად იცავენ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და მის გზას – შეუერთდეს დასავლეთს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ მათ, განაგრძონ ეს მცდელობა. ტრამპის ადმინისტრაციამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ნატოსკენ მიმავალი გზის გათავისუფლებას, რათა აჩვენოს პუტინს, რომ მას არ აქვს ვეტოს უფლება ნატოს წევრობაზე.

ევროკავშირმა უფრო ინტენსიური უნდა გახადოს მისი მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით, რათა გააძლიეროს სავაჭრო და პოლიტიკური კავშირები საქართველოსა და ევროპას შორის.

ამერიკელებმაც და ევროპელებმაც უნდა მიიღონ ქართველების შეთავაზება, ეწვიონ საქართველოს, ან თუნდაც, უბრალოდ, იყიდონ ბოთლი ქართული ღვინო. განა შესაძლებელია, არსებობდეს უფრო მხიარული გზა, წინ აღუდგე რუსულ ბულინგს?


სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა National Review-ს ვებგვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი