ახალი ამბები

20 ივნისს დაზარალებულისთვის შსს-ს ყოველთვიური სარჩოს გადახდაც დაეკისრა – საია

27 დეკემბერი, 2023 • 1305
20 ივნისს დაზარალებულისთვის შსს-ს ყოველთვიური სარჩოს გადახდაც დაეკისრა – საია

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებულთა სასარგებლოდ შეცვალა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს, რომელიც დაზარალებულთა ინტერესებს იცავს.

ერთ-ერთი დაზარალებული გიორგი სულაშვილია, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად თვალი დაკარგა, თუმცა საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა ყოველთვიური სარჩოს დანიშვნაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით დააკისრა, რაც საიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

საიას ცნობით, 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე – ნინო ყანჩაველი) არ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიორგი სულაშვილსა და კიდევ ერთი დაზარალებული პირის სააპელაციო საჩივრები.

კერძოდ, შსს-ს დაეკისრა გიორგი სულაშვილისთვის 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება და ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მეორე დაზარალებულს(რომელსაც იდენტიფიცირება არ სურს), მისთვის შსს-ს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 000 ლარის და ყოველთვიურად სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა ჰქონდა დაკისრებული. თუმცა სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა და შსს-ს მის სასარგებლოდაც დააკისრა 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება.

საიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არაა შესული.


2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ  ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი