ახალი ამბები

სასამართლომ გიორგი სულაშვილის საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო – საია

11 აგვისტო, 2023 • 3295
სასამართლომ გიორგი სულაშვილის საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო – საია

საიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი სულაშვილის საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი სულაშვილმა 2019 წლის 20-21 ივნისს რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად დაკარგა თვალი და მიიღო მრავლობითი დაზიანებები. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მისი შრომისუნარიანობა 35%-ით არის შემცირებული და ცალ თვალში მხედველობა ვერასოდეს დაუბრუნდება.

თუმცა სასამართლომ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი სარჩელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 20 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. გიორგი სულაშვილი, მორალური ზიანის ანაზღაურებასთან ერთად, შრომისუნარიანობის შემცირების გამო ითხოვდა ყოველთვიური სარჩოს დაკისრებასაც.

გიორგი სულაშვილის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

„გიორგი სულაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არის საგანგაშო არა მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა შრომისუუნარო ადამიანისთვის ყოველთვიური სარჩოს დაკისრების მოთხოვნა, არამედ იმიტომაც, რომ ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას სამართალდამცავთა უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული, მთელი ცხოვრების განმავლობაში განგრძობადი მორალური ზიანი სასამართლომ შეაფასა მხოლოდ 20 000 ლარად.

საქმის გარემოებებიდან და საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ შსს-ს თანამშრომელთა უკანონო მოქმედებების შედეგად მოსარჩელე გიორგი სულაშვილმა უდიდესი სულიერი ტკივილი, ტანჯვა განიცადა და დღემდე განიცდის. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ გიორგი სულაშვილის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მიკუთვნებული თანხა სრულიად არაგონივრულია, ვინაიდან სრულ დისპროპორციაშია მოსარჩელის მიერ განცდილ სტრესთან, შიშთან, უარყოფით ემოციებთან და, რაც მთავარია, მისი ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხთან, რითაც, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, უნდა ხელმძღვანელობდეს სასამართლო მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საიას განცხადებით, სასამართლოს მიერ სრულად იქნა უგულებელყოფილი მოსარჩელის შრომისუნარიანობის საგრძნობლად შემცირების ფაქტი და მოსარჩელეს, რომელმაც დაკარგა მუშაობის უნარი დ,ა შესაბამისად, შესაძლებლობა, მიეღო ანაზღაურება, სარჩოს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

როგორც საია აცხადებს, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკასთან, რომლის თანახმადაც, სარჩოს მიღების უფლების ხანგრძლივობა პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია დაზარალებულის მხრიდან ხელფასის მიღების შესაძლებლობასთან.

„აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბაია ოტიაშვილმა, საქმის განხილვა 2 წლის განმავლობაში გააჭიანურა და მისი დასრულება მხოლოდ რამდენიმე განცხადებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჩივრის წარდგენის შემდგომ მოხერხდა“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საიას ცნობით, გიორგი სულაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.


2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ  ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.

პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი