ახალი ამბები

20 ივნისს დაშავებული ჟურნალისტისთვის შსს-ს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა – საია

6 ოქტომბერი, 2023 • 1123
20 ივნისს დაშავებული ჟურნალისტისთვის შსს-ს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა – საია

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ, 2023 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ ჟურნალისტ ეკატერინე აბაშიძის სარჩელი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით.

საუბარია 2019 წლის 20-21 ივნისის აქციებზე, რა დროსაც ეკატერინე აბაშიძეს, რომელიც საპროტესტო აქციას ჟურნალისტის სტატუსით ესწრებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები მოხვდა და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები:

„სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულებამდე დადგა, რომელიც მიმდინარეობს საპროტესტო შეკრებისას სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ძალადობისა და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საიას დახმარებით 15-მდე პირმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელეთა შორის არიან ჟურნალისტები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, ასევე, შემთხვევითი გამვლელები და აქციის მონაწილეები“, — აცხადებენ ორგანიზაციაში.

საია აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის შესული კანონიერ ძალაში. მორალური ზიანის ოდენობის ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხს მოსარჩელე მხარე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ განიხილავს.

დაზარალებულის ინტერესებს წარმოადგენს საია როგორც სასამართლოში, ისე საგამოძიებო ორგანოში.


2019 წლის 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა. ის საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა.ამ მოვლენას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მძაფრი რეაქცია და საპროტესტო აქცია მოჰყვა, რომელიც ხელისუფლებამ ძალადობის გამოყენებით დაარბია.

20-21 ივნისის დარბევის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან რამდენიმემ დაკარგა თვალი, ადამიანთა ნაწილმა მიიღო მძიმე დაზიანებები. დაშავებულთა შორის იყო მედიის 40-მდე წარმომადგენელი და 80-მდე პოლიციელი. აქტივისტები და ოპოზიცია დარბევაზე პასუხისმგებლობას პირველივე დღიდან შს მინისტრ გიორგი გახარიას აკისრებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ, თუმცა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მალევე დააწინაურეს.

მოქალაქეებზე ძალადობის გამო, რასაც რამდენიმე მათგანის თვალის დაკარგვა მოჰყვა, არავინ დაუსჯიათ. მეტიც, ხელისუფლებამ ამ მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ სამომავლოდაც არავინ დაისჯება.

ფოტო: მარიამ ნიკურაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი