ახალი ამბები

ბახტაძის არაერთგვაროვანი პასუხი გახარიას გადადგომაზე

26 ივნისი, 2019 • 1950
ბახტაძის არაერთგვაროვანი პასუხი გახარიას გადადგომაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პირდაპირ არ პასუხობს კითხვას შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით.

25 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა მას პირდაპირ ჰკითხა, განიხილავს თუ არა მისი გუნდი გახარიას გადადგომას. პასუხი პრემიერ-მინისტრმა პუნქტებად ჩამოაყალიბა:

“მე მსურს ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს:

  1. 20 ივნისს, დილით, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს გახლდათ სრულიად მიუღებელი და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების სამართლიანი პროტესტი. ჩვენ ვუერთდებით ამ შეფასებას;

  2. [იმავე] საღამოს ჩვენ ვიხილეთ ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი საქართველოს პარლამენტის წინ.

  3. სამწუხაროდ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ისე როგორც მას ჩვევია და მის ლიდერს, გამოიყენეს ეს გულწრფელი ემოციები თავისი პროვოკაციებისთვის და ესეც თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იხილა.

  4. რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება იმ პროვოკაციულ ქმედებებს, რომელსაც ჰქონდა ადგილი, და ამავე დროს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასებები იმ კითხვით ნიშნებს, რომელიც არსებობს ზოგიერთი სამართალდამცავის მხრიდან ძალიას ზედმეტ გამოყენებაზე.  ეს არის ის ჩარჩო – შეფასებები, რომელიც მე მაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით”.

ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა უბარიერო და პროპორციული წესით  საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გადადგეს გახარია – დემონსტრანტების მოთხოვნა 

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნაა ერთ-ერთი იმ მოთხოვნებიდან, რომლებიც თბილისში გამართული დემონსტრაციების მონაწილეებს თავდაპირველად ჰქონდათ. ფართომასშტაბიანი პროტესტი თბილისში 20 ივნისს, პარლამენტის შენობაში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან იმ ქვეყნის დეპუტატის მიმართვამ, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთერთობა არა აქვს ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის გამო, საზოგადოებაში მძაფრი პროტესტი გამოიწვია. საღამოს თბილისში, პარლამენტის შენობასთან  ათასობით ადამიანი შეიკრება. ისინი ითხოვდნენ:

[checklist]

  • პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას იმის გამო, რომ გავრილოვი პარლამენტში აღმოჩნდა

  • შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას იმის გამო, რომ გავრილოვი საქართველოში შემოვიდა /შემოსვლის უფლება მისცეს.

  • საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას.

[/checklist]

20 ივლისს პოლიციამ ძალით,  ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალა დემონსტრანტები. შედეგად,  დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი, რამდენიმე მოქალაქეს ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

დააკავეს 305 პირი. არსებობს ცნობები, რომ მათი ნაწილი სცემეს როგორც დაკავებამდე, ასევე დაკავების შემდეგ.

შედეგად:

[checklist]

  • გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

  • ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით;

[/checklist]

დემონსტრანტების განცხადებებიდან გაქრა გომელაურის გადადგომის მოთხოვნა, თუმცა უცვლელია მოთხოვნა გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. გავრილოვის შემოშვების გარდა დემონსტრანტები ახლა მას პასუხს აქციის დაშლის გამოც სთხოვენ.  წადი!!! – ასეთი შეტყობინებები დემონსტრანტებმა მინისტრს მობილურ ტელეფონზე გაუგზავნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი