ახალი ამბები

უბარიერო არჩევნების მიზანი — „ოპოზიციის დაქსაქსვა“

26 ივნისი, 2019 • 1718
უბარიერო არჩევნების მიზანი — „ოპოზიციის დაქსაქსვა“

რა მიზნით აპირებს „ქართულმა ოცნება“ 2020 წლისთვის პროპორციული არჩევნების უბარიერო სისტემის შემოღებას?

რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული მოვლენებისა და დემონსტრაციების შემდეგ მმართველმა გუნდმა არჩევნების შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემა დათმო: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა, რომ 2020 წელს არჩევნები უბარიერო პროპორციული სისტემით ჩატარდება.

უბარიერო პროპორციული არჩევნები — მხოლოდ ერთჯერადად

განცხადებიდან მეორე დღეს პარლამენტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ პროპორციული არჩევნებისთვის „ნულოვანი ბარიერი“ მხოლოდ ერთჯერადად იქნება გამოყენებული, 2020 წელს; მომდევნო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კი კვლავ 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება, როგორც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.

2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი ითხოვდა, თუმცა, არა 0%-იანი ბარიერით. ამის შესახებ სხვადასხვაგვარი მოსაზრება არსებობს პროპორციული სისტემის მომხრეებშიც. როგორ ხსნის ამ ნაბიჯს „ქართული ოცნება“?

25 ივნისს არჩილ თალაკვაძემ ნულოვანი ბარიერის შესახებ გადაწყვეტილება შემდეგი სიტყვებით ახსნა: „[ეს საჭიროა, რათა] ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი გაერთიანება თანაბარ პირობებში ჩადგეს და არ მოუწიოს ვინმესთან მიკედლება“.

მიზანი — „პარტიების დაქსაქსვა“

რა ხელს აძლევს ასეთი ნაბიჯი „ქართულ ოცნებას? თუ, მათი აზრით, უბარიერო სისტემა ოპტიმალურია, რატომ არ ტოვებს მმართველი გუნდი მას 2024 წლისთვისაც? პოლიტოლოგი გია ნოდია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამ ცვლილებას არათანმიმდევრულს უწოდებს და განმარტავს:

„2024 წლიდან ისედაც განსაზღვრული იყო პროპორციული არჩევნების 5%-იანი ბარიერით ჩატარება. ახლა „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ მოიფიქრა ერთჯერადად ნულოვანი ბარიერი, რომ, სავარაუდოდ, უახლოეს არჩევნებზე ფიქრობენ, არცთუ უსაფუძვლოდ,  რომ ასე უფრო აწყობთ“. რატომ აწყობს მმართველ გუნდს უბარიერო სისტემა? გია ნოდია ამბობს:

„იმიტომ, რომ მათ უნდათ, არსებული პოლიტიკური პარტიები როგორმე გათქვიფონ სხვა პარტიებში; თვლიან, რომ გაჩნდება პარტიები, რომლებიც მათი „სატელიტები“ იქნებიან, ან შეიძლება ფიქრობენ, ისეთ ცალკეულ პარლამენტარებს გაიყვანენ, რომლებიც ადვილად „გაიყიდებიან“ ფულზე და ეს აწყობთ. მათთვის უფრო მომგებიანია მოკლევადიან პერსპექტივაში“.

გია ნოდია

ნოდიას თანახმადვე, „ქართული ოცნების“ მოლოდინი, სავარაუდოდ, ის არის, რომ „ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანების ნაკლები მოტივი ექნებათ. საერთო ჯამშ,ი დაიქსაქსება პოლიტიკური სპექტრი და დაქსაქსულ პოლიტიკურ სპექტრში მათ მეტი შანსი აქვთ“:

„ალბათ, დარწმუნებული არიან, რომ 50%-ზე მეტს ვერ მიიღებენ და ვერც მიუახლოვდებიან 50%-ს, მაგრამ მათი პარტია იქნება ყველაზე დიდი თევზი და იქნება ბევრი ლიფსიტაც, რომლებსაც როგორმე მიიმხრობენ“.

არჩევანი

კიდევ ერთი პოლიტიკის მეცნიერი, გიორგი ცხადაია ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“, ბოლო დღეებში განვითარებული მოვნელების ფონზე, ასეთი არჩევანის წინაშე დადგა: „ან უნდა გააძლიეროს „მესამე ძალები“, ან ერთად ეომოს ამ მესამე ძალებისა და ნაციონალური მოძრაობის კოალიციას“.

“ფაქტია, პარტიამ არჩევანი პირველის სასარგებლოდ გააკეთა”, გვეუბნება გიორგი ცხადაია და ამ გადაწყვეტილების მიღმა ლოგიკას ასე ხედავს: „ალბათ, ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში გადარჩენის მეტი შანსი აქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის ნაცმოძრაობა ყველაზე რადიკალური ძალაა, მასთან სხვა ნაკლებად რადიკალური პარტიების მიკედლებამ „ოცნებისთვის“, შესაძლოა კატასტროფული შედეგი მოიტანოს“.

გიორგი ცხადაია © ტაბულა/გადაცემა ამაოების ბაზარი

პარტიებს, რომლებიც არჩევნებზე 5%-იან ბარიერს ვერ ლახავდნენ, თუმცა, 2016 წლის მონაცემებით, 0.66%-ზე მეტის აღებას ახერხებდნენ, ახლა შანსი უჩნდებათ, რეალური შედეგისთვის დამოუკიდებლად იყარონ კენჭი, რომელიმე უფრო დიდ პარტიასთან კოალიციაში ან ბლოკში ყოფნის გარეშე. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ შეკრან კოალიცია „ევროპულ საქართველოსთან“ ან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან:. მაშ, რა აზრი აქვს „ოცნების“ პერსპექტივიდან ამ ნაბიჯს?

გიორგი ცხადაია ასე ხედავს ამ საკითხს: „თითოეულ პარტიას დამოუკიდებელი ელექტორატი ეყოლება და „ნაციონალურ მოძრაობას“ მათთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს. ახლა ისე მიდიოდა საქმე, რომ მხოლოდ ერთი — „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი იზრდებოდა“.

„ყველა მინუს სააკაშვილი“

„ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე არ აღიარებს, რომ ენმ მათთვის ანგარიშგასაწევი ძალა ხდება. მაგალითად, 25 ივნისის საღამოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პირველ არხთან ინტერვიუში თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი „ორიენტირებულნი არიან დესტრუქციაზე, აგრესიასა და ძალადობაზე“, რაც, მისი თქმით, „ქართულმა საზოგადოებამ კარგად დაინახა“. 

მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და ბიძინა ივანიშვილი. ფოტო: AP

იმავე ინტერვიუში ბახტაძემ პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას „უპრეცედენტო იდეა“ უწოდა და თქვა: „ნულოვანი ბარიერი … საშუალებას მისცემს ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც არიან საქართველოს პარლამენტს გარეთ, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც აუცილებლად შეიქმნებიან… აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა, რომ პირადად მე ვიყავი ძალიან გახარებული, როდესაც დავინახე, მათ შორის ამ პროტესტების შედეგად, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ მონაწილეობდნენ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, ქვეყნის მართვის პროცესში და, რაც მთვარია, აიღონ ამაზე პასუხისმგებლობა“.

ბახტაძემ დასძინა, რომ ქართულ პოლიტიკას სჭირდება „ახალი სახეები, ახალი ენერგია და ახალი ხედვები“, თქვა, რომ ახლა მიმდინარე პროცესი „სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ლუსტრაციაა“, ხოლო „პოლიტიკურ სივრცეში მოცემულობა არის ძალიან მარტივი — ყველა მინუს სააკაშვილი“.

„ოცნების“ სტრატეგიის ცვლილება

როგორც გია ნოდია ნეტგაზეთს ეუბნება, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ ველში გამოჩენიდან დღემდე აწყობდა, რომ მოსახლეობისთვის არჩევანი ძირითადად ორ პოლიტიკურ ძალას შორის ყოფილიყო, რომელთა ცენტრებშიც ის და მიხეილ სააკაშვილი იქნებოდნენ, ხოლო სხვა, შედარებით მცირე ძალები ან ერთ ბანაკში ყოფილიყვნენ, ან მეორეში.

„ეს აქამდე აწყობდა, სანამ საარჩევნო სისტემა ისეთი  იყო, როგორიც იყო, როგორიც ჯერ კიდევ არის. ამ შემთხვევაში, მისთვის მომგებიანი იყო, რომ ოპოზიცია ყოფილიყო მხოლოდ „მიშა“. მაგრამ ახლა იძულებული გახდა, შეეცვალა ტაქტიკა თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო მიტინგებზე ვერ იტყვის, რომ „მიშასი“ იყო. ამას არავინ არ დაიჯერებს. მიხეილ სააკაშვილის გარდა სხვა ოპოზიციაც არსებობს. დადგა ეს რეალობა, რომლის უარყოფა უკვე პრინციპულად შეუძლებელია. ამიტომ ტაქტიკა შეცვალა და ამ სხვა ძალებს აძლიერებს“. საბოლოო ანგარიშში, გია ნოდია ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, არსებული ოპოზიცია დაქსაქსოს.

იმავე აზრზეა გიორგი ცხადაიაც: „ოცნებამ დაინახა, რომ ამჯერად „შუა“ მართლა იკრიფებოდა, ოღონდ „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების ხარჯზე. ცხადია, ასეთ დროს [ქართულ ოცნებაში] „შუის“ შენარჩუნება აწყობთ. იმის მიუხედავად, რომ ამ „შუამ“ ადრე თუ გვიან „ოცნებაც“ შეიძლება დაამარცხოს. ჯერჯერობით, მაგ საფრთხეს ვერ ხედავენ“.

ნახეთ ასევე:

როგორი იქნებოდა 2016-ის პარლამენტი უბარიერო პროპორციული სისტემით

მასალების გადაბეჭდვის წესი