2024 წლიდან ბარიერი კვლავ ძალაში იქნება – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ნულოვანი ბარიერი მხოლოდ ერთჯერადად იქნება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციით გათვალისიწნებული ბარიერის პირობებში ჩატარდება.

“გამოვთქვით მზაობა, რომ 2020 წელს გადმოიწიოს პროპორციულმა არჩევნებმა, ვინაიდან საზოგადოებრივ დაკვეთას ვასრულებთ და საზოგადოების მოთხოვნას აბსოლუტურად ვითვალისწინებთ. ამ შემთხვევაში ჩვენ დავთანხმდით კიდევ უფრო მეტს, ანუ ნულოვან ბარიერს იმისთვის, რომ  ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი გაერთიანება თანაბარ პირობებში ჩადგეს და არ მოუწიოს ვინმესთან მიკედლება. რაც შეეხება ბარიერს, საუკეთესო ევროპული პრაქტიკა არის ბარიერის ქონა 3-დან 5%-მდე. ეს კონსტიტუციაში უკვე წერია და, რა თქმა უნდა, 2024 წლიდან ძალაში იქნება ბარიერი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს კონსტიტუცის ძირითად ნაწილში, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში, განსაზღვრულია პროპორციული საარჩვენო სისტემა და 5%-იანი ბარიერი, ხოლო გარდამავალი დებულებებით, დარეგულირებულია, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით, პროპორციული მანდატები კი განაწილდება იმ პარტიებს შორის, რომელიც ხმების 3%-ს მიიღებს. ასევე, ერთჯერადად დაშვებულია ბლოკები. მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ პასუხობენ კითხვას, ნულოვანი ბარიერის პირობებშიც ძალაში რჩება თუ არა 2020 წლისთვის ბლოკების დაშვება.


პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” მზადყოფნა გამოთქვა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩაატაროს.

ამავე თემაზე:

2020-ში ჩატარდება პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით – ივანიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.