როგორი იქნებოდა 2016-ის პარლამენტი უბარიერო პროპორციული სისტემით

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით რომ ვიხელმძღვანელოთ და ისე გამოვთვალოთ, როგორი შემადგენლობა ექნებოდა პარლამენტს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, პარტიებისთვის 0%-იანი ბარიერით, ასეთ შედეგს მივიღებდით:

„ქართულ ოცნებას“ 41-ით ნაკლები მანდატი ექნებოდა პარლამენტში, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და პატრიოტთა ალიანსს — 14-ით და 1-ით მეტი; ამასთან, სხვა პარტიებიც შეიყვანდნენ დეპუტატებს. უფრო ზუსტად, პარლამენტში მანდატების გადანაწილება ასეთი იქნებოდა:

  1. ქართული ოცნება — 74
  2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — 41
  3. პატრიოტთა ალიანსი — 8
  4. თავისუფალი დემოკრატები — 7
  5. პაატა ბურჭულაძის პარტია — 6
  6. ნინო ბურჯანაძის პარტია — 6
  7. შალვა ნათელაშვილის „ლეიბორისტები“ — 4
  8. რესპუბლიკური პარტია — 2
  9. გოგი თოფაძის „მრეწველები“ — 1
  10. კახა შარტავას „ეროვნული ფორუმი“ — 1

ეს მონაცემები 2016 წლის რეალურ მონაცემებს შეგიძლიათ ნეტგაზეთის ინფოგრაფიკაზე შეადაროთ:

[შენიშნვა: 2017 წლის დასაწყისში ენმ-ს გამოეყო დეპუტატების უმრავლესობა და „ევროპული საქართველოს“ სახელით გააგრძელა პარლამენტში საქმიანობა. ნეტგაზეთს ზემოთ მოცემული რიცხვები გამოანგარიშებული აქვს 2016 წლის არჩევნებზე მიღებული ხმების რაოდენობით, სადაც ეს ორი ახლანდელი პარტია ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა].

როგორ არის 2016 წლის სიმულაციის ეს რიცხვები გამოანგარიშებული?

საქართველოს პარლამენტში 150 ადგილია. ცესკოს მონაცემებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში [პროპორციულ ნაწილში] სულ მიღებულია 1,759,632 ხმა.

საერთო ჯამში, მიღებული ხმების რაოდენობისა (1,7 მლნ) და პარლამენტის ადგილების (150) შეფარდებით გამოვითვლით კვოტას — ანუ ხმათა იმ რაოდენობას, რომლის მიღების შემთხვევაში პროპორციული სიიდან სულ მცირე ერთი დეპუტატი აუცილებლად შევა პარლამენტში. კვოტა გამოდის 11,730 ხმა.

ამის შემდეგ პროპორციული სიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა სათითაოდ იყოფა კვოტაზე. მიღებული მთელი რიცხვი არის ამა თუ იმ სიის მიერ პარლამენტში შეყვანილი დეპუტატების რაოდენობა.

ამ გაანგარიშებების შემდეგ 6 გაუნაწილებელი მანდატი გვრჩება. ამ შემთხვევაში ნეტგაზეთმა გამოიყენა ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული წესი: გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. ეს ექვსი პარტია იქნებოდა „ქართული ოცნება“, ენმ, პატრიოტთა ალიანსი, თავისუფალი დემოკრატები, პაატა ბურჭულაძისა და ნინო ბურჯანაძის პარტიები.

თუმცა  „ქართულ ოცნებას“ ჯერჯერობით არ დაუზუსტებია, როგორ წარმოუდგენიათ მანდატების გადანაწილება და გამოიყენებენ თუ არა რომელიმე სხვა ფორმულას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com