ახალი ამბები

რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართული ღვინის ხარისხის კონტროლს აძლიერებს

24 ივნისი, 2019 •
რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართული ღვინის ხარისხის კონტროლს აძლიერებს

რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხედველი უწყება (როსპოტრებნადზორი) აცხადებს, რომ საქართველოდან რუსეთში შეტანილი ღვინისა და სხვა ალკჰოლური სასმელების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება, რის გამოც აძლიერებს კონტროლს ქართულ პროდუქციაზე.

ეს განცხადება მარეგულირებელმა დღეს, 24 ივნისს გაავრცელა. აღნიშნულს წინ უძღოდა რუსეთის დუმის დეპუტატების მოწოდება ქართული პროდუქციის ბოიკოტირების შესახებ, ასევე, საქართველოს მიმართულებით ავიარეისების აკრძალვა 8 ივლისიდან.

როგორც როსპოტრებნადზორი აცხადებს, 2014 წლიდან 2018 წლამდე 208 ათასი ლიტრი ქართული ღვინო არ შეესაბამებოდა დადგენილ რუსულ სტანდარტს, რის გამოც არ შეუშვეს ქვეყანაში.

“როსპოტრებნადზორის ლაბორატორიებში 2017 წელს დაინერგა კონტროლის მაღალტექნოლოგიური მეთოდები, რაც იძლევა წარმოების ტექნოლოგიის დარღვევის გამოვლენის შესაძლებლობას”, – აცხადებს რუსეთის მარეგულირებელი და დასძენს:

“როსპოტრებნადზორმა გააძლიერა იმ ქართული ალკოჰოლური სასმელების ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი, რომელიც შედის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაცია ხარისხის კონტროლს ქართული პროდუქციის შეზღუდვის საბაბად იყენებს.

2019 წლის აპრილის მონაცემებით, რუსეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ლიდერია. ხუთეული ასე გამოიყურება:

  • რუსეთი (13 279 083 ბოთლი);
  • უკრაინა (1 419 222);
  • ჩინეთი (1 372 839);
  • პოლონეთი (1 032 400);
  • ყაზახეთი (560 460).

რუსეთი ქართული კომპანიებისთვის ფრენის აკრძალვის საბაბად 11 წლის წინანდელ ვალს ასახელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი