ახალი ამბები

რუსეთი ქართული კომპანიებისთვის ფრენის აკრძალვის საბაბად 11 წლის წინანდელ ვალს ასახელებს

22 ივნისი, 2019 • 1786
რუსეთი ქართული კომპანიებისთვის ფრენის აკრძალვის საბაბად 11 წლის წინანდელ ვალს ასახელებს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ქართული ავიაკომპანიებისთვის 8 ივლისიდან რუსეთის მიმართულებით ფრენების აკრძალვის ერთ-ერთ მთავარ საბაბად დაასახელა ქართული მხარის დავალიანება – 800 ათასი აშშ დოლარი და 600 ათასი რუბლი. მათი თქმით, ქართულ ავიაკომპანიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ რუსეთის მიმართულებით გადაადგილების საშუალებას, თუ ისინი ე.წ. ვალს სრულად გადაიხდიან და ასევე, რუსეთის საავიაციო ადინისტრაციას მიაწვდიან ავიაუსაფრთხოების პროგრამას და გააცნობენ აუდიტის შედეგებს.

რუსული მხარის განცხადებით, დავალიანება საქართველომ ჯერ კიდევ 2008 წელს აღიარა.

რუსეთის მიმართულებით მხოლოდ ორი ქართული ავიაკომპანია ასრულებდა რეისებს – Georgian Airways და MyWay Airlines.

Georgian Airways აცხადებს, რომ რუსეთის მოთხოვნა უსაფუძვლოა და მათ არანაირი დავალიანება არ აქვთ.

როგორც Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ამბობს, წლების წინ რუსეთის მიმართ მართლაც არსებობდა გარკვეული დავალიანება, თუმცა ეს დავალიანება იყო უკვე გაკოტრებული ავიაკომპანიების მიერ დაგროვილი ვალი, დაახლოებით, 3 მლნ აშშ დოლარი.

“იმ წლებში ხელისუფლებამ გვითხრა, რომ თუ ჩვენ ამ დავალიანებას ნაწილს დავფარავდით, Georgian Airways იქნებოდა ერთადერთი ქართული ავიაკომპანია, რომელსაც რუსეთის მიმართულებით ფრენას შეძლებდა. მაშინ ჩვენმა კომპანიამ 2 მლნ დოლარი გადაიხადა”, – ამბობს თამაზ გაიაშვილი.


რა მოხდა

საქართველოში 20 ივნისს დაიწყო ანტიპუტინური აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

ავიარეისების გაუქმების გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ. მისი თქმით, “პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება.” “პუტინმა აკრძალა ავიარეისები საქართველოსთან. ახლა ძალიან ბევრ რუსს არ შეუძლია წავიდეს იქ იაფად და ხარისხიანად დასასვენებლად. კითხვა: რატომ გადაწყვიტა პუტინმა რუსების დასჯა ქართველების პროტესტისთვის?”, – წერს ნავალნი ტვიტერზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი