ახალი ამბები

საქართველო-რუსეთის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ მოლაპარაკებებს ჩაშლა ემუქრება – გავრილოვი

20 ივნისი, 2019 • 1197
საქართველო-რუსეთის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ მოლაპარაკებებს ჩაშლა ემუქრება – გავრილოვი

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ დღეს, 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობა “რადიკალებმა დაიკავეს”, რის გამოც შეწყდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. რუსეთის დუმის დეპუტატის თქმით, არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ საკითხებზე მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის საფრთხე. ამის შესახებ მან სასტუმრო “რადისონის” ტერასაზე, რუსთავი 2-თან ინტერვიუში ისაუბრა. ჯერჯერობით უცნობია, რა მოლაპარაკებებს გულისხმობს რუსეთის დუმის დეპუტატი.

სასტუმროსთან შეკრებილები არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ. მათ სასტუმროს კედლებს კვერცხები დაუშინეს.

სასტუმრო “რადისონს” კვერცხები დაუშინეს. 20 ივნისი, 2019. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია დღეს სწორედ სერგეი გავრილოვმა გახსნა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო მოკალათებული. აღნიშნულის შემდეგ, შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.

როგორც რუსული სახელმწიფო მედიასაშალება “რია ნოვოსტი” წერს, გავრილოვმა თქვა, რომ მისი საქართველოში ვიზიტამდე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ის მონაწილეობდა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში. გავრილოვი აღნიშნულს უარყოფს.

“დელეგაციის მონაწილეები ახლა აპირებენ განიხილონ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია”, – თქვა გავრილოვმა.

გავრილოვი სხვა ქვეყნის დეპუტატებთან ერთად თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. რუსულ დელეგაციას სწორედ ის ხელმძღვანელობს. ღონისძიება ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) 19 ივნისს გაიხსნა და მასში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო. 20 ივნისს კი ღონისძიება საქართველოს პარლამენტის შენობაში გავრილოვმა გახსნა.

“ევროპული საქართველო”, ისევე როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ბოიკოტს უცხადებენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი