ახალი ამბები

ასეთი დაუცველობის შეგრძნება ლგბტქი თემს არ ჰქონია 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ – WISG

19 ივნისი, 2019 • 1190
ასეთი დაუცველობის შეგრძნება ლგბტქი თემს არ ჰქონია 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ – WISG

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG) აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების მიმართ უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში საჯაროდ წახალისებული ძალადობა უპრეცედენტო საფრთხეს უქმნის მათ.

“გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ამ მასშტაბის დაძაბულობა და დაუცველობის შეგრძნება თემს არ ჰქონია 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ. თბილისში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარებამდე დარჩენილია რამდენიმე დღე და ამ პერიოდის განმავლობაში არსებობს სიტუაციის დამძიმების მაღალი რისკი”, – აცხადებს WISG.

ორგანიზაცია მოუწოდებს მედიას, არ შეუწყონ ხელი სიძულვილის ენის ტირაჟირებასა და ლგბტქი ადამიანების მეტ სტიგმატიზაციას. ისინი ასევე მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს,  დაუყოვნებლივ აღკვეთოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები თუ ინციდენტები, მათ შორის ამგვარი დანაშაულის მუქარა.

WISG აცხადებს, რომ მუშაობს საგანგებო რეჟიმში და თემის წევრებს სთავაზობს იურიდულ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას. მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ცხელი ხაზის ნომერზე: 595 19 03 03.

მასალების გადაბეჭდვის წესი