ახალი ამბები

WISG სამართლებრივ კონსულტაციას სთავაზობს 2013-ის 17 მაისის აქციის მონაწილეებს

22 ივლისი, 2022 • 807
WISG სამართლებრივ კონსულტაციას სთავაზობს 2013-ის 17 მაისის აქციის მონაწილეებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) სამართლებრივ კონსულტაციას სთავაზობს ყველას, ვინც 2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევაში მოყვა.

2013 წლის 17 მაისს სასულიერო პირთა ორგანიზებულმა ათასობით ადამიანმა ძალადობრივად დაარბია ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნად თბილისის ცენტრში შეკრებილი რამდენიმე ათეული აქტივისტი. აგრესიულად განწყობილმა ადამიანებმა მაშინ დალეწეს რამდენიმე ავტობუსი და მიკროავტობუსი, რომლითაც აქტივისტები და ლგბტ+ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) თემის მხარდამჭერები ტერიტორიიდან გასვლას ცდილობდნენ.

ამ ძალადობრივ აქციასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის გაგზავნის შემდეგ ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს 37 პირის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფომ არ დაიცვა მშვიდობიანი დემონსტრანტები, არ აღკვეთა მათ მიმართ ძალადობა და შემდგომში სათანადოდ არ გამოიძია მანიფესტანტების მიმართ ჩადენილი ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები.

თუმცა, როგორც გაირკვა, ამ 37 პირს შორის არ ყოფილა არაერთი აქტივისტი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა 17 მაისის აქციაში.

„რამდენადაც მანიფესტაციის დროს დაზარალებულთა ნაწილი ევროპულ სასამართლოში წარმართული პროცესის მიღმა დარჩა, მათ ამ ეტაპზე სამართლებრივი სტატუსი  არ გააჩნიათ.

ვითვალისწინებთ რა, რომ ზოგიერთ მათგანს ამ პროცესში ჩართვის სურვილი შეიძლება ჰქონდეს, ყველა ადამიანს, ვინც 2013 წლის 17 მაისის მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობდა, რაიმე ფორმით დაზარალდა და სურვილს გამოთქვამს, დეტალურად მიიღოს ინფორმაცია, რომელიც დაზარალებულად ცნობას და სამართალდამცავ სისტემასთან თანამშრომლობას უკავშირდება, სამართლებრივ კონსულტაციას ვთავაზობთ“, — აცხადებს WISG.

ორგანიზაცია ამ ადამიანებს სთხოვს, შეავსონ ფორმა 2022 წლის 10 სექტემბრამდე, ორგანიზაციას დაუტოვონ საკონტაქტო ინფორმაცია, რათა შემდგომ იურისტი დაუკავშირდეთ.

მთავარ ფოტოზე: ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ახტება მიკროავტობუსს, რომლითაც ლგბტ აქტივისტები ცდილობენ ტერიტორიის დატოვებას. 17 მაისი, 2013 / გიორგი გოგუა

მასალების გადაბეჭდვის წესი